ჟვანია ‘ვოსპსში’ ითამაშებს

28.06.18

 

ბორჯღალოსანმა ზურაბ ჟვანიამ ფრანგული ‘სტად ფრანსე’ დატოვა და კარიერას ინგლისის პრემიერშიფის ერთ-ერთ წამყვან კლუბში ‘ვოსპსში’ გააგრძელებს.

 

26 წლის მორაგბე პარიზში 2011 წელს წავიდა, ერთი წელი ესპუარებში გაატარა, 2012 წლის 18 აგვისტოს კი, პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. განვლილ 6 წელიწადში ზურამ ტოპ 14-ის 64 მატჩში 4 ლელო გაიტანა, ჩემპიონთა თასის 5 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 32-ჯერ ითამაშა და 3 ლელო მიითვალა.

 

ჟვანია ‘სტად ფრანსესთან’ ერთად 2015 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2017 წელს ჩელენჯ ქაფის მფლობელი. გასულ სეზონში გუნდი ტოპ 14-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა, რასაც სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოყვა და ქართველმა ბურჯმაც დიდი ხნის ჩანაფიქრი - გუნდის გამოცვლა, რეალობად აქცია.

 

„სტად ფრანსესთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებდა. გაისად მსოფლიო თასი გველოდება და მსურდა, რომ ამ პერიოდისთვის კლუბთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებული მქონოდა, ანუ ისეთი გუნდი მეპოვნა, ვისთანაც მინიმუმ 2-წლიან კონტრაქტს გავაფორმებდი. პარიზელებმა კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავი შეიკავეს და შეთანხმების საფუძველზე, მათთან თანამშრომლობა შევწყვიტე.

 

“მოლაპარაკება ჩემი ინიციტივით დაიწყო, რადგან მსურდა მეტი სათამაშო დრო მქონოდა. გუნდის შეცვლის სურვილი მქონდა, რადგან 7 წელი იქ გავატარე და მთელი ეს პერიოდი მეორე-მესამე ნომრად განმიხილავდნენ, თუმცა როცა მოედანზე გავდიოდი, თამაშს არასდროს ვაგდებდი. შესაძლოა, ეს კლუბში მომხდარ ცვლილებებსაც უკავშირდებოდეს. მთლიანად შეიცვალა გუნდის სამწვრთნელო შტაბი, ისინი არ მიცნობდნენ და არ გამკვირვებია კონტრაქტის გახანგრძლივება რომ არ ისურვეს“ - ამბობს ჟვანია აწ უკვე თავის ყოფილ კლუბზე.

 

მწვრთნელების და თანაგუნდელების რჩევით

 

ჟვანიას ინგლისში გადასვლის შანსი ადრეც ჰქონდა, მას ‘ლესთერ თაიგერსი’ ეპატიჟებოდა, თუმცა მაშინ ‘სტად ფრანსეში’ დარჩენა არჩია. რადგან მისი სათამაშო დრო დიდად არ გაზრდილა, შარშან ნოემბერში მან კლუბის ხელმძღვანელობას გათავისუფლების სურვილით მიმართა, ზურათი ტოპ 14-ის კლუბები იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ სეზონის მსვლელობისას პარიზელებმა მისი გაშვება არ ისურვეს.

 

სეზონის დასრულების შემდეგ, ‘სტად ფრანსესთან’ შეთანხმება მაინც შედგა და ქართველი ბურჯით რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესდა. ჟვანიამ ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბთან და ინგლისში ნათამაშებ მორაგბეებთან კონსულტაცია გაიარა და არჩევანი ‘ვოსპსზე’ შეაჩერა.

 

"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიმიღია. გავიარე კონსულტაციები ნაკრების მწვრთნელებთან, ასევე გიორგი ნემსაძესთან და ლაშა ლომიძესთან. მათ მითხრეს, რომ ‘ვოსპსი’ ერთ-ერთი წამყვანი კლუბია, ინგლისური რაგბი სწრაფი, დინამიურია, ჩემს სათამაშო სტილთან ძალიან ახლოსაა და მეც გადაწყვეტილება მივიღე“ - ამბობს ჟვანია.

 

ინგლისში ბორჯღალოსნებიდან გასული საუკუნის მიწურულს გია რაფავას, ხოლო უახლოეს წლებში ჯაბა ბრეგვაძეს, ლაშა ლომიძეს, გიორგი ნემსაძეს და შალვა მამუკაშვილს უთამაშიათ. ზურა იმედოვნებს, რომ ახალ გუნდში, ახალ ჩემპიონატში ფეხს მოიკიდებს და ამით სხვა ქართველ მორაგბეებს დაეხმარება:

 

„ინგლისში თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ბოლო წლებში ‘ვოსპსი’ რეგულარულად ხვდება მოწინავე სამეულში და მაქსიმუმს გავიღებ, რათა ამ გუნდის შემადგენლობაში თავი დავიმკვიდრო. ვიმედოვნებ, რომ ჩემს მაგალითზე ინგლისის პრემიერშიფში სხვა ქართველებიც მალე გამოჩნდებიან“.

 

‘ვოსპსი’ 151-წლიანი ისტორიით

 

‘ვოსპს’ (Wasps = კრაზანები) 151 წლის წინ (1867) ლონდონში დაარსებული კლუბია, 2014 წლის დეკემბრიდან კი, ქოვენთრიში დაიდო ბინა. მისი საშინაო არენა - ‘რიკო არენა’ 32600 მაყურებელს იტევს.

 

რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: 6-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1990, 1997, 2003-5, 2008); 2-ჯერ მოიგო ‘ჰაინეკენის თასი’ (2004, 2007) და ერთხელ ‘ჩელენჯ ქაფი’ (2003).

 

გასულ სეზონში ‘ვოსპსმა’ პრემიერშიფში მესამე ადგილი დაიკავა და გაისად ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. მის შემადგენლობაში არიან ინგლისის ნაკრების მორაგბეები ჯო ლონჩბრი, ჯეიმზ ჰასქელი, ჯო სიმპსონი, დენი სიპრიანი, ელიოთ დეილი; სამხრეთ აფრიკელები ეშლი ჯონსონი, ჟოან დეიონხი, ვილი ლერუ, და სხვანი

 

სხვადასხვა დროს ‘ვოსპსის’ შემადგენლობაში უთამაშიათ ქერთლი ბილს, ჯორჯ სმითს, ნიკ ადამსს, ლოურენს დალალიოს, ენდი გუდს, ჩარლი პიატაუს, მარკ ქეილორს და სხვა მრავალს.