საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

01.08.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

საქართველოს რაგბის კავშირი უერთდება თბილისის ‘ლოკომოტივის’ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გუნდისთვის, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, ‘კონტინენტის ფარზე’ მონაწილეობის შესაძლებლობას ეხება.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 10-გზის და მოქმედ ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა.

 

სამწუხაროდ, რაგბის კავშირი მოკლებულია შესაძლებლობას, კერძო კლუბებს გაუწიოს დამატებითი ფინანსური დახმარება. სწორედ ამის გამო, შარშან ქვეყნის ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’ ვერ შეძლო ‘კონტინენტის ფარზე’ თამაში და ის ფინალისტმა ‘ბათუმმა’ ჩაანაცვლა, რომელმაც ტურნირში ჩართვისათვის საჭირო ფინანსები დამოუკიდებლად მოიძია.

 

რაგბის კავშირი მოუწოდებს კერძო სექტორს, რომ მხარში დაუდგნენ ქვეყნის ჩემპიონ თბილისის ‘ლოკომოტივს’, რათა მან ქართული რაგბის ღირსება ევროტურნირებში დაიცვას.

 

შეგახსენებთ, ‘კონტინენტის ფარი’ მესამე დონის ტურნირია და პარალელურად წარმოადგენს მეორე დონის, ‘ჩელენჯ ქაფის’ შესარჩევ ტურნირს. ‘ჩელენჯ ქაფის’ საგზურს, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) კლუბები გამოდია, ორი ფინალისტი იღებს. შარშან ‘ბათუმმა’ ნახევარფინალი ითამაშა და ერთი ნაბიჯი დააკლდა სანუკვარ მიზნამდე.