7-კაცა | ევროპის გრან-პრის მეოთხე ეტაპი

05.09.18

 

მომავალ უქმეებზე საქართველოს 7-კაცა ნაკრები პოლონეთის ქალაქ ლოძში ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპს ითამაშებს.

 

8 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება და ჩვენი გუნდი საქართველოს დროით 12 საათზე საფრანგეთს შეხვდება, 15:07-ზე შვედეთს, ხოლო 17:30-ზე ინგლისს. „ბ“ ჯგუფში რუსეთი, უელსი, გერმანია და პოლონეთი მოხვდნენ, ხოლო „გ“ ჯგუფში ირლანდია, პორტუგალია, ესპანეთი და იტალია ითამაშებენ.

 

ყველა მატჩის სტრიმი ნახე აქ >>>

 

წინა სამ ეტაპს თუ გადავხედავთ, საქართველო მუდმივ პროგრესს განიცდიდა და პირველ ეტაპზე (რუსეთი, მოსკოვი) მე-11 ადგილი დაიკავა, მეორეზე (საფრანგეთი, მარკუსი) მე-10, ხოლო მესამეზე (ინგლისი, ექსეთერი) მეექვსე. შედეგად, საერთო ჩათვლაში ჩვენი გუნდი 15 ქულით მე-9 ადგილზეა (12 გუნდს შორის) და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გრან პრიზე ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.

 

დღეში ორი თამაშის მოსაგებად

 

 

ჩვენმა 7-კაცამ ევროპის გრან პრის დასკვნითი ეტაპისთვის მზადება ივლისის მიწურულს, ფიზმომზადებით დაიწყო, ნელ-ნელა საქმეში ბურთი ჩაერთო და „შევარდენზე“ 3-4 დღიანი შეკრებები გაიმართა.

 

„რადგან მოთამაშეები კლუბებში ემზადებოდნენ, რამდენიმე ხანმოკლე შეკრება გვქონდა და ტაქტიკური მონახაზები გავიხსენეთ. ახლა სეზონის დასაწყისია და ყველა გუნდი ერთნაირ კონდიციაში ვართ, როგორც ფიზმომზადების, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. სეზონის დასაწყისს მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდები გადახალისებული შემადგენლობებით ხვდებიან და ვეცდებით ეს ფაქტი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

 

ლოძში 6 სექტემბერს მივემგზავრებით და ბირთვს ის მოთამაშეები წარმოადგენენ, რომელთაც ექსეტერის ეტაპზე დიდი პროგრესი ჰქონდათ. 12-კაციან განაცხადში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და აკაკი ტაბუცაძის ნაცვლად ნიკო აფციაური მიგვყავს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა.

 

პროგრამა მინიმუმი საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაა. გვაქვს სხვა მიზანიც - რომელიმე სათამაშო დღეს მინიმუმ ორი თამაშის მოგება, რაც საკუთარი ძალების რწმენას დაგვიბრუნებს“ - ამბობს მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა.

 

ლოძის ეტაპზე ითამაშებენ

 

 

ნიკო აფციაური (ლელო-სარასენს), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე’უმც (აია), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ოთარ ძაგნიძე (აია).