სუვაში უძლიერეს ფიჯისთან

14.06.18

ზუმ ფიჯი © Zoom Fiji

 

16 ივნისს, ჩვენი დროით დილის 7 საათზე, ფიჯი საქართველოს ‘წყნარი ოკეანის თასის’ გადამწყვეტ მატჩში ვარსკვლავური შემადგენლობით დაუხვდება.
 

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ხაზი, სადაც ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ფიჯის ნაკრებში დებიუტი ექნება ‘ტულონელ’ ვარსკვლავს სემი რანდრანდრას. მის გარდა ხაზში არიან ევროპის წამყვანი კლუბების მოთამაშეები - ნემანი ნანდოლო, კინი მურიმურივალუ, ვერენიკი ნგონევა და ჯალე ვატუმბუა.

 

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯონ მაკქი ფიქრობს, რომ მათი ხაზის მოთამაშეები ამ მატჩში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ:

 

„სათადარიგოთა სკამიდან ნემანი ნანდოლოსა და ნანგუსას ჩართვა, ჩვენს თამაშს ცეცხლს შემატებს. სასიხარულოა რანდრანდრას  ფიჯის ნაკრებში გამოჩენა. ის შესანიშნავ ფორმაშია და ეს ინგლისის წინააღმდეგ, ‘ბარბაროსების’ შემადგენლობაში თამაშისასაც დაამტკიცა. მისი სიჩქარეები და უნარები შაბათს დიდ სარგებელს მოგვიტანს“ - ამბობს მაკქი, რომელმაც კარგად იცის, რომ ფორვარდებს ქართველ მორკინალებთან უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევთ:

 

„ჩვენი მორკინალების წინაშე ურთულესი ამოცანა დგას. ჩვენ უნდა შევძლოთ მეტოქის ფიზიკური ძალის განეიტრალება და ჩვენი თამაშის თავს მოხვევა. უდიდესი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველო შეძლებს ჩვენს წნეხში მოქცევას. ერთი ყვითელი ბარათიც კი, ბევრი ყვითელი ბარათის ტოლფასი იქნება. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც საკუთარ გეგმას მთელი 80 წუთი მიყვება. ვარჯიშებზე ინტენსივობის შესამჩნევი მატება გვქონდა და კომბინაციების დამუშავების მხრივაც, სულ სხვა დონეზე ავედით“.

 

გარდა ხაზის მოთამაშეებისა, ფიჯელებს ვარსკვლავები შერკინებაშიც არ აკლიათ. ახლახანს, პარიზის ‘რასინგის’ მეორეხაზელი ლეონე ნაკარავა, რომელიც 2016 წელს ფიჯის 7-კაცასთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ევროპის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. გასულ სეზონში მან ‘რასინგის’ შემადგენლობაში ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე - 2536 წუთი; სეზონის 34 მატჩიდან 32-ში მიიღო მონაწილეობა და 8 ლელო გაიტანა. 30 წლის მორაგბე პირველი არაევროპელია, რომელიც „ბებერი კონტინენტის“ წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

 

15-კაციან სასტარტო შემადგენლობაში, ფიჯელებს 8 ლეგიონერი ფრანგული კლუბებიდან ყავთ, 4 ინგლისიდან, თითო-თითო შოტლანდიიდან და რუმინეთი. მხოლოდ ერთი მორაგბე, კვაჭი ვუნგაკოტო ვერემალუა თამაშობს ადგილობრივ კლუბში. ის შარშან ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო.

 

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრას ცნობილი ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი განსჯის.

 

ისტორიიდან

 

ფიჯის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო თამაში 1924 წელს ჩაატარა და სამოა 6:0 დაამარცხა. მან მხოლოდ 1995 წლის მსოფლიო თასი გამოტოვა და განვლილ 7 ტურნირში ორჯერ გავიდა მეოთხედფინალში - 1987 და 2007 წლებში. 2019 წლის მსოფლიო თასზე, ფიჯი „დ“ ჯგუფში საქართველოსთან, ავსტრალიასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.

 

ფიჯელები ხშირად თამაშობენ "პირველი დონის" გუნდებთან და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვეს. მათ 2-ჯერ ჰყავთ დამარცხებული ავსტრალია და შოტლანდია, ერთხელ არგენტინა, უელსი და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები, 7-ჯერ ‘მაორი ოლ ბლექსი’ და 6-ჯერ იტალია. 2017 წლის ივნისის ტესტებზე კუნძულელებმა ერთმანეთის მიყოლებით, იტალიას და შოტლანდიას სძლიეს.

 

‘წყნარი ოკეანის თასზე’, რომელიც 2006 წლიდან იმართება და რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, ფიჯიმ პირველი ადგილი 4-ჯერ დაიკავა და 2015 წლიდან დღემდე, ბოლო სამი გათამაშების ჩემპიონია.

 

საქართველოს ნაკრები ფიჯის პირველად 2012 წელს, თბილისში ეთამაშა და სტუმრებმა ‘მიხეილ მესხზე’ 24:19 იმარჯვეს. რევანში შარშანწინ შედგა, როდესაც ბორჯღალოსნებმა მეტოქე სუვაში დაამარცხეს - 14:3.  

 

გუნდები და მსაჯები

 

ფიჯი საქართველოს წინააღმდეგ

 

ხაზი: 15. კინი მურიმურივალუ (ლა როშელი, საფრანგეთი), 14. ვერენიკი ნგონევა (ნიუკასლი, ინგლისი), 13. სემი რანდრანდრა (ტულონი, საფრანგეთი), 12. ჯალე ვატუმბუა (პო, საფრანგეთი), 11. ნემანი ნანდოლო (მონპელიე, საფრანგეთი), 10. ბენ ვოლავოლა (ბორდო, საფრანგეთი), 9. ჰენრი სენილოლი (ტიმიშოარა-სარასენსი, რუმინეთი);

 

შერკინება: 1. ქემფიზი მაჰაფუ (ილინგი, ინგლისი), 2. ვუგაკოტო ვერემალუა (ნანდრონგა, ფიჯი), 3. მანასა საულო (ლონდონ აირიში, ინგლისი), 4. აპი რატუნიარავა (ნორსჰემპთონი, ინგლისი), 5. ლეონე ნაკარავა (რასინგი, საფრანგეთი), 6. დომინიკო ვანქანიმბუროტუ (ბრივი, საფრანგეთი), 7. აკაპუსი ნქერა (აჟენი, საფრანგეთი, კაპ.), 8. ვილიამე მატა (ედინბურგი, შოტლანდია).

 

მარქაფა: 16. რატუნაისა ნავუმა (ნდრუა, ფიჯი), 17. ერონი მავი (ნდრუა, ფიჯი), 18. კალივატი ტავაკე (ვორათაზი, ავსტრალია), 19. სიკელი ნამბოუ (ბიარიცი, საფრანგეთი), 20. ნემანი ნანგუსა (ორიაკი, საფრანგეთი), 21. ფრენკ ლომანი (ნდრუა, ფიჯი), 22. ალივერეტი ვეიტოკანი (ნამოსი, ფიჯი), 23. ტიმოთი ნანგუსა (მონპელიე, საფრანგეთი).