20წ | იაპონიისთვის მხოლოდ ორი შეიცვალა

11.06.18

© World Rugby

 

ხვალ, საქართველოს დროით 20:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები იაპონელ თანატოლებს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის IX-XII ადგილების ნახევარფინალში შეხვდებიან და ზედიზედ მესამედ მოწინავე ათეულში დარჩენას ეცდებიან.

 

მატჩი პერპინიენში გაიმართება და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ჩვენი 20-წლამდელები ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაშის მოგებას ეცდებიან რაც გაისად 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნების ტოლფასი იქნება.

 

უმცროსი ბორჯღალოსნები მოწინავე 12-ში 2016 წელს აღზევდნენ და გასულ ორ ჩემპიონატში მეოთხე მატჩის მოგებით (2016-ში იტალიასთან და 2017-ში არგენტინასთან) მე-10 ადგილი დაიკავეს.

 

იაპონია პირველ ორ 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობდა (2008-2009 წლებში), როდესაც მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. აზიელები 12-გუნდა ტურნირში 2015 წელს აღზევდნენ და სამოას ძლევით ადგილი შეინარჩუნეს, თუმცა 2016 წელს ბოლო, მე-12 ადგილზე დარჩნენ და ელიტას წელს დაუბრუნდნენ.

 

მიმდინარე ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონია პირველ ორ მატჩში უშანსოდ დამარცხდა - ახალ ზელანდიასთან 0:67 და ავსტრალიასთან 19:54, ხოლო 4 დღის წინ უელსს ბოლომდე ებრძოლა და მინიმალური სხვაობით, 17:18 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში იაპონელთა გამარჯვების შემთხვევაში, უმცროსი ბორჯღალოსნები V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებდნენ, ხოლო უელსი იაპონიასთან ერთად ქვედა ოთხეულში დარჩებოდა.

 

საქართველომ ტურნირის პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ბონუსს დასჯერდა - 27:33. მეორე ტურში მასპინძელ საფრანგეთსაც ღირსეულად ვეთამაშეთ (12:24), ოთხი დღის წინ კი, ირლანდიასთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ - 24:20.

 

როგორც ზემოთ ვთქვით, მომავალ თამაშს პერპინიენი უმასპინძლებს, სადაც ჩვენ 30 მაისს სამხრეთ აფრიკას შევხვდით, ხოლო იაპონიამ ამ ქალაქში წინა შეხვედრა (უელსთან) გამართა.

 

თითო ცვლილება

 

ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა, ირლანდიასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში ხაზსსა და შერკინებაში თითო ცვლილება განახორციელეს.

 

ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებენ გელა აფრასიძე (9), თედო აბჟანდაძე (10), ბექა მამუკაშვილი (15) და ფრთის მოთამაშეები - ოთარ ძაგნიძე და დემე თაფლაძე (საფრანგეთთან ცენტრში ითამაშა). ტრავმის გამო პირველი შეხვედრა გამოტოვა და მას შემდეგ მესამე თამაშს იწყებს ცენტრი გიორგი წიკლაური, რომელსაც ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ის მარქაფიდან ნაცვლად დაწინაურდა.

 

შერკინების მოთამაშეთაგან უცვლელი მხოლოდ თორნიკე ჯალაღონიაა, რომელიც საფრანგეთთან და ირლანდიასთან შერკინების შემკვრელი იყო, ახლა კი ფლანკერის პოზიციაზე დაბრუნდა. მეორე ფლანკერი სანდრო მამამთავრიშვილია, რომელსაც ირლანდიასთან არ უთამაშია და მას შემდეგ სასტარტოშია. შემკვრელად ბრუნდება არსენ მაჩალაძე, ის ირლანდიასთან მეორე ხაზში იდგა.

 

მეორე ხაზში ბრუნდება ლაშა ჯაიანი, რომელიც გუნდის კაპიტან ბექა საღინაძეს შეუწყვილდება. უცვლელია შერკინების პირველი ხაზი - გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე და ლუკა ჯაფარიძე.

 

ერთი ცვლილებაა მარქაფის პირვენ ხაზში და თენგიზ ზამთარაძისა და გიორგი ნუცუბიძესთან ერთად, იქ ლუკა აზარიაშვილი ბრუნდება. მარქაფაში გამოჩნდა მეორეხაზელი ლუკა გელაშვილი, ხოლო თენგიზ გიგოლაშვილი მესამე ხაზს გააძლიერებს.

 

9 ნომრის შემცვლელი ლუკა დვალიშვილია, ხაზში კი კოტე მარჯანიშვილი და თემურ ჭიჭინაძე გამოჩნდებიან.

 

მეცხრე ადგილის მეორე ნახევარფინალში ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება, ხოლო 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები 17 ივნისს გაიმართება.

 

 

 

20 საქართველო

– იაპონია  |  2018 წლის მსოფლიოს პირველობა

სამ 12/06  |  20.30 საქ  |  ემე ჟირალ, პერპინიან [სფრ]

 

უკანა ხაზი

 

15

ბექა მამუკაშვილი  

ლელო სარასენს

14

დემე თაფლაძე

ლელო სარასენს

13

გიორგი წიკლაური  

ჯიქი გორი

12

ლაშა ლომიძე  

აია ქუთაისი

11

ოთარ ძაგნიძე  

აია ქუთაისი

10

თედო აბჟანდაძე  

აია ქუთაისი

9

გელა აფრასიძე  

მონპელიე [სფრ]

 

შერკინება

 

1

გურამ გოგიჩაშვილი  

რასინგ [სფრ]

2

ლევან პაპიძე  

ლელო სარასენს

3

ლუკა ჯაფარიძე  

ლელო სარასენს

4

ბექა საღინაძე^კაპ

ლელო სარასენს

5

ლაშა ჯაიანი

ექსეთერ [ინგ]

6

თორნიკე ჯალაღონია  

ჯიქი გორი

7

სანდრო მამამთავრიშვილი  

ლელო-სარასენს

8

არსენ მაჩალაძე  

აია ქუთაისი

 

თადარიგი

 

23

კოტე მარჯანიშვილი

ლოკომოტივი

22

თემურ ჭიჭინაძე  

ჯიქი გორი  

21

ლუკა დვალიშვილი

არმაზი მარნეული

 

16

თენგიზ ზამთარაძე  

ლელო სარასენს

17

გიორგი ნუცუბიძე  

ჯიქი გორი

18

ლუკა აზარიაშვილი  

მონპელიე [სფრ]

19

ლუკა გელაშვილი  

ჯიქი გორი

20

თენგიზ გიგოლაშვილი  

არმაზი მარნეული