დიდი 10 | აკადემია 7:46 ბათუმი

02.09.18

© ანი რეხვიაშვილი

 

‘ბათუმმა’ „ავჭალაზე“ ‘აკადემიას’ დიდი 10-ის ახალი სეზონის პირველ მატჩში 7 ლელო გაუტანა და ბონუს ქულით, 46:7 ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა.

 

თბილისში გამართულმა მატჩმა სრულად სტუმართა დომინირებით ჩაიარა. ისინი თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და მასპინძლებს მეტოქის მიძალებების შესაჩერებლად ძალები მხოლოდ 20 წუთი ეყოთ. ამ პერიოდში ‘ბათუმმა’ დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციით ერთი ლელო გაიტანა, მაგრამ ბექა მამრიკიშვილმა მანამდე თამაშის წესი დაარღვია.

 

22-ე წუთზე ზღვისპირელებმა მარჯვენა ფრთაზე შექმნეს მეტობა და ბექა ურჯუკაშვილმა ცენტრალური ხაზიდან ლელომდე ირბინა. რადგან კაცნაკლულები იყვნენ, მამუკა ნინიძემ, რომელმაც მანამდე გარდასახვაც გაიტანა, კარის წინ 20 მეტრში დანიშნული ჯარიმიდან კიდევ 3 ქულა აიღო, შესვენების წინ კი ბათუმელთა კონტრშეტევა თბილისელებმა ჯარიმის და სინბინის ხარჯზე შეაჩერეს. სტუმრებმა შერკინება ირჩიეს, მეტოქეს უკან დაახევინეს და ვანო ფუტკარაძემ ლელო გაიტანა - 15:0.

 

მეორე ტაიმი პრაქტიკულად ანალოგიური ეპიზოდით დაიწყო, ამჯერად ფუტკარაძემ შერკინებიდან სწრაფად გაიტანა ბურთი და მეორე ლელო მიითვალა. 5 წუთში ‘ბათუმმა’ მეტოქე მისსავე ნახევარზე შეავიწროვა, ბურთი მოიპოვა და ხვიჩა ბუჯიაშვილმა მორიგი ლელო გაიტანა. კიდევ 5 წუთში ლადო მიმინოშვილმა გადაცემა ჩაჭრა და ბუჯიაშვილმა ლელო  ზურაბ ერისთავს გაატანინა, ხოლო 62-ე წუთზე ხვიჩამ 22 მეტრი ირბინა და თავი მეორედ გამოიჩინა.

 

მალე ‘ბათუმმა’ დერეფნიდან პირველი ტაიმის მსგავსი კომბინაცია გაითამაშა და გიორგი თევდორაძემ ამჯერად ლელო წესების დაცვით გაიტანა. სულ ბოლოს ‘აკადემიამ’, კერძოდ გიორგი მოსულიშვილმა ერთი პრესტიჟის ლელო მიითვალა და ‘ბათუმმა’ 46:7 იმარჯვა.