ზაფხულის თასი | საქართველო XV 18:20 ბრაზილია

04.08.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

საქართველო XV-ის გადახალისებულმა შემადგენლობამ დასკვნით წუთებში გამარჯვების ქულა ვერ აიღო და „რაგბის ზაფხულის თასის“ დასკვნით მატჩში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა 20:18 იმარჯვა.

 

მას შემდეგ, რაც ‘რასინგმა’ ბონუს-ქულა ვერ აიღო, საქართველო XV-ს ბრაზილიის 44-ქულიანი სხვაობით დამარცხების შემთხვევაში თასის დაუფლების შანსი ჰქონდა, მაგრამ მოტივირებულმა მეტოქემ არაფერი დათმო.

 

არა ასეთი სხვაობით, მაგრამ გამარჯვების შანსი იყო. წინა მატჩის მსგავსად, თედო აბჟანდაძემ დასკვნით წუთებში 53 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა, მაგრამ დარტყმას ძალა დააკლდა და გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე თვლის, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია:

 

„ბრაზილიის ნაკრები შეკრული გუნდი - ეროვნული ნაკრებია, რომელიც ხშირად თამაშობს ერთიდაიმავე შემადგენლობით. ისინი რაგბის განვითარებისთვის იღწვიან და შედეგიც სახეზეა. ეს ტურნირი დიდი 10-ის ბიჭების განვითარებას, გამოცდილების მიღებას ემსახურებოდა და ვფიქრობ, ამ მხრივ მიზანი მიღწეულია“.

 

ამ თამაშის წინ წვიამ გადაიღო, თუმცა ბურთი და მოედანი სველი იყო, რამაც ტექნიკური წუნი განაპირობა. იმისათვის, რომ გამოცდილება რაც შეიძლება ბევრ მოთამაშეს მიეღო, საქართველო XV-მა წინა მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობის 6 მორაგბე შეცვალა. შედეგად, თამაშის დალაგება ვერ მოხერხდა და სწრაფმა ბრაზილიელებმა ამით კარგად ისარგებლეს.

 

ანგარიში ჯოშ რივზმა ჯარიმით გახსნა, რაზეც თედო აბჟანდაძემ მე-10 წუთზე უპასუხა. მალე გურამ შენგელიამ ხაზი გაჭრა და თითქოს ლელო გარდაუვალი იყო, მაგრამ მეტოქე ჯარიმის ხარჯზე გადარჩა. ამას 5-მეტრიან წყვეტილთან დერეფანი და მოლი მოყვა, რომელიც გიორგი ჭყოიძის ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მალე რივზმა ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა - 8:6.

 

24-ე წუთზე ბრაზილიელებმა კარის წინ 22-ის ხაზზე დანიშნული შერკინებიდან მარცხნივ სწრაფად გაშალა ბურთი, ბოჭვები დაგვიანდა და დანიეუ სანსერის ლელო რივზმა გარდასახა. ტაიმი მაინც საქართველო XV-ის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც დასკვნით წუთებში კიდევ ერთი მოლი დააყენა, მას ბოლო მომენტში გურამ შენგელია მოწყდა და ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა - 15:13.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ გასატანი პოზიციიდან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ ამ უპირატესობის გამყარება ვეღარ მოხერხდა. 50-ე წუთზე რეფერიმ ნიკოლოზ სუხაშვილი გაასინბინა, რივზს ჯარიმა გაუფუჭდა, თუმცა 58-ე წუთზე ბრაზილია დაწინაურდა: დანიეუ სანსერიმ თავისი ნახევრიდან წამოიწყო კონტრშეტევა და 5-მეტრიან წყვეტილამდე ირბინა, დაცვამ დაწყობა ვერ მოასწრო და რაქიდან ლელოში მისი ძმა ფელიპი სანსერი შევიდა, ხოლო რივზმა გარდასახა.

 

დასკვნით 20 წუთში თამაში აირია. მიუხედავად ამისა, საქართველო XV-ს გამარჯვების მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ აბჟანდაძის დარტყმული ბურთი ზედ კარის წინ დაეშვა და მეტოქემ 20:18 იმარჯვა.

 

ამრიგად, „რაგბის ზაფხულის თასის“ პირველი გათამაშების გამარჯვებული 9 ქულით ‘რასინგ 92’ გახდა, საქართველო XV 5 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა, ბრაზილია 4 ქულით მესამეა, ხოლო არგენტინა XV 1 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.

 

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი.

საქართველო XV - ბრაზილია 18:20

 

საქართველო XV: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. დემურ თაფლაძე, 13. რევაზ ჯინჯიხაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. აკაკი ტაბუცაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გიორგი მარგალიტაძე; 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ტარიელ დონაძე, 4. თორნიკე აქუბარდია, 5. გელა შალამბერიძე, 6. გუგა შენგელია, 7. ბექა საღინაძე, 8. ნიკოლოზ სუხაშვილი.

მარქაფა: 16. ჟორჟ სალდაძე, 17. გოგა ხუროშვილი, 18. მიხეილ ფსუტური, 19. სანდრო მამამთავრიშვილი, 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 21. არსენ ტრაპაიძე, 22. გიორგი კაკაურიძე, 23. დავით კლდიაშვილი, 24. თემურ ირემაძე, 25. ირაკლი სვანიძე, 26. დავით გობეჯიშვილი.

 

ბრაზილია: 15. დანიეუ სანსერი, 14. ლუკას ტრანკეს, 13. ფელიპი სანსერი, 12. მოისეეს დუკი, 11. რობერტ ტენორიუ, 10. ჯოშ რივზ, 9. ლუკას დუკი; 1. ლუკას აბუდ, 2. ვილტონ რებოლო, 3. ჟარდეუ ვეტორატო, 4. ლუიზ ვიერა, 5. გაბრიეუ პაგანინი, 6. კლებერ დიას, 7. არტურ ბერგუ, 8. ანდრე აჰუდა.

მარქაფა: 16. დევიდ მიულერი, 17. კაიკი სილვა, 18. მატეუს როხა, 19. ლუკას პიერუ, 20. მაიკლ ოლივეირა მორაის, 21. დანიელ სილვა, 22. სტეფანო ჯანტორნო, 23. დევეტ ფან’ნიკერკ, 24. ვალანტენ გარსია, 25. მათეუს კლაუჯუ.