ზაფხულის თასი | რასინგ 92 14:8 არგენტინა XV

04.08.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, ტოპ 14-ის ‘რასინგ 92’-ის რიგებში თავისი სადებიუტო მატჩი თბილისში, ‘რაგბის ზაფხულის თასზე’ არგენტინა XV-ის წინააღმდეგ გამართა.

 

20 წლის მორაგბე პარიზულ კლუბს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდა და ერთი კვირის წინ ბრაზილიასთან უნდა ეთამაშა, მაგრამ საბუთების მოწესრიგება ვერ მოესწრო. ამჯერად ყველაფერი რიგზე იყო და გოგიჩაშვილმა ტოპ-გუნდის რიგებში მთელი მეორე ტაიმი ითამაშა.

 

შეხვედრის დასაწყისში გამოჩნდა, რომ ორივე გუნდი აქცენტს სწრაფ და ხელდახელ რაგბზე აკეთებდა. მე-3 წუთამდე ხაზი ფრანგებმაც გაჭრეს და არგენტინელებმაც, მაგრამ მერე გაწვიმდა და თავსხმაში ტექნიკურმა წუნმა იმატა, რის გამოც სანახაობა ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც ველოდით.

 

ანგარიში მე-10 წუთზე არგენტინა XV-მა ხუან კრუს მალიას ჯარიმით გახსნა. მასვე 23-ე წუთზე უნდა გაეტანა, მაგრამ ბუნებრივმა პირობებმა ამის საშუალება არ მისცა. ‘რასინგმა’ მეტოქე ნელ-ნელა დაჯაბნა და 30-ე წუთზე ლელო გაიტანა: რამდენიმე დარტყმის შემდეგ ხაზი ვენსესლაზ ლორემ გადაკვეთა, ხოლო ფინ რასელმა გარდასახა და ტაიმი 7:3 დასრულდა.

 

წვიმა მეორე ტაიმშიც შენარჩუნდა, თუმცა საიმონ ზიბოს ამან ხელი ვერ შეუშალა: მეტოქის 22-ში შერკინებაში ბურთის მოგების შემდეგ, მან რასელისგან შებრუნებული პასი მიიღო და ხაზი სუფთად გაჭრა, ხოლო შოტლანდიელმა გარდასახა. არგენტინელები არ გატყდნენ, ზიბოს კიდევ ერთი სახიფათო იერიში მოიგერიეს და თავად გადავიდნენ შეტევაზე, რამაც შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო. მათ მეტოქის 22-ში დაახლოებით 5 წუთი გაატარეს, შეტევის მიმართულება სწრაფად შეიცვალა და ალამთან ლელოში ფაკუნდო კორდერო შევიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘რასინგმა’ 14:8 იმარჯვა.

 

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი.

რასინგ 92 - არგენტინა XV 14:8

 

რასინგ 92: 15. საიმონ ზიბო, 14. ჯო როკოთოკო, 13. ოლივიე კლემანჩაკ, 12. ანრი შავონსი, 11. ხუან იმოფ, 10. ფინ რასელ, 9. ტედი ირიბარენ; 1. ედი ბენ-არუზ, 2. ოლე ავეი, 3. ბენ ტამეიფუნა, 4. ბორის პალუ, 5. ედვინ მაკა, 6. ვენსესლაზ ლორე, 7. ბაპტის შუზანუ, 8. ჯორდან ჯოზეფ.

მარქაფა: 16. ისამ ჰამელ, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. დინაქა რაიან, 19. ესტებან აბადი, 20. კსავიე შოვო, 21. რაფაელ ლაგარდ, 22. ლეონარ პარიზ, 23. ჟორჟ-ანრი კოლონ, 24. ანტონი კლაასენ, 25. ბენ ვოლავოლა.

 

არგენტინა XV: 15. სანტიაგო კარერას, 14. ლეოპოლდო ერერა, 13. სანტიაგო რესინო, 12. ლუკას მენსა, 11. ფაკუნდო კორდერო, 10. ხუან კრუს მალია, 9. ტომას კუველი; 1. ფრანკო ვრარდა, 2. დიეგო ფორტუნი, 3. ლუკას ფავრე, 4. ფრედერიკო გუტიერესი, 5. იგნასიო ლარაგე, 6. როდრიგო ვრუნი, 7. ლაუტარო ვავარო (კაპ.), 8. სანტიაგო პორტიშო.

მარქაფა: 16. აგუსტინ მასეირას, 17. ნიკოლას ლეივა, 18. მარკო სისიოლი, 19. ფრანკო მოლინა, 20. ფრანსისკო გორისენ, 21. ფელიპე ესკურა, 22. გასტონ არიას, 23. ხულიან დომინგეს, სანტიაგო გრონდონა