ავთანდილ ჩოგოვაძე იუბილარია

05.09.18

 

ვეტერან მორაგბე ავთანდილ ჩოგოვაძეს დღეს 70 წელი შეუსრულდა! საქართველოს რაგბის კავშირი იუბილარს ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

 

„რიჟა“ - როგორც მას სარაგბო წრეებში იცნობენ, რაგბს საკმაოდ გვიან, 25 წლის ასაკში ეზიარა, თუმცა ბუნებრივი ნიჭით უხვად დაჯილდოვებულმა დიდ წარმატებას მიაღწია და ბევრი ქუთაისელი ახალგაზრდისთვის მაგალითად იქცა.

 

ავთანდილ ჩოგოვაძე ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული და ქუთაისში ჯერ ფეხბურთს, შემდეგ კი კალათბურთს თამაშობდა. სწორედ კალათბურთის თამაშისას შენიშნა ის ქუთაისური რაგბის მამამ შაკო ქურციკიძემ, რომელიც ქალაქში რაგბის აღორძინებას ცდილობდა და გუნდს კრავდა.

 

1973 წლის ერთ დღეს „რიჟა“ რაგბის ვარჯიშზე მივიდა, წესებს გაეცნო, თამაშს ალღო მალევე აუღო და ქუთაისური გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მას შემდეგ ის მუდამ სასტარტო 15-ში იყო და სათადარიგოთა სკამზე არასდროს დამჯდარა. ძვალმსხვილმა, 75 კილოგრამი წონის სპორტსმენმა რაგბის თამაში ფრთაზე დაიწყო, მალე ცენტრში გადაინაცვლა, თამაშის ნიუანსების შესწავლასთან ერთად ფულბეკის საპასუხისმგებლო პოზიცია ჩაიბარა და კარიერის უდიდესი ნაწილი იქ გაატარა, სულ ბოლოს კი მგეზავადაც ითამაშა.

 

პირველი ორი წელი ჩოგოვაძე საქართველოს პირველობაზე თამაშობდა, 1975 წლიდან კი, ქუთაისური რაგბის აღმასვლა დაიწყო. გუნდმა ფეოდოსიაში საკავშირო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა და საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში აღზევდა, სადაც პირველი ლელო სწორედ „რიჟამ“ გაიტანა. 1978 წელს ‘აიას’ წინამორბედმა ‘სახლმშენმა’ სსრკ-ს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და პირველი ქუთაისური ლელო აქაც „რიჟამ“ გაიტანა.

 

ავთანდილ ჩოგოვაძეს კიდევ სხვა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია. მან 40 წლამდე ითამაშა და სისწრაფე და ფინტი არასდროს დაუკარგავს, ფეხბურთში გატარებული წლები ფეხით თამაშში, ხოლო კალათბურთი ჰაერში თამაშში დაეხმარა:

 

„მოსკოვის ‘ფილისთან’ მატჩის ბოლო წუთები მიმდინარეობდა და ვაგებდით, ამას კი ვერასდროს ვეგუებოდით და ბოლომდე ვიბრძოდით. ოლეგ ლიპარტელიანმა მოედნის შუაში მოლიდან გამოიტანა ბურთი და შესანიშნავი პასი მომცა. მეც ბევრი აღარ მიფიქრია, ცენტრიდან პირდაპირ კარში დავარტყი, არეკნი გავიტანე და შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ  მსაჯმა ჩვენს მწვრთნელს, შაკო ქურციკიძეს  უთხრა - „ეს რიჟა კი არა, ოქრო ყოფილაო“. კარიერაში ორჯერ მაქვს ცენტრიდან არეკნი გატანილი. სხვა ბევრ თამაშსაც გავიხსენებდი. ხშირად გადამწყვეტ მომენტში 15 ნომრის პოზიციიდან ფლანგზე „შევიპარებოდი“, დუგლას კავთელაშვილი ბურთს გადმომიკიდებდა, დავიჭერდი, შევირბენდი ლელოში და სანამ რუსები გონზე მოვიდოდნენ, პირდაპირ ძელებს შორის ვამიწებდი“ - იხსენებს ავთანდილ ჩოგოვაძე.

 

„რიჟამ“ ‘სახლმშენში’ 1984 წლამდე ითამაშა და საბჭოთა კავშირის ვერცხლის მედლებს დაეუფლა, მომავალი წლიდან კი ‘გელათში’ გადავიდა, რომელსაც მოგვიანებით ‘ბაგრატი’ ეწოდა. ახალ გუნდში ასაკის გამო მას ახალი მეტსახელი, „ბაბუ“ შეარქვეს.

 

ავთანდილ ჩოგოვაძე ახლა თბილისში მუშაობს და დიდი 10-ის თამაშებს არ აცდენს. მას ორი ქალიშვილი ყავს, რომლებიც დაოჯახებულები არიან და 12 წლის შვილიშვილის რაგბზე მიყვანას გეგმავს.

 

„მე 25 წლის ვიყავი რაგბის თამაში რომ დავიწყე და სსრკს მასშტაბით საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. ჩემი შვილიშვილი რაგბს 12 წლის ასაკში ეზიარება და იმედი მაქვს, რომ გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწევს“ - ამბობს ვეტერანი, იუბილარი მორაგბე.