7-კაცა | სამი მოგებით მეცხრეზე

10.09.18

© Jan Perlich

 

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, ლოძში (პოლონეთი), 2018 წლის ევროპის გრან პრის სერიის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე მიჯრით სამი თამაში მოიგო, თუმცა ამ შედეგით მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა, ხოლო წლეანდელ სერიაზე ჯამშ მე-10 ადგილს დასჯერდა.

 

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, საფრანგეთთან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და ორჯერ ახლოს ვიყავით ლელოს გატანასთან, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეორე ნახევრის დასაწყისში ორ შეცდომას ფრანგების ლელო-გარდასახვა მოყვა. საქართველომ მალევე დაიბრუნა ინიციატივა და ნიკო აფციაური აუტში ზედ ლელოსთან გადაიყვანეს. სამაგიეროდ ფრანგები დერეფანში შეცდნენ და ზურაბ ძნელაძემ ლელო ალამთან გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და საფრანგეთმა 7:5 იმარჯვა.

 

შვედეთთან მატჩის მეორე წუთზე რეფერიმ ირაკლი სვანიძე მე-2 წუთზე წითელი ბარათით გააძევა და 12 წუთი კაცნაკლულები დავრჩით. ამით მეტოქემ ისარგებლა და მალევე ლელო გაიტანა, ხოლო ზედ შესვენების წინ კონტრშეტევა მივიღეთ და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ - 0:12. საქართველოს ნაკრები არ დანებდა და მეორე ტაიმის შუაში რამაზ ხარაზიშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა. მაგრამ თამაშის განახლებისთანავე, როდესაც შვედების მწვავე შეტევა მოვიგერიეთ, რეფერიმ სინბინით მოედანზე 5 კაცის ამარა დაგვტოვა და მეტოქე საჯარიმო ლელოთი დაასაჩუქრა. 5-მა ქართველმა ორით მეთ მეტოქეს კიდევ ერთი ლელო გაუტანა და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და შვედებმა 19:14 იმარჯვეს.

 

ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ინგლისთან 0:5 ჩამოვრჩით. საქართველომ კარგი შეტევით უპასუხა, მათიაშვილმა მცველებს თავგზა აუბნია და რამაზ ხარაზიშვილი ძელებსშუა შეუშვა -7:5. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისმა ორი ლელო გაიტანა და 10 ქულით დაწინაურდა. ხელაია-ძნელაძე-ხელაიას გარღვევის შემდეგ, საქართველომ მატჩის მოგების იმედი დაიბრუნა, ბოლო შეტევა კი აფციაურმა დააგვირგვინა და საქართველომ ინგლისი 19:17 დაამარცხა.

 

თასის ნახევარფინალში გასასვლელად საჭირო იყო, რომ საფრანგეთს შვედები დაემარცხებინა, მაგრამ რეფერიმ პირველსავე წუთზე ფრანგ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა, მატჩი შვედების გამარჯვებით დასრულდა და საქართველო ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩა.

 

მეორე დღეს, მე-9 ადგილის ნახევარფინალში უელსს შევხვდით. საქართველოს ნაკრების შეტევაში, რომელიც ჩვენი 22-იდან დაიწყო, მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ძნელაძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა. ტაიმის ბოლოს აფციაურმა სამი მბოჭავი ჩამოიცილა და რევაზ ხარაზიშვილმა თავისივე გატანილი ლელო გარდასახა -14:0. მეორე ტაიმში ოთარ ძაგნიძე მცველს ერთი-ერთზე გაექცა და მესამე ლელო გაიტანა. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო-თითო ლელო გაცვალეს და საქართველომ 28:5 იმარჯვა.

 

მე-9 ადგილისთვის მატჩში, მათიაშვილმა იტალიელთა ხაზი პირველსავე წუთზე გაჭრა და ანგარიში გახსნა. ტაიმის შუაში საქართველოს კარგი შეტევა ლელოთი აფციაურმა დააგვირგვინა, ხოლო ზედ შესვენების წინ მათიაშვილი ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და 19:0, უკვე გაწითლებულზე კი, რამაზ ხარაზიშვილმა მეტოქე მეოთხედ დაალელოვა. შესვენების შემდეგ იტალიელებმა ორი ლელოს გატანა მოახერხეს, საქართველომ ერთით უპასუხა და მეტოქე 31:12 დაამარცხა.

 

ამრიგად, ჩვენმა 7-კაცამ ლოძის ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა, ევროპის გრან პრიზე კი ჯამში მე-10 ადგილი დაიკავა და გაისადაც უძლიერესებში ითამაშებს.

 

ლოძის ეტაპზე ითამაშეს

 

ნიკო აფციაური (ლელო-სარასენს), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე’უმც (აია), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ოთარ ძაგნიძე (აია).