ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია - დავით ქუბრიაშვილი

03.05.18

 

‘მონპელიეს’ ბორჯღალოსანი ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს ორი თვის წინ დაუბრუნდა, ბოლო ორ ტურში სასტარტო შემადგენლობაში იდგა და ტოპ 14-ის ლიდერ გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარება.

 

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მისმა გუნდმა პირველი ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ‘მონპელიე’ საჩემპიონო ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება და სანუკვარ ჯილდომდე მხოლოდ ორი ნაბიჯი დარჩება.

 

მაგრამ ქუბრიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ორი ნაბიჯის გადადგმა რთული იქნება:

 

 

„ბოლო წლებში ‘მონპელიე’ გაიზარდა და საფლეიოფო ექვსეულში რეგულარულად ხვდება, წელს კი ისე მოხდა, რომ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დავასრულებთ. ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩავერთვებით და გვაქვს იმედი, რომ ფინალშიც გავალთ. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება. ფლეი ოფში ჩვენს გარდა კიდევ ხუთი გუნდია, რომელთაც იგივე სურვილი და მოტივაცია ამოძრავებთ“.

 

„ფლეი ოფები ფაქტიურად ცალკე ჩემპიონატია. ძნელი და რთულია მთელი წლის განმავლობაში საუკეთესოებს შორის იყო და რეგულარული გათამაშება სასურველ პოზიციაზე დაასრულო, მაგრამ ბოლო 2-3 თამაშს სპეციალური მომზადება ჭირდება. აქ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გაქვს, რადგან გამოსასწორებლად დრო აღარ გრჩება. ამის ნათელი მაგალითი ‘კლერმონია’, რომელიც თითქმის ყველა სეზონს პირველ-მეორე ადგილზე ასრულებდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩემპიონობას ვერ ახერხებდა. ფლეი ოფში წარმატებულ თამაშს დიდი გამოცდილება და ფსიქოლოგიური მომზადება ჭირდება, რითაც ‘მონპელიე’ ვერ დაიკვეხნის. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ნახევარფინალის მოგება შეგვიძლია და ახლა სწორედ ამ კონკრეტულ შეხვედრაზე ვფიქრობთ და არა ფინალზე“.

 

„ფლეი ოფში შემთხვევით ვერავინ ხვდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ‘ტულუზა’ დიდი გამოცდილების მქონე, ძალიან კარგი გუნდია და იცის ამ ეტაპზე როგორ უნდა ითამაშოს. ასევე არიან ‘ტულონი’ და ‘რასინგი’. გაგვიმართლა ექვსეულში ‘კლერმონი’ რომ ვერ მოხვდა. სახიფათო გუნდია ‘კასტრი’, რომელმაც ერთხელ ფლეი ოფი ბოლო, მეექვსე ადგილიდან დაიწყო და ჩემპიონი გახდა. ერთადერთი ‘ლიონია’, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს და ნაკლებად სახიფათო ჩანს, თუმცა სიურპრიზს არც მისგან გამოვრიცხავ“.

 

3 წელი ტრავმებში

 

ქუბრიაშვილის პირველი ფრანგული გუნდი ‘მონპელიე’ იყო, სადაც 2007/2008 წლების სეზონში, პირველი გუნდის შემადგენლობაში ორი თამაში ჩაატარა. მომდევნო ხუთი სეზონი დუდუმ ‘ტულონში’ გაატარა, გუნდის ლიდერად პირველივე სეზონში იქცა და სეზონის განმავლობაში 25-30-მდე თამაშს ატარებდა. წარმატებული იყო მომდევნო ორი სეზონი ‘სტად ფრანსეში’, 2015 წლიდან კი, ქართველი ბურჯი ‘მონპელიეს’ დაუბრუნდა და პრობლემებიც დაიწყო.

 

 

ეს პრობლემები ტრავმებით იყო გამოწვეული, რის გამოც ქუბრიაშვილს ამ სამი წლის განმავლობაში დიდი დრო გაუცდა და 2015 წლის მსოფლიო თასიც გამოტოვა:  

 

„ორი წლის განმავლობაში მენისკი მაწუხებდა და 2015 წლის მსოფლიო თასის წინ ოპერაცია გავიკეთე, დაზიანებული მენისკი ამოვიჭერი, რათა ტურნირის მსვლელობისას პრობლემა არ შემქმნოდა. კარგად ვიყავი და თამაშებისთვის ვემზადებოდი, მაგრამ ბოლო მოსამზადებელ მატჩზე, დარჩენილი მენისკიც გაწყდა. სამწუხაროდ, აღარც ნემსმა მიშველა და მალევე მენისკის სრულად ამოჭრა მომიწია.

 

მერე ფეხზე წვივის უკანა კუნთი გამეხა და დაბრუნებიდან ძალიან მალე, იგივე კუნთი გავიხიე, ხოლო შემდეგ ჯერზე მეორე ფეხის წვივის უკანა კუნთზეც იგივე დამემართა. საერთო ჯამში, პატარ-პატარა დაბრუნებებს თუ არ ჩავთლით, წვივის კუნთების გამო წელიწადზე მეტი გამიცდა“.

 

ხშირი ტრავმები დუდუ ქუბრიაშვილის სპორტულ კარიერაზე ცუდად აისახა, ‘მონპელიე’ მასთან კონტრაქტს აღარ აგრძელებს და ბორჯღალოსანი ახალი გუნდის ძიებაშია:

 

„მომავალი სეზონისთვის განახლებული გუნდის შენება დაახლოებით ერთი წლით, 6 თვით ადრე იწყება. დიახ, მნიშვნელოვან პერიოდში დავბრუნდი, თანაც ისეთი პოზიციის მოთამაშე ვარ, სადაც დიდი რესურსის ქონა მნიშვნელოვანია და იმედია ‘მონპელიეს’ ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარები, თუმცა მომავალი სეზონიდან აქ აღარ დავრჩები და ახლა გუნდის ძიებაში ვარ.

 

ასეთი ხანგრძლივი პერიოდით პირველად ვიყავი ტრავმირებული და ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა, მიხვდება რასაც განვიცდიდი, მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია და არც ახლა ვაპირებ. მე მესმის კლუბის ხელმძღანელობის, მათ მომავალი სეზონისთვის გუნდის შენება მაშინ დაიწყეს, როდესაც ტრავმირებული ვიყავი და ახლა რაც არ უნდა გავაკეთო აღარაფერი შეიცვლება. აქ ბევრი ნიუანსია გასათალისწინებელი, მათ შორის შეზღუდვა ლეგიონერებზე. ამიტომ, ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი დარჩენილ მატჩებში ‘მონპელიეს’ მაქსიმალური დახმარებაა, მერე კი ახალი გუნდი უნდა მოვძებნო“.

 

დუდუ ბორჯღალოსნებშიც ბრუნდება

 

 

ტრავმების გამო ქუბრიაშვილს ბორჯღალოსნების მაისურით წელიწადნახევარია აღარ უთამაშია. მან ნაკრების კვართი ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიასთან მოირგო და გუნდს ივნისის ტესტებზე დაუბრუნდება:

 

„ნაკრებში შარშან ნოემბერში უნდა მეთამაშა, მაგრამ გამომგზავრების წინა დღეს, ‘მონპელიეში’ თამაშისას წვივის უკანა კუნთი გამეხა და დაბრუნება გადაიდო. ივნისის ტესტებისთვის გაფართოებულ სიაში ვარ. ახლა მთავარია ჯანმრთელად ვიყო და ნაკრებში აუცილებლად ვითამაშებ, რადგან ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია“.

 

ფიჯიზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნები 31 მაისს თბილისში ‘ფრანგ ბარბაროსებს’ მასპინძლობენ:

 

„ძალიან კარგი თამაში იქნება. დამიჯერეთ, პრო დე2-ის კლუბებს საკმაოდ კარგი მოთამაშეები ყავთ და არც ჩემპიონატია დაბალი დონის, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს. ჩვენთვის ეს თამაში ძალიან ბევრის მომცემი იქნება. ნაკრებისთვის ყოველთვის რთულია სერიის პირველი მატჩი, რადგან შეუთამაშებლები ვართ და ივნისის ტესტების წინ, ეს თამაში ადაპტირებაში დაგვეხმარება“.

 

ივნისში სუვაში ტონგასა და ფიჯის ნაკრებებს შევხვდებით. მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ეს თამაშები „წყნარი ოკეანის თასის“ ეგიდით ჩატარდება.

დუდუ ფიქრობს, რომ ბორჯღალოსნებს თასის დაუფლების კარგი შანსი აქვთ:

 

„რატომაც არა?! შარშან წინ გუნდმა ეს მოახერხა და იმედია, თამაშებს წელსაც მოვიგებთ. თუმცა 2 წლის წინანდელთან შედარებით, განსხვავებული თამაშები იქნება. სიმართლე გითხრათ, 2 წლის წინ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ კუნძულებიდან დაუმარცხებლად დავბრუნდებოდით, მაგრამ ნაკრებმა თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა!

 

ახლა იგივეს გამეორება უფრო რთული იქნება, რადგან მტოქეები უფრო დიდი მონდომებით დაგვიხვდებიან. ჩვენ მოვიპოვეთ სახელი და არა მხოლოდ კუნძულებები, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს. ის აღარ აღიქმება როგორც ექვსი ერი „ბ“-ს გუნდი და ჩვენთან თამაშს ყველა სერიოზულად უდგება. ეს ყველასთვის პატივი გახდა“.

 

32 წლის ბორჯღალოსნის აზრით მნიშვნელოვანია, რომ ფიჯი, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი მეტოქეა, ამჯერადაც დავამარცხოთ და ამით ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოთ:

 

 

„ფიჯისთან და ნებისმიერ მეტოქესთან მოგება მნიშვნელოვანია, რადგან მისი შედეგი რეიტინგზე აისახება. ფიჯისთან თამაშით ნებისმიერ შემთხვევაში ბევრს ვისწავლით, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში თავდაჯერებულობა მოგვემატება და მეტოქე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვეყოლება, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება“.

 

რაც შეეხება იაპონიას, ის ბევრისათვისაა უხერხული მეტოქე, რადგან თამაშობს სწრაფ, ხარისხიან რაგბს. მოთამაშეებს მაღალ დონეზე აქვთ ხელის ტექნიკა და ძალიან სწრაფები არიან. ამ მხრივ მათ ბევრი ვერ უწევს წინააღმდეგობას, ამიტომ ზუსტად ვიცით როგორ შეიძლება მოვუგოთ - მოლი, შერკინება და ერთი-ერთზე ორთაბრძოლები“.

 

მიზანი ორი თამაშის მოგებაა!

 

ქუბრიაშვილი მიიჩნევს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, რეალობის ფარგლებში დავრჩეთ და წინა მსოფლიო თასის შედეგის გამეორებას, ანუ ორი თამაშის მოგებას ვეცადოთ:

 

„ჩვენც გვინდა ჯგუფიდან გასვლა და ფინალში თამაში, მაგრამ სიტუაცია რეალურად უნდა შევაფასოთ. ურთულეს ჯგუფში ვართ და მიზანი 2019 წელსაც ორი თამაშის მოგებაა, რაც დამიჯერეთ, ძალიან რთული იქნება. ფიჯი მსოფლიო თასზე სულ სხვა გუნდი იქნება, ვიდრე წინა და თუნდაც მომავალ ტესტ-მატჩში იქნება. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. ინდივიდუალურად, ვფიქრობ, ფიჯელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. მათი პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ერთიან გუნდად შეკვრას ვერ ახერხებენ, თუმცა მსოფლიო თასების წინ ეს გამოსდიოდათ და ახლაც გამოუვათ. მათი გაჩერება ყველა გუნდს უჭირს, ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და წინა მსოფლიო თასის შედეგი გავიმეოროთ“.