ზაფხულის თასი | გამარჯვების 52-მეტრიანი

29.07.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

საქართველო XV-მა არგენტინა XV-ს მეორე ტაიმში 16 უპასუხო ქულა გაუტანა და “რაგბის ზაფხულის თასის” პირველ მატჩში 23:22 იმარჯვა.

 

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი 75-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ გადაწყვიტა, რომელმაც 52 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ახალგაზრდა მგეზავმა ჯამში 13 ქულა მოინაგრა, ნიკოლოზ სუხაშვილმა კი ორი ლელო მიითვალა.

 

მატჩის დებიუტში ანგარიში გასტონ არიასმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. ამას საქართველო XV-ის გააქტიურება მოყვა, ორჯერ ჯარიმა კარში არ დავარტყით და მე-10 წუთზე ლელოს გატანის კარგი შანსი გვქონდა. ფლანგზე მეტობა შეიქმნა და სანდრო სვანიძემ პასი ვერ შეიმაგრა, თუმცა შერკინების უპირატესობა რომ დაგვიბრუნდა, ნიკოლოზ სუხაშვილმა შეუტია და მისი ლელო აბჟანდაძემ გარდასახა.

 

ქართველები თავისი ლელოდანაც ხელდახელ უტევდნენ და თამამად თამაშობდნენ, თუმცა დაცვაში ყველაფერი რიგზე ვერ იყო, ტაიმის შუაში ხაზი სუფთად გაიჭრა და ფაკუნდო კორდერომ საპასუხო ლელო გაგვიტანა, ხოლო ლუკას მენსამ გარდასახა. თამაში რომ განახლდა გიორგი ჭყოიძე სინბინით დაისაჯა და არგენტინელებმა 5-მეტრა დერეფნიდან მეორე ლელო გაიტანეს - 7:15.

 

28-ე წუთზე აბჟანდაძემ დაფინტა და ხაზი გაჭრა, მაგრამ ლელოდან 5 მეტრში შებოჭეს და ბურთი ვერც მიმყოლმა აიღო. პასუხად არგენტინამ 5-მეტრიანი დერეფნიდან მორიგი ლელო გაგვიტანა: მაშკო ვივასმა ბურთი მოიგო და მოულოდნელად თავადვე შეუტია, ხოლო არიასმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს არგენტინელებმა მაგრად შემოგვიტიეს და ხშირი ჯარიმისთვის რეფერიმ ტარიელ დონაძე სინბინში გაისტუმრა, თუმცა ლელო არ გავუშვით და ტაიმი 7:22 დავთმეთ.

 

მეორე ტაიმში საქართველო XV მოედანზე მობილიზებული გავიდა, ცენტრში კარგი დაცვით მეტოქეს დაჯარიმება აიძულა, აბჟანდაძემ ბურთი 5-მეტრიანთან ჩააგდო, დერეფნიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ სუხაშვილმა სწრაფი ბურთი მიიღო, მბოჭავი აირიდა და ლელო გაიტანა, ხოლო თედომ გარდასახა. ქართველები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ჯარიმა რომ გამოიმუშავეს  აბჟანდაძემ საშუალო დისტანციიდან გაიტანა.

 

მეორე ტაიმის შუაში ჩვენი კარგი შეტევის შემდეგ მეტოქე ისევ დაჯარიმდა და თედო ამჯერადაც ზუსტი იყო. რადგან აბჟანდაძეს დარტყმები წაუვიდა, 75-ე წუთზე ცენტრიდან, კარიდან ოდნავ მარცხნივ დაჰკრა და გაიტანა! დარჩენილი 5 წუთი საქართველომ თავის ნახევარზე გაატარა - ჯერ მეტოქის მწვავე შეტევა მოიგერია, მერე ბურთი შეინარჩუნა და 23:22 იმარჯვა.

 

მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე:

 

„ბიჭებმა მოედანზე თავი დადეს და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ასეთი თამაშის შემოტრიალება იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. დასაწყისი კარგი გვქონდა, თუმცა მას ჩავარდნა მოყვა, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და დიდი სხვაობით ჩამოვრჩით. შესვენებაზე ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ, მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და ბიჭებმა საქართველოს სახელი დაიცვეს“.

 

თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის კაპიტანი გიორგი შკინინი:

 

„ამ თამაშში ხასიათი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ვეცადეთ გვეთამაშა გაშლილი რაგბი და პირველ ტაიმში ჯარიმები კარში არ დავარტყით. მაგრამ უთამაშებლობა დაგვეტყო ვერაფერი მოვახერხეთ. ამაყი ვარ ამ ბიჭების, რადგან მეორე ტაიმში უპირატესობა დავიბრუნეთ და დიდი მადლობა მათ ასეთი სიამოვნებისთვის“.   

 

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი.

საქართველო XV   23:22   არგენტინა XV 

 

2

სუხაშვილი 2

2გ

აბჟანდაძე 2

3

აბჟანდაძე 3

სბ

ჭყოიძე, დონაძე

 

3ლ

კორდერო, ვრუნი, ვივას

2გ

მენსა, არიას

1ჯ

არიას

სბ

არიას

 

სრული ოქმი