დიდი 10 | მეორე ტური

08.09.18

© ანი ბერთლანი

 

დიდი 10-ის მეორე ტური 9 სექტემბერს „ავჭალაზე“, თბილისური დერბით დასრულდება. საქართველოს ჩემპიონი ‘ლოკომოტივი’ ‘არმიას’ მასპინძლობს და მატჩი 17:15 საათზე დაიწყება.

 

პირველ ტურში გუნდებმა განსხვავებული შედეგები აჩვენეს - პირველმა დიდი სხვაობით და ბონუს-ქულით მოიგო, მეორე დიდი სხვაობით დამარცხდა.

 

‘ლოკომოტივს’ მეტოქედ დიდი 10-ის დებიუტანტი პატარძეულის ‘ვეფხვები’ ყავდა, 7 ლელო გაიტანა და 47:22 იმარჯვა. სამი ლელო გაიტანა გასული სეზონის საუკეთესო მელელოვემ, ვეტერანმა გიორგი შკინინმა.

 

ჩემპიონმა გამარჯვებულ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა. ზურაბ ძნელაძის ნაცვლად, რომელიც საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ერთად პოლონეთში, ევროპის გრან პრის მეოთხე ეტაპზე თამაშობს, ცენტრში ვახტანგ კავთიძეს გიორგი ტალახაძე შეუწყვილდება, ხოლო შერკინების მესამე ხაზში ვასიკო ყველაიძეს ვიხილავთ. ძირითადშია შკინინი, რომელმაც გასული სეზონის მიწურულს ‘არმიას’ 6 ლელო გაუტანა.

 

‘არმიამ’ მიხეილ მასხარაშვილის წყვილი ლელოთი ‘აიას’ მეორე ტაიმი 14:7 მოუგო, მაგრამ პირველი 0:50 ჰქონდა წაგებული და საბოლოოდ 14:57 დამარცხდა. შედეგით უკმაყოფილო მწვრთნელებმა შემადგენლობის თითქმის ნახევარი, 7 მოთამაშე შეცვალეს.

 

‘ლოკომოტივთან’ მატჩში კვაჭი ჯონათან პაატაშვილი იქნება, მარჯვენა ბურჯი ვასილ ებრალიძე, ხოლო მეორე ხაზში დავით მგალობლიშვილი გამოჩნდება. 9 ნომერი შალვა დავითაშვილი იქნება. სრულად შეიცვალა ცენტრი, სადაც საბა ნიკოლავა და ნიკა ცირეკიძე შეწყვილდებიან, ხოლო გარემარბად თედო დევიძეს ვიხილავთ.