სკოლის მოსწავლეები ‘შევარდენზე’

02.05.18

 

რაგბის ფასეულობებისა და ძალადობის წინააღმდეგ სასაუბროდ 1 მაისს თბილისის 177-ე სკოლის IX-XI კლასის 40 მოსწავლე ‘შეარდენს’ ეწვია და ვეტერან, მოქმედ და უმცროს ბორჯღალოსნებთან შეხვედრა გამართა.

 

ბავშვებს ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა ნონო ანდღულაძემ და  რაგბის კავშირის ოპერაციულმა დირექტორმა ლექსო გუგავამ უმასპინძლეს. სანაკრებო ბაზის დათვალიერების შემდეგ მათ მოსწავლეები ბორჯღალოსნების შეკრებების ოთახში მიიწვიეს და რაგბის ღირებულებებზე ესაუბრნენ. გუგავამ და ანდღულაძემ ბავშვებს კითხვა-პასუხის რეჟიმში, პირად მაგალითებზე ესაუბრნენ იმ ფასეულობებზე, რასაც რაგბი მოზარდს უყალიბებს.

 

 

მეორე ნაწილი რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივ პროექტს - „არა ძალადობას“ დაეთმო. ანდღულაძემ და გუგავამ ძალადობის ფორმებზე და მისგან გამოწვეულ მავნებლობაზე ისაუბრეს. მათ ბავშვებს აუხსნეს, თუ როგორ უნდა აირიდონ მსგავსი დანაშაული.

 

„177- სკოლა დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ მათთან მივსულიყავით რაგბის ფასეულობაზე, ასევ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვესაუბრა. ჩვენ ვარჩიეთ, რომ ბავშვებისთვის ‘შევარდენის’ ბაზაზე გვემასპინძლა, რათა თავისი თვალით ეხილათ სად და რა პირობებში ცხოვრობენ და ემზადებიან ბორჯღალოსნები.

 

 

„მათ გავაცანით რაგბის ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც ამ თამაშის წარმატების საწინდარია. ვისაუბრეთ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაზე და ავუხსენით რატომაა ეს მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალადობა ხშირია და ყველას მოვუწოდებთ - გვიყვარდეს ერთმანეთი, ისე, როგორც ოჯახის წევრები“ - განაცხადა ანდღულაძემ.  

 

მსგავსი შეხვედრისა და თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა გუგავამ:

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართოს და გავაცნოთ ის ღირებულებები, რითი სპორტის ეს სპეციფიური სახეობა ცოცხლობს. ვისაუბრეთ ქცევის წესების იმ დაუწერელ კიდექსზე, რაც ქართველ, ინგლისელ და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მორაგბეს აერთიანებს“.

 

 

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის, ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი არჩილ ჯანიბეგაშვილი ამბობს, რომ შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა:

 

„მსგავსი შეხვედრები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება და ბავშვებმა დიდი გამოცდილების მქონე, წარმატებული სპორტსმენებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. მათ დაინახეს ის ღირებულებები, რამაც შესაძლოა მოზარდის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში უდიდესი გავლენა იქონიოს. შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა. ბავშვებს და ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა საინფორმაციო შეხვედრა, თუმცა იყო ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ შეხვედრა“.

 

 

კმაყოფილი დარჩა 177-ე საჯარო სკოლის დირექტორი გელა ოდიშელიძეც:

 

„ჩვენი და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინიციატივით, საშუალო ასაკის მოზარდები რაგბის საწვრთნელ ბაზაზე მოვიყვანეთ, სადაც შეხვდნენ ეროვნული და 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს, დაესწრნენ მათ ვარჯიშებს. ვისაუბრეთ გუნდური შეჭიდულობისა და რაგბის ფასეულობების შესახებ, რომელიც ცხოვრების არსებითი ნაწილია. მოზარდებმა გაიგეს, თუ რა ღირებულებების და პრინციპების დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება მოგვცა“.