დიდი 10 | ბათუმი 8:15 ხარები

07.09.18

© ივანე ბაკურაძე

 

რუსთავის ‘ხარებმა’ ‘ბათუმს’ მისსავე „რაგბი არენაზე“ დაძაბულ ბრძოლაში 15:8 აჯობა და 2018/2019 წლების დიდი 10-ის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

 

მეორე ტურის პირველი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მძიმე აღმოჩნდა. რუსთაველებმა დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება, 5-მეტრიანი დერეფნიდან შეტევა გაშალეს, დათო თაბუკაშვილმა ბოჭვა აირიდა და ლელოთი ანგარიში გახსნა. ‘ხარებმა’ მასპინძლებს აგრესიული დაცვა დაუპირისპირა და ‘ბათუმს’ 22-თან მიახლოვების შანსი არ მისცა, რის გამოც მამუკა ნინიძემ 43 მეტრიდან ჯარიმის დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

 

მეორე ტაიმის მე-9 წუთზე მეტოქის 22-თან დანიშნული დერეფნიდან უკვე ‘ბათუმმა’ შეუტია, საბა შუბითიძემ ხაზი გაჭრა და 20-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. ბექა ურჯუკაშვილს გასატანი გარდასახვა გაუცუდდა, რაზეც კობა ბუჯიაშვილმა ასევე არაზუსტი ჯარიმით უპასუხა, 65-ე წუთზე კი, ნინიძემ 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ზღვისპირელები წინ გაიყვანა - 8:5.

 

მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ‘ბათუმმა’ საკუთარ 22-ში დაკარგა ბურთი, ის ლაშა გოგიაშვილს მიუვიდა და ლელომდე ვეღარავინ შეაჩერა. დასკვნით წუთებში ‘ხარებმა’ მასპინძლების წნეხის ქვეშ მოქცევა მოახერხა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ცენტრისკენ ერთ დარტყმას ორი მოკლე ფრთაზე მიძალება მოყვა და გიგა ქვლივიძემ რუსთაველებს სეზონის პირველი მოგება დაუბევა - 15:8 ‘ხარების’ სასარგებლოდ.