ქვიშის რაგბზე ორი გუნდით

04.08.18

 

საქართველოს კაცთა და ქალთა ქვიშის რაგბის ნაკრებები გუშინ გამთენიისას მოსკოვში, ქვიშის რაგბის მეორე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ.

 

ტურნირი 4-5 აგვისტოს გაიმართება და მთავარი პრიზისთვის კაცებში 12, ხოლო ქალებში 8 ნაკრები იბრძოლებს. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია, მეორე დღეს - ფლეი ოფები და ფინალები.

 

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი არ ტარდება და ჩვენი გუნდებიც მოყვარულებითაა დაკომპლექტებული.

 

მიუხედავად ამისა, შარშან კაცთა გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა (მონაწილეობდა 8 გუნდი). წელს მონაწილეთა რაოდენობა 12-მდეა გაზრდილი და გუნდები სამ 4-გუნდა ჯგუფში არიან განაწილებული, საიდანაც ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთსო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის.

 

საქართველო „გ“ ჯგუფში მოლდოვის, ლიტვისა და ბელარუსის ნაკრებებთან ითამაშებს; „ა“ ჯგუფში იტალია, ხორვატია, ავსტრია და თურქეთი განაწილდნენ; „ბ“ ჯგუფში მასპინძელი რუსეთი, სლოვენია, აზერბაიჯანი და ლატვია მოხვდნენ.

 

საქართველოს ნაკრებს ბოლო მომენტში საკადრო პრობლემები შეექმნა და 12-კაციან განაცხადს ვერ ავსებს. გუნდს შარშანდელის მსგავსად გიორგი ქოპილაშვილი წვრთნის და მას გიორგი შკინინი ეხმარება, რომელიც ამავდროულად ითამაშებს კიდეც.

 

„პირველი ვარჯიში ორიოდე დღის წინ გავმართეთ. ჩვენს მიერ შერჩეული 12 მორაგბიდან ორი გამოგვაკლდა და „გოშასაც“ მოუწევს თამაში. ვეცდებით სირთულეებით დავძლიოთ, სწრაფად გავიაროთ ადაპტაცია და ფინალში გასასვლელად ვიბრძოლოთ. წელს ტურნირს რამდენიმე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაემატა და მოსკოვში უფრო ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს“ - ამბობს ქოპილაშვილი.

 

კაცთა გუნდში ითამაშებენ: იოანე ხელაია (აკადემია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), თორნიკე მანაგაძე (აია), დიმიტრი კიკნაძე (ჯიქი), გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი, მოსკოვში ხვალ გაფრინდება).

 

4 აგვისტოს განრიგი

საქართველო - მოლდოვა (14:40 თბ.დრ.)

საქართველო - ლიტვა (17:30)

საქართველო - ბელარუსი (20:00)

 

ქალთა ტურნირი

ქალთა ტურნირში შარშან მხოლოდ 4 მონაწილე იყო, წელს კი მათი რაოდენობა გაორმაგდა. საქართველო „ბ“ ჯგუფში იტალიის, ბელარუსისა და ხორვატიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო „ა“ ჯგუფში რუსეთი, სლოვენია, ლატვია და ავსტრია მოხვდნენ.

 

შარშან საქართველომ ქვიშის ევროპის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე წელსაც ფინალში გასვლას გეგმავს. გუნდის ბირთვი იმ გოგონებისგან შედგება, რომლებმაც დაახლოებით ორი თვის წინ 7-ქალას ევროპის კონფერენც დივიზიონი მოიგეს და „ალაფაზე“ აღზევდნენ:

 

„ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატს მეორედ ვთამაშობთ. 7-ქალას ევროპის კონფერენც დივიზიონის მოგების შემდეგ, თავდაჯერებულები და მოტივირებულები ვართ, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს სულ სხვა სახის ტურნირია. ქვიშა უფრო დამღლელია და წესებიც განსხვავებულია. ვარჯიში 20 დღეა განვაახლეთ და ერთხელ ქვიშაშიც ვივარჯიშეთ. მართალია ტურნირს ქვიშაში მოთამაშე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაემატნენ, მაგრამ ჩვენი მიზანი მინიმუმ ფინალში გასვლა და იქ ბოლომდე ბრძოლაა“ - ამბობს მალაღურაძე.

 

ქალთა გუნდში ითამაშებენ: სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, ნათია გავაშელიშვილი, თინათინ სიხარულიძე, ირმა გულიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანი კაპანაძე, თამარ მანაგაძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი.

 

4 აგვისტოს განრიგი

საქართველო - იტალია (13:00 თბ.დრ.)

საქართველო - ხორვატია (15:40)

საქართველო - ბელარუსი (18:30)