ივნისს გამარჯვებული ვხვდებით

01.06.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

წყნარი ოკეანის კუნძულებზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნებმა ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგი ბარბაროსები’ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში 16:15 დაამარცხეს.

 

ეს იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი და საქართველომ სპეციალური, რეტროს სტილში შესრულებული მაისურებით ითამაშეს.

 

დროის ამ პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, ქართველ ქომაგს საყვარელი გუნდის ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა არ ჰქონდა და ეს თამაში მათთვის ერთგვარი საჩუქარი იყო, რაშიც ‘ბარბაროსების’ სათამაშო სტილიც დაგვეხმარა. ‘დინამო არენაზე’ 30 ათასი ქომაგი შეიკრიბა, რომლებმაც დაძაბული, ლამაზი ეპიზოდებით დახუნძლული შეხვედრა იხილა და ბორჯღალოსნების 16:15 გამარჯვებით გაიხარა.

 

რადგან თამაში არაოფიციალური იყო, მილთონ ჰეიგმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა და მეტოქესთან შეთანხმებით, განაცხადში 25 მოთამაშე შეიყვანა. წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ოფიციალურ შეხვედრებამდე 9 დღით ადრე, ამ მატჩის გამართვა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ის ხელს შეუწყობს ხარვეზების აღმოჩენას და გამოსწორებას, სქემების დამუშავებას და გუნდის შეთამაშებას.

 

სასიამოვნოა, რომ ტრიბუნაზე მრავლად მისულმა გულშემატკივარმა, მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი ბორჯღალოსნებთან ერთად შეასრულა, რაც ბოლო დროს ერთგვარ ტრადიციად ყალიბდება, „ფოირვერკმა“ კი გულშემატკივარი კიდევ უფრო გაახურა.

 

სტუმრებმა თამაში მაღალ ტემპში, „ბარბაროსულად“ დაიწყეს და საწყის 15 წუთში დაცვაში თამაში გვაიძულეს. მეტოქე ხელდახელ ცდილობდა ჩვენი დაცვის ზღუდის გარღვევას, თუმცა ბორჯღალოსნებმა მათ ტემპს ალღო აუღეს და საიმედო დაცვით ფრანგები ჩვენს ლელოს არ გააკარეს.

 

მეტოქის ნახევარზე რომ გადავედით კარის წინ ჯარიმის შესრულების უფლება მივიღეთ და თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, სოსო მათიაშვილმა 35 მეტრიდან ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში სტუმრები უკვე შერკინებაში დავაჯარიმეთ და სოსომ 30 მეტრიდან ანგარიში 6:0 გახადა.

 

მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და 31-ე წუთზე ლელოს გატანის ორი რეალური შანსი ჰქონდათ. პირველ ჯერზე დერეფნიდან ხელდახელ შევუტიეთ და თამაზ მჭედლიძემ და გიორგი კვესელაძემ ხაზი გაჭრეს, საქმეში შალვა მამუკაშვილი ჩაერთო და ლელომდე 3 მეტრი დააკლდა, იქ ‘ბარბაროსებმა’ თამაშგარედან ითამაშეს და სიტუაცია განმუხტეს.

 

ამჯერად ბორჯღალოსნებმა კარში აღარ დაარტყეს და მორიგი დერეფნის შემდეგ ოთარ გიორგაძემ ხაზი გაჭრა. მას ლელომდე უკვე სანტიმეტრები დააკლდა, საქმეში გურამ შენგელია ჩაერთო და თითქოს ლელოც გაიტანა, მაგრამ რეფერიმ ბურთის და მიწის კონტაქტი ვერ დაინახა, ამხანაგურ მატჩს კი, ვიდეო-რეფერი არ ემსახურებოდა.

 

სამწუხაროდ, შემდეგ ჯერზე ბურთი დავკარგეთ და 90-მეტრიანი კონტრშეტევა მივიღეთ. გამოცდილმა მერაბ კვირიკაშვილმა გარდაუვალი ლელოსგან გვიხსნა, მაგრამ დროებით. შესვენების წინ 10-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაიჭრა და ოფლოუდის შემდეგ ალბა პლასინმა ლელომდე ირბინა, ხოლო მაქსიმ მატიმ გარდასახვა შეასრულა და ფრანგებს ტაიმი 7:6 მოაგებინა.

 

 

მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა სახიფათო შეტევები გაცვალეს, 51-ე წუთზე კი პირველი ქართული ლელოც გავიდა. ხელდახელ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მათიაშვილმა მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, მეორე მბოჭავს ამოუხტა და ხელით ლელოს ხაზს მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ბარბაროსებმა’ პასუხად მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს, რასაც ჯარიმა მოყვა და 64-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დავიდა - 11:10.

 

გარკვეული დროით კვლავ დაცვაში მოგვიწია თამაში, რადგან ფეხით გადაკიდებული ყველა ბურთი ფრანგების ნადავლი ხდებოდა, თუმცა მერე მათაც დაუშვეს შეცდომა და ბორჯღალოსნებმა მეტოქის 5-მეტრიან წყვეტილთან შერკინების უფლება მიიღეს. ორი ჯარიმის შემდეგ ბურთი ცენტრისკენ გაიშალა, ორი დარტყმის შემდეგ მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, სადაც შალვა სუთიაშვილმა ზედ კიდის ხაზთან სანდრო თოდუა მოამარაგა და მანაც მცველი ლელოში ბურთთან ერთად შეიტანა.

 

გარდასახვა არაზუსტი იყო და დასკვნითი წუთები დაძაბული გამოდგა. თავგანწირული დაცვით ერთ ეპიზოდში ლელოში შესულ მეტოქეს ბურთი არ დავამიწებინეთ, თუმცა შერკინების შემდეგ ხაზი მაინც გაიჭრა და ლელოც გავიდა. მატის გარდასახვის შესრულება არცთუ რთული პოზიციიდან უწევდა, თუმცა წნეხის ქვეშ მიზანმა უმტყუნა და დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე, საქართველომ ‘ფრანგი ბარბაროსები’ 16:15 დაამარცხა.

 

პრესკონფერენცია

ახლა ბორჯღალოსნები ‘წყნარი ოკეანის თასზე’ ტონგასა (9 ივნისი) და ფიჯისთან (16 ივნისი), ასევე იაპონიასთან (23 ივნისი) ტესტ-მატჩის გასამართად მიემგზავრებიან და მილთონ ჰეიგი თვლის, რომ ეს თამაში ოფიციალური შეხვედრების წინ დიდ დახმარებას გაუწევს:

 

„ამ შეხვედრაში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ჩავრთეთ და მივეცით იმის საშუალება, რომ თავი გამოეჩინათ. ფიზიკურად ძალიან მძიმე მატჩი იყო. გახარებული ვართ, რომ მოვიგეთ. ‘ფრანგი ბარბაროსები’ ძლიერი გუნდია და მათ საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჩამოიყვანეს. დაცვის მხრივ რაღაც სქემებმა არ იმუშავა, თუმცა, საერთო ჯამში, ნამდვილად კარგი მოსამზადებელი შეხვედრა გამოვიდა.

 

ახალგაზრდებით კმაყოფილი ვარ და მათი უმეტესობა წყნარი ოკეანის ტურნეზე მიგვყავს. ახლა ექიმთა შტაბი ამოწმებს, ვინმეს ტრავმა ხომ არ აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ისე კი, ცუცქირიძემ, თეთრაშვილმა, მელიქიძემა და გიორგაძემ დამაჯერებლად ითამაშეს.

 

ისეთი მატჩი არ გამოვიდა, სადაც ნაკრების ღერძს თავის სრულად წარმოჩენის შანსი ექნებოდა. 9 და 10 ნომრებს ბურთი იშვიათად ჰქონდათ და იგივე ჯინჭველაშვილს თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლეოდა.

 

მჭედლიძის დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. მას ნაკრებში დაახლოებით 1 წელია არ უთამაშია და ჩვენს ახალ სქემებთან ადაპტაცია მოახერხა. მჯერა, რომ თაზო სამომავლოდ თავისი ენერგიით და კარგი ფიზიკური მომზადებით შუამარბის პოზიციაზე სარგებელს მოგვიტანს“.

 

გიორგი ნემსაძე (კაპიტანი): “მსგავსება ჩვენს მომავალ მეტოქეებს შორის ნამდვილად არის და „ფრანგ ბარბაროსებთან“ კარგი გამოცდა გავიარეთ, თუმცა ვფიქრობ, იგივე ფიჯის უკეთესი ხარისხი ექნება. იმედი მაქვს, ოკეანეთშიც ასევე წარმატებულად ვითამაშებთ და ქომაგებს გავახარებთ”.

 

საქართველოსთან თამაშს პატივად მიიჩნევს ‘ფრანგი ბარბაროსების’ მთავარი მწვრთნელი დავიდ ორადუ:

 

„არ ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ, მაგრამ ეს, „ფრანგი ბარბაროსების“ ძალიან ძლიერი ნაკრები იყო. გვიხარია, რომ საქართველოს დარ სერიოზულ და პროგრესირებად გუნდთან თამაშის საშუალება მოგვეცა და კარგი თამაშიც ვიხილეთ. თქვენი გუნდიდან 14 ნომერს გამოვარჩევთ, რომელმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა“.

 

კრისტოფ დავიდი (კაპიტანი): „კარგი გუნდი დაგვხვდა, რასაც ველოდით კიდეც. ქართველები ჯანიანი ბიჭები არიან და ფიზიკურად რთული დაპირისპირება იყო. ჩვენ სწორედ ასეთი შერკინებისთვის ვემზადებოდით“.

 

31 მაისი. თბილისი. დინამო არენა. 30 000

საქართველო - ფრანგი ბარბაროსები 16:15

ბექები: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. სოსო მათიაშვილი, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ანზორ სიჭინავა, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. გიორგი ნემსაძე (კაპ.), 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. გურამ შენგელია, 8. მიხეილ გაჩეჩილაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20 შალვა სუთიაშვილი, 24. საბა შუბითიძე; 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა ხმალაძე, 23. სანდრო თოდუა, 25. ბექა წიკლაური.

2 ლელო: მათიაშვილი, თოდუა

2 ჯარიმა: მათიაშვილი

 

ოქმი