დიდი 10 | მეორე ტური

07.09.18

© გიგა შუბითიძე

 

ხვალ საღამოს, 17:15 საათზე ქუთაისის „აია არენაზე“ დიდი 10-ის 2018/2019 წლების სეზონის პირველი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს პირველ ტურში გამარჯვებული გუნდები - ‘აია’ და ‘არმაზი’ შეხვდებიან.

 

ქუთაისელებმა ახალი სეზონის სადებიუტო შეხვედრა თბილისში, ‘არმიას’ წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს. ‘აიამ’ ტაიმი 50:0 მოიგო, რის შემდეგაც თავს მოდუნების საშუალება მისცა და საბოლოოდ 57:14 იმარჯვა.

 

მარნეულის ‘არმაზმა’ ერთი კვირის წინ გორის ‘ჯიქს’ უმასპინძლა და თვალსასეირო შეხვედრაში 38:15 იმარჯვა. მასპინძელთაგან 3 ლელო სანდრო სვანიძემ მიითვალა, თითო-თითო გიორგი კვესელაძემ და გოგა ხუროშვილმა.

 

მომავალ თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. ‘აიამ’ საქართველოს 7-კაცა ნაკრებში ლაშა ლომიძე და ოთარ ძაგნიძე მიავლინა, ‘არმაზმა’ ილია სპანდერაშვილი.

 

ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და შუამარბად ლომიძის ნაცვლად ირაკლი სიმსივე ითამაშებს.

 

‘არმაზმა’ ოთხი მოთამაშე შეცვალა. თამაშს იწყებს მარცხენა ბურჯი თორნიკე ჯიბლაძე, ხოლო მესამე ხაზში ოთარ მინაშვილი და იოანე იაშაღაშვილი გამოჩნდნენ. გუნდის კაპიტანმა ბადრი ლიპარტელიანმა ფრთიდან ცენტრში გადაინაცვლა და მის ადგილს ლევან ბრაგვაძე დაიკავებს.