დიდი 10 | მეორე ტური

07.09.18

© ანი რეხვიაშვილი

 

2018/2019 წლების სეზონის დიდი 10-ის მეორე ტურის ორი თამაში თბილისში გაიმართება და მათგან პირველს შაბათს, 8 სექტემბერს დიდი დიღმის „ლელო არენა“ უმასპინძლებს. ‘ლელო-სარასენსი’ დებიუტანტს, პატარძეულის ‘ვეფხვებს’ დაუხვდება და მატჩი 15 საათზე დაიწყება.

 

‘ლელო-სარასენსმა’ პირველ ტურში რუსთავში, ‘ხარებთან’ ითამაშა და დაძაბულ, სანახაობრივ ბრძოლაში 29:26 იმარჯვა. თამაშში ლიდერი 7-ჯერ შეიცვალა. თბილისელებმა 4 გაიტანეს და ამდენივე მიიღეს, გამარჯვების მომტანი კი მერაბ კვირიკაშვილის მიერ 23-ე წუთზე გატანილი ჯარიმი აღმოჩნდა. ორი ლელო აკაკი ტაბუცაძემ მიითვალა, აქედან ერთ-ერთი 95-მეტრიან შეტევას მოყვა. თითოჯერ გამოიჩინეს თავი დემე თაფლაძემ და მათე დარძულიძემ.

 

მომავალ თამაშში მასპინძლებს სოსო მათიაშვილი, თენგიზ პერანიძე და ნიკო აფციაური ვერ დაეხმარებიან, რომლებიც საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ერთად პოლონეთში, ევროპის გრან პრის მეოთხე, ლოძის ეტაპზე გაემგზავრნენ (გაიმართება 8-9 სექტემბერს). მთლიანობაში, რუსთავში ნაბრძოლ სასტარტო შემადგენლობაში გუნდის ნახევარი, 7 მოთამაშე შეიცვალა.

 

შერკინებაში აფციაურის ნაცვლად ფლანკერად სანდრო მამამთავრიშვილი ითამაშებს, კვაჭი თენგიზ ზამთარაძე იქნება, მეორე ხაზში გიორგი ქერდიყოშვილი დაწინაურდა, ხოლო შემკვრელი თორნიკე ბუბუტეიშვილი. 9 ნომრის პოზიციაზე პერანიძის ნაცვლად გიორგი მარგალიტაძე ითამაშებს, ფრთაზე მათიაშვილის ადგილს რატი შანიძე დაიკავებს, ხოლო ცენტრში რევაზ ჯინჯიხაძეს ბექა მამუკაშვილი შეუწყვილდება.

 

ერთი კვირის წინ რუსთავში ითამაშა პატარძეულის ‘ვეფხვებმაც’, რომელსაც დიდ 10-ში დებიუტი საქართველოს ჩემპიონ ‘ლოკომოტივთან’ ჰქონდა და სახელოვან მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. კახელებმა ჩემპიონს 3 ლელო გაუტანეს (ლაშა შალიკაშვილი, ვანო გელაშვილი და ალექსი მუჩიაშვილი) და ჯამში 22 ქულა აიღეს - 22:47.

 

‘ვეფხვების’ ხელმძღვანელობამ ერთი კვირის წინანდელ სასტარტო შემადგენლობაში შერკინება და ღერძი უცვლელი დატოვა. გიორგი ბებიაშვილმა ფულბეკის პოზიციიდან ფრთაზე გადაინაცვლა. შეიცვალა მეორე ფრთაც და თამაშს მურაზ გიორგაძე იწყებს, ხოლო 15 ნომერზე ლაშა გურგენიძე დადგება.