7-კაცა | ევროპის გრან-პრი

25.06.18

 

7-კაცა დღეს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 5-დღიან შეკრებას გაივლის და რაგბი ევროპის გრან პრის მეორე ეტაპს ითამაშებს. ჩვენმა გუნდმა პირველ ეტაპზე 19-20 მაისს, მოსკოვში ითამაშა და მხოლოდ ბოლო, მეხუთე თამაში მოიგო, რის შემდეგაც მე-11 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ 7-კაცა საქართველოში ემზადებოდა და მარტყოფის ბაზაზე 1-კვირიანი შეკრებაც გაიარა.

 

დღეს 14-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში გაემგზავრა და ორლეანში 5-დღიანი შეკრება ექნება, რის შემდეგაც პარიზის მახლობლად, მარკუსიში ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე ჩავა და 30 ივნისსა და 1 ივლისს გრან პრის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

 

პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და საქართველო „ბ“ ჯგუფში გერმანიის, რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, 1 ივლისს კი ფლეი ოფებია.

 

 

მარკუსის ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდი საფრანგეთში დარჩება და ორლეანში განაგრძობს მზადებას, საიდანაც ინგლისში გადაინაცვლებს და 7-8 ივლისს მესამე, ექსეთერის ეტაპს ითამაშებს.

 

ევროპის გრან პრი ოთხ ეტაპად ტარდება და ბოლო ეტაპს 8-9 სექტემბერს პოლონეთი, ლოძი უმასპინძლებს.

 

საფრანგეთში ახალგაზრდებთან ერთად

 

მოსკოვის ეტაპის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ ფრანგულ შეკრებაზე გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდს უმცროსი ბორჯღალოსნებიდან ლაშა ლომიძე და ოთარ ძაგნიძე დაემატნენ, ასევე თენგიზ პერანიძე, რომელიც 20-წლამდელთა გაფართოებულ შემადგენლობაში იყო და რეზი ხარაზიშვილი, რომელმაც 20-წლამდელთა რეზერვის შემადგენლობაში ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

 

„აქცენტი მომავალზე კეთდება და შანსს ახალგაზრდებს ვაძლევთ. ჩვენი მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებს გავუზარდოთ მაღალი დონის უკანახაზელები, რაშიც მოთამაშეებს 7-კაცაში მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ და ასევე ჩამოვაყალიბოთ ძლიერი გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში სტაბილურად ითამაშებს“ - ამბობს ლეჟავა.

 

 

მოსკოვის ეტაპზე არ უთამაშიათ და საფრანგეთში გაემგზავრნენ გიორგი ჭუაძე, ირაკლი სვანიძე, აკაკი ტაბუცაძე და იოანე ხელაია. გაფართოებულ სიაშია ბორჯღალოსანი სოსო მათიაშვილი, რომელიც ეროვნულში სწორედ 7-კაცადან დაწინაურდა. ის 1 კვირა დაისვენებს, 7-კაცას 2 ივლისს შეუერთდება და მასთან ერთად მომდევნო, ექსეთერის ეტაპისთვის მოემზადება.

 

ფრანგულ-ინგლისურ ეტაპებზე გაემგზავრნენ:

 

ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), იოანე ხელაია (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (აია), სოსო მათიაშვილი (აკადემია).