დიდი 10 | ლოკომოტივი 21:8 არმია

09.09.18

© ანი რეხვიაშვილი

 

თბილისის ‘ლოკომოტივმა’, ისევე, როგორც ქუთაისის ‘აიამ’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’, 2018/2019 წლების დიდი 10-ის სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.

 

ჩემპიონმა დედაქალაქურ დერბიში ‘არმიას’ სამი ლელო გაუტანა, მაგრამ თავად ერთი გაუშვა და ბონუსი ვერ აიღო. გუნდებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ხშირი იყო შერკინებები, რაშიც ‘ლოკომოტივი’ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებასაც ამის ხარჯზე მიაღწია.

 

თამაში ‘ლოკომოტივის’ იერიშებით დაიწყო და 10 წუთზე მეტი მეტოქის 22-ში გაატარა. ‘არმია’ რამდენჯერმე დაჯარიმდა, თუმცა რკინიგზელებმა ჯიქურ ლელოზე ითამაშეს, მე-12 წუთზე მოლით 5 მეტრი გაიარეს და ფარნა გასვიანმა ლელო გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახა. ‘არმია’ მეტოქის ნახევარზე გადავიდა და ბახვა კობახიძეს მე-17 წუთზე ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა მე-19 წუთზე შორიდან ზუსტად დაარტყა - 7:3.

 

მთლიანობაში, პირველი ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა და ანგარიშიც მხოლოდ გაწითლებულ დროზე შეიცვალა. ‘ლოკომოტივმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მორიგი მოლი დააყენა და შალვა მამუკაშვილმა ლელო გაიტანა. წიკლაურის გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო - 14:3.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არმიამ’ გასატან პოზიციაში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ კობახიძეს მიზანმა უმტყუნა. 56-ე წუთზე ვასიკო ყველაიძე სინბინით დაისაჯა და ‘ლოკომოტივი’ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. ‘არმიამ’ ამით ისარგებლა, 59-ე წუთზე ნიკა ცირეკიძემ გრძელი გადაცემა მიიღო, მცველი აიყვანა და მარჯვენა ფრთაზე თორნიკე გოგლიძეს პასი არ დაუგვიანა, რომელმაც ლელომდე ირბინა და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა.

 

კაცნაკლული ‘ლოკომოტივის’ შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა - სინბინით არმიელთა ბურჯი ნიკა ჩუმაშვილი დაისაჯა. რკინიგზელებმა კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, რამდენიმე მიძალების შემდეგ გიორგი ბეგაძე გაძვრა და მისი ლელო წიკლაურმა გარდასახა - 21:8.

 

დარჩენილ დროში ‘არმია’ უფრო აქტიურობდა, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ბოლო წუთზე კონტრშეტევა მიიღო და ის 22-ში სინბინის ხარჯზე შეაჩერა. ‘ლოკომოტივმა’ ბოლო დერეფნის მოგება ვერ შეძლო და შესაბამისად, ბონუსის აღების შანსიც გაანიავა, თუმცა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.