ზაფხულის თასი | ტოპ რაგბი მესხზე

29.07.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონმა და წლევანდელი ჩემპიონთა თასის ფინალისტმა ‘რასინგ 92’-მა წუხელ თბილისში, ‘მიხეილ მესხზე’ ითამაშა.

 

წინასასეზონო შეკრებაზე თბილისში მყოფმა პარიზელებმა „რაგბის ზაფხულის თასის“ პირველ მატჩში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 7 ლელო გაუტანეს და 45:7 დაამარცხეს.

 

მატჩის დებიუტში საიმონ ზიბომ ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა, ფინ რასელმა კი კიდიდან გარდასახა - 7:0. ბრაზილიამ კარგი შეტევით უპასუხა და ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, თუმცა ‘რასინგმა’ კლასის ხარჯზე უპირატესობა პირველსავე ტაიმში დაიბრუნა.

 

სენსას ჯონსთონის, იბრაჰიმ დიალოს და რაფაელ ლაგარდის სამი ლელოდან, რასელმა ორი გარდასახა და ტაიმი 26:7 დასრულდა.

 

ბრაზილია შერკინებაშიც ყოჩაღობდა და ხაზი მეორე ტაიმშიც რამდენჯერმე გაჭრა, თუმცა ლელოები კვლავ ფრანგებს გაქონდათ. თავი ისმაელ ჰამელმა, ხუან იმოფმა და ბენ ვოლავოლამ გამოიჩინეს.

 

‘რასინგმა’ პრემიაც აიღო და ტურნირის მოგების ფავორიტად იქცა. 3 აგვისტოს ის არგენტინა XV-ს შეხვდება, ხოლო საქართველო XV ბრაზილიას ეთამაშება.  

 

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი

რასინგ-92    45:7   ბრაზილია

 

7

ზიბო, ჯონსთონ, დიალო, ლაგარდ, ჰამელ, იმოფ, ვოლავოლა

5გ

რასელ 2, ლაგარდ 3

სბ

პალუ

 

1ლ

ტრანკეს

1გ

რივზ

სბ

რებოლო

 

სრული ოქმი