ჭაბუკთა და 14-წლამდელთა 7-კაცა გორში

06.06.18

 

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს სარაგბო სტადიონები ჭაბუკთა და უფროსი საფესტივალო ასაკის 7-კაცა ტურნირებმა მოიცვა.

 

ქართული რაგბის ისტორიაში, ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის 7-კაცა ორ ეტაპად იმართება და ჩემპიონატის სახეს იღებს. ამას ემატება უფროსი საფესტივალი ასაკის (14-წლამდე) სამეტაპიანი საქართველოს ჩემპიონატი, ასევე უმცროსი ასაკობრივი ჯგუფების (12, 10 და 8-წლამდე) ფესტივალები და ჯამში, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, რაგბი 200-მდე გუნდმა და 4-ათასამდე ბავშვმა ითამაშა, ხოლო შაბათ-კვირას მათი რაოდენობა 1500-2000 იყო.

 

ჭაბუკთა ჩემპიონატი

 

ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის 7-კაცა ჩემპიონატის მხარდამჭერია „ბორჯომი“ და მისი დასკვნითი ეტაპები 8 და 9 ივნისს გორის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

 

8 ივნისს მოედანი ჭაბუკთა „ა“ ლიგის ფინალურ ეტაპს დაეთმობა, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს 7 და დასავლეთ საქართველოს 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპის თამაშები 12 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 17:42 საათზე.

 

ორი კვირით ადრე, გუნდებმა საკვალიფიკაციო ტურნირი ითამაშეს - აღმოსავლეთის გუნდებმა რუსთავში, ხოლო დასავლეთის - ქუთაისში. საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები და ფინალური ტურნირის განრიგი იხილეთ:

 

http://site.rugby.ge/ka-GE/2018-U18-7K/

 

9 ივნისს მოედანზე ჭაბუკთა „ბ“ ლიგის გუნდები გავლენ და თამაშები აქაც 12 საათზე იწყება. საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად, ფინალურ ტურნირს დასავლეთ საქართველოს 5 და აღმოსავლეთის 7 გუნდი ითამაშებს.

 

საკვალიფიკაციო ეტაპებს აქაც რუსთავმა და ქუთაისმა უმასპინძლა. შედეგები და ფინალური ტურნირის განრიგი იხილეთ:

 

http://site.rugby.ge/ka-GE/2018-U16-7K/

 

ჯამში ჭაბუკთა 7-კაცა მონაწილე მოთამაშეთა რაოდენობამ 688 შეადგინა, რითაც კმაყოფილია ტურნირის ორგანიზატორი, საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე:

 

„მას შემდეგ, რაც 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები შეიქმნა, რომელმაც წელს მეორედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატი, აუცილებელი გახდა ჭაბუკთა ლიგებში 7-კაცა ჩემპიონატის ჩატარება. ყოველ წელს გვექნება ორ-ორი სერია - შესარჩევი და ფინალური. ვეცდებით ისეთი პერიოდი გამოვნახოთ, რომ მორაგბეებს სწავლაში ხელი არ შევუშალოთ, რადგან ამ ასაკის ბავშვებს სკოლებსა და სასწავლებლებში გამოცდები უწევთ. ასევე, 7-კაცას მიმართულებით მწვრთნელთა გადამზადებაზეც ვიზრუნებთ. დღეისათვის 7-კაცას პირველი დონის მწვრთნელთა ლიცენზირება 40-მდე სპეციალისტს აქვს გავლილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“.

 

ობოლაძე იმ გეგმის შესახებაც გვიყვება, რომლითაც 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება:

 

„2001 წელს დაბადებული მოთამაშეების სელექცია დაწყებულია. სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული აკადემიის ისნის, მუხიანის და ქუთაისის აკადემიებში, 16-16 გამორჩეული მოთამაშე კვირაში ერთხელ ითამაშებს და 2-3 თვეში მათგან დაკომპლექტებული 4 გუნდი შიდა ტურნირს ითამაშებს. გვექნება ჩვენი სტანდარტები ფიზმომზადებაზე, ხელის ტექნიკაზე და სხვა უნარებზე. ევროპის ჩემპიონატამდე 3 თვით ადრე, კანდიდატთა რიცხვი 24-მდე შემცირდება და საბოლოო შემადგენლობა მათგან შეირჩევა“.

 

14-წლამდელთა 7-კაცა

 

10 ივნისს გორის სარაგბო სტადიონი 14-წლამდელთა 7-კაცას დაეთმობა და ქვეყნის 16 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

 

ეს 16 გუნდი ორი შესარჩევი ეტაპის შედეგად შეირჩა, რომელშიც ჯამში 72 გუნდი და 1400-ზე (892 აღმოსავლეთში და 514 დასავლეთში) მეტი მოთამაშე მონაწილეობდა.

 

ორი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 7 გუნდი თბილისიდან გავიდა, ორი ქუთაისიდან, ხოლო თითო-თითო სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან, აჭარიდან, კახეთიდან, შიდა ქართლიდან და რუსთავიდან.

 

14-წლამდელთა 7-კაცას ფინალური ეტაპი 12 საათზე დაიწყება, ფინალური მატჩი კი 17 საათზეა ჩანიშნული. ჯგუფები და სრული განრიგი იხილეთ:

 

http://site.rugby.ge/news-view/?newsid=6721&callerModID=17430