გიორგი სურმავა 60 წლისაა

16.05.18
მორაგბე, ფიზიკოსი, გენერალი
 
ვეტერან მორაგბე გიორგი სურმავას 60 წელი შეუსრულდა. საქართველოს რაგბის კავშირი იუბილარს ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!
  
გენერალ გიორგი სურმავას ცხოვრება და კარიერა სამაგალითოა. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მრჩევლის ფუნქცია აკისრია.
 
მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში დაბადებული გიორგის სპორტთან დაახლოებას საფუძველი მამის, გიგლა სურმავას მოღვაწეობამ ჩაუყარა. უფროსი სურმავა ერთი ხანობა მარტვილის სპორტკომიტეტსაც ედგა სათავეში და ქართული სპორტის ლეგენდების – მურთაზ ხურცილავასა და რომან რურუას – სპორტსმენებად ჩამოყალიბებაშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის.
 
სურმავების ოჯახის თავკაცმა წოდების მოპოვება სპორტის რამდენიმე სახეობაში მოახერხა. განსაკუთრებულ წარმატებას კრივში მიაღწია – ოსტატობის კანდიდატი გახდა. გიორგისაც თავიდან თვალი რინგისკენ ეჭირა, მაგრამ მაშინდელი ბავშვების უმრავლესობის მსგავსად, ფეხბურთის სიყვარულმა გადასძალა, დიდ სპორტში კი გვიან – 20 წლისა ჩაება.
 
მომავალი გენერლის სწავლა-განათლებაზე ზრუნვა ბებიამ ითავა. „ვორონცოველი“ ქალბატონის ხელშეწყობით, გიორგი კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის "გაძლიერებული სწავლების" სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე შევიდა. რეგბში – მაშინ ასე ერქვა – დიდი ტრადიციის მქონე თსუ-ში, თაობათა ცვლის გამო, იმხანად – 1978 წელს – ახალ გუნდს ქმნიდნენ ახალივე მწვრთნელები – იუზა ნაცვლიშვილი და ზურაბ ლოსაბერიძე.
 
მათ სხარტი და ჩაუქი ფიზიკოსის საბურთაო ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.  გიორგიმ თამაში თანაკურსელების – მამუკა ერიქაშვილის, არსენ ყარაულაშვილის, თემურ ბოჭვირის, თამაზ ჭკუასელისა და ორი კურსით უფროსი გიორგი კობახიძის მხარდამხარ დაიწყო.  იმავე წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის მწვრთნელად "ლოკომოტივის" კოლორიტი, გურამ „ბურძგლა“ მოდებაძე დაინიშნა და გუნდი წარმატებების აღმართს ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგა.
 
10 ნომრობა ერჩია
 
სურმავას დებიუტი 1979 წლის 8 მარტს, საქართველოს თასზე, თბილისის „სპარტაკთან“ შედგა. ეს ჯილდო "უნივერსიტეტმა" 1981 წელს მოიგო, ჩემპიონი კი მანამდე, 1980 წლის ოქტომბერში, ჭიათურაში გახდა. გუნდი ორჯერ გავიდა რესპუბლიკის პირველობის ფინალშიც – 1981 და 1982 წლებში, საბჭოეთის თასზე კი ერევანს ეთამაშა.  
 
1980 წლის გაზაფხულზევე – იმხანად გავრცელებული სქემით – თსუ-მ კადრები შეაშველა ერთობ გაახალგაზრდავებულ „ლოკომოტივს“ და საკადრისი წვლილი შეიტანა თემურ ბენდიაშვილის გუნდის მიერ ლვოვში, 23-წლამდელთა საკავშირო პირველობის მოგებაში. 
 
"ჟორა" – როგორც მეგობრები და გუნდელები სიყვარულით უწოდებენ – უკანა ხაზში უკლებლივ ყველა პოზიციაზე წარმატებით თამაშობდა, მაგრამ როგორც ახლა გაგვიმხილა, 10 ნომრობა თურმე ყველაზე მეტად ხიბლავდა. კარიერის მანძილზე გიორგის ბევრ ცნობილ მწვრთნელთან მოუხდა მუშაობა (თემურ ბენდიაშვილი; დავით კილასონია; თამაზ მგელაძე; გივი ავლასტიმოვი; მერაბ აბდუშელიშვილი)
 
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სურმავა მუშაობას კიბერნეტიკის ინსტიტუტის ნახევარ-გამტარების ლაბორატორიაში იწყებს, თამაშს კი – რამაზ სანებლიძის მიწვევით – საკავშირო პირველობის პირველი ლიგის კლუბში, „შევარდენში“ განაგრძობს.
 
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში შექმნილმა და დაბინავებულმა ამ გუნდმა 1981 წელს, ტაშკენტში, 23-წლამდელთა პირველობა მოიგო, 1986 წელს კი "გადასასვლელში" ლოკომოტივსაც გაუსწრო და უმაღლეს ლიგაში ამოვიდა.  მეტიც, წინა სეზონში (1985) შევარდენმა თვით ქუთაისის "მშენებელი" გამოთიშა საკავშირო თასს და ნახევარფინალშიღა გავარდა.
უნივერსიტეტის დღე
 
გიორგის უნივერსიტეტი არასოდეს მიუტოვებია – შევარდენში თამაშის დროსაც მხარში ედგა მერაბ ჟღენტს, 1989 წლიდან კი მშობლიურ გუნდს მოთამაშე-მწვრთნელად დაუბრუნდა. 1983 წელს თსუ-მ საქართველოს უნივერსიადა მოიგო, დამოუკიდებლობის პირველ წლებში კი სურმავა, სპორტულ შედეგებზე მეტად, გუნდის შენარჩუნებაზე ზრუნავდა.
 
სწორედ მისი ინიციატივით 15 მარტი "უნივერსიტეტის რაგბის გუნდის" დღედ გამოცხადდა – ბარემ მეოთხედი საუკუნეზეა, თსუ-ს ბებრები ამჟამინდელ გუნდს ერკინებიან მოედანზეცა და თამაშის მომდევნო „მესამე ტაიმშიც"
 
ავბედოდამ ჩვენი გიორგი ოვალს ორი ათეული წლით ჩამოაშორა. 1993 წელს, აფხაზეთის ომში, სურმავა ცნობილი მორაგბეების: ბიძინა და თორნიკე გეგიძეების; ლაშა გეგენავას; ზაზა ლეჟავას; შავლეგ ჯანელიძის; ბაჩი გოგუაძის; ირაკლი გვენეტაძისა და ზურა ალანიას მხარდამხარ, ტერიტორიულ მთლიანობას იარაღით ხელში იცავდა. 
 
ასე დაიწყო გიორგი სურმავას შთამბეჭდავი სამხედრო კარიერა: თადარიგის უფროსი ლეიტენანტობიდან – ბრიგადის გენერლობამდე! 
 
1993-2008 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ომის მონაწილე გიორგი სურმავამ 2001 წელს წარმატებით დაამთავრა უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია, 2016 წელს კი – ნატოს ეგიდით, თურქეთის სამხედრო კოლეჯიც.
 
გიორგი 2012 წლამდე დაზვერვის სამსახურში მუშაობდა, რის შემდგომ სამხედრო კარიერა თავდაცვის სამინისტროში გააგრძელა და გენ-შტაბის უფროსის მოადგილეობას მიაღწია.  თადარიგის გენერალი სურმავა ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მთავარი მრჩეველია.
 
 
ლელოსა და შვიდკაცის ქომაგი
 
სამინისტროში მუშაობისას გიორგიმ ჯარში რაგბისა და ლელოს დანერგვაში დიდი წვლილი შეიტანა. სპორტის ამ სახეობებში თავდაცვის სამინისტროს შიდა პირველობებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ქართული რაგბის განვითარებისთვის სურმავა 7-კაცას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ლელოს მიმდევრებში კი მომავალ „ბორჯღალოსნებს“ ხედავს.
 
2013 წლიდან სურმავა, თავის შევარდენელ მეგობართან – იმხანად გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად – "სპორტული ლელოს" აღორძინებას მხარში ამოუდგა და აქამდეც "საქართველოს ლელოს ფედერაციის" პირველი ვიცე-პრეზიდენტია.
 
გიორგი, პრეზიდენტ კაპანაძესთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობს, რათა უხნესი ქართული თამაში – მისი უნიკალურობის, როლისა და მასშტაბის გათვალისწინებით – იუნესკო-ს არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდეს.
 
გიორგი სურმავა გვიან დაოჯახდა, თუმცა ბედს არ ემდურის. იტალიელი მეუღლე ფლავია ტიენგო ქართულ გარემოსა და სამზარეულოს იოლად შეეწყო. აპენინელი ქალბატონი ქმარს როგორც იტალიური, ასევე ქართული კერძებით ანებივრებს და თან მისი მთავარი მრჩეველიც გახლავთ.
 
გენერალი სურმავა საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად შეჰყურებს. ძველ მორაგბეს მომავალი თაობისა ეიმედება. იგი ახალგაზრდებს ძალთა მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მუყაითობას ურჩევს.  სურმავას აზრით, დიდი შრომის გარეშე სერიოზული მიზნებისა და წარმატების მიღწევა შეუძლებელია.