დიდი 10 | მეორე ტური

06.09.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

ხვალ 17 საათზე, დიდი 10 ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში დაბრუნდება. ახალი სეზონის მეორე ტურის პირველ მატჩში ‘ბათუმი’ რუსთავის ‘ხარებს’ დაუხვდება.

 

პირველ ტურში რუსთაველებმა თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ უმასპინძლეს, მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და 3 ლელო გაუტანეს, მაგრამ გადამწყვეტი შეტევა ვეღარ განახორციელეს და 26:29 დამარცხდნენ. პირველ ტურში ‘ხარები’ იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც მცირედი სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა აიღო.

 

‘ბათუმი’ თბილისში ‘აკადემიას’ ეწვია და დიდი სხვაობით, 46:7 იმარჯვა. სტუმრებს პირველ ტაიმში თამაშის დალაგება გაუჭირდათ, მხოლოდ ორი ლელო გაიტანეს და 15:0 დაწინაურდნენ, შესვენების შემდეგ კი ლელოები ერთომეორეს მიყოლებით გაიტანეს და ერთი საპასუხო ბოლოსღა გაუშვეს. ბათუმელებმა ჯამში 7 ლელო გაიტანეს, აქედან ორ-ორი ვანო ფუტკარაძის და ხვიჩა ბუჯიაშვილის ანგარიშზეა.

 

ერთი კვირის წინანდელ შემადგენლობასთან შედარებით, ‘ხარებმა’ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. დიდი ხნის შესვენების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდება ბორჯღალოსანი კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა დროს ტოპ 14-ის კლუბებში - ‘ბრივში’, ‘კლერმონსა’ და ‘ტულონში’ უთამაშია, გასული სეზონი კი რუმინეთში გაატარა. ფულბეკად თამაშს თორნიკე თეგეთაშვილი იწყებს, ხოლო გარემარბი ლექსო მელიქიშვილია.

 

გამარჯვებულ შემადგენლობაში სულ ორი მორაგბე შეცვალა ‘ბათუმმა’ და ორივე ცვლილება შერკინებაზე მოდის. მარჯვენა ბურჯი მიხეილ წიკლაურის ნაცვლად ტარიელ დონაძე იქნება, ხოლო მესამე ხაზში ჯონდი კორტავა იწყებს. განაცხადში ბრუნდება ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე, რომელიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.