ჩემპიონატი ფავორიტების დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

10.09.18

 

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის (18 წლამდელები; 2000/01 წლებში დაბადებულნი) პირველობის ფორმატი უცვლელი დარჩა, თუმცა ჭაბუკებისთვის აკადემიური მოსწრების პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, ტურნირი ამიერიდან შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით ჩატარდება. პირველობა დაიწყება სექტემბერში და მაისის დასაწყისამდე გასტანს.

 

ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდი რეიტინგისა და ამერ-იმერის პრინციპით 4 ჯგუფად გადანაწილდა. 2-წრიანი შეჯიბრების შემდეგ, ჯგუფებში 1-2 ადგილზე გასული გუნდები (სულ 8 გუნდი) ტიტულისა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეორე ჯგუფური ეტაპიდან განაგრძობენ, რის შემდგომ ჯგუფებში 2-2 წარმატებული გუნდი, დაკავებული ადგილების მიხედვით, ერთმანეთს 1/2-ფინალში დაუპირისპირდება. გამარჯვებულები დიდ ფინალში, 2019 წლის ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენენ. 1/2-ში ხელმოცარულნი კი მცირე ფინალში, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

 

პლეი ოფსა და მედლებისთვის გადამწყვეტ შეხვედრებში უკეთესი რეიტინგის მქონე გუნდები მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მოწინავე გუნდების რიგი მოთამაშეები პარალელურად ძალებს ესპუარების (დუბლშემადგენლობა) და დიდი 10-ის პირველობაზეც მოსინჯავენ.

 

ჩემპიონატი იმერული დერბით დაიწყო. ‘ბ’ ჯგუფის ფავორიტმა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ‘აიამ’ ტურნირის დებიუტანტი ზესტაფონის ‘არწივები’, ქუთაისში 110:0 დაამარცხა. რიონისპირელთა დამრიგებელმა გაგა გურეშიძემ მოედანზე მხოლოდ 2001 წლებში დაბადებული მორაგბეები გაამწესა (ძირითად ბირთვს მხოლოდ პრინციპულ მეტოქეებთან დაპირისპირებაში გამოყენებენ), მარგველებს 17 უპასუხო ლელო გაუტანა და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღო.

 

‘პოკერი’(4 ლელო) ‘აიას’ მარბიელმა ირაკლი გაბისონიამ შეასრულა. ქუთათურთა მთავარ ამოცანას მიმდინარე პირველობაზე ტიტულის დაბრუნება წარმოადგენს. ‘აიამ’ ბოლოს პირველობა 2015 წელს, კიდევ ერთ ფავორიტ ‘ლელოს’ ძლევით მოიგო, თუმცა მომდევნო  2 ჩემპიონატის სატიტულო შეხვედრებში რიონისპირელებმა პრინციპულ მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 ჩემპიონატიდან ‘ლელომ’ და ‘აიამ’ 4-4 ტიტული მოიგეს. ამასთან ერთად, ‘ლელო’ ბოლო 2 ჩემპიონატის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონია.

 

ამავე ჯგუფში, „შევარდენზე“ ‘აკადემიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა. ქვემოქართლელები ჩემპიონატს ფიზიკურად კარგად მომზადებულნი შეხვდნენ. დავით კიკნაძის ბიჭები სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, 5 გარდასახული ლელოთი 35:0 იმარჯვეს და პირველობაც ‘არმაზმა’ ‘აიას’ მსგავსად, პრემიალური ქულის თანხლებით დაიწყო.

 

‘ა’ ჯგუფის პირველ შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მატჩში ფავორიტმა ხაშურის ‘ლეგიონმა’ შინ ‘არმიასთან’ შეხვედრა 12:20 დათმო. ‘ჯარი’ დერეფანში მოიკოჭლებდა, თუმცა მეტოქეს სტატიკაში აჯობა. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. შეხვედრის ბედი კი ‘არმიელთა’ ფულბეკ გიორგი ხვედელიანის გარდასახვებმა და 2-მა გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა. გარკვეული ტექნიკური პრობლემების მიიუხედავად, გიორგი ლუაშვილის დამოძღვრილი ‘არმია’ სეზონს კარგად მომზადებული შეხვდა და პირველი გამარჯვებით მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის სერიოზული განაცხადიც გააკეთა. შიდაქართლელებს კი ‘არმაზში’ გადაბარგებული წამყვანი მგეზავისა და პივოტის მიშო ჩადუნელის სრულფასოვანი შემცვლელი არ აღმოაჩნდათ.

 

‘ლეგიონის’ მდგომარეობას სასურველი ინფრასტრუქტურის უქონლობა ამძიმებს. გუნდი კვლავ ქალაქის გაპარტახებულ ცენტრალურ სტადიონზე თამაშობს და თან სავარჯიშო არენების უქონლობის გამო, ვერც რაგბის თამაშის მსურველი ყველა მოზარდის წადილის დაკმაყოფილებას ახერხებს. არადა, ‘ლეგიონის’ მთავარი მწვრთნელის დავით სტეფანოვისა და მისი თანაშემწის არსენ გიორგაძის მრავალწლიანი მუყაითი შრომითა და დიდი ძალისხმევით ხაშურში ნამდვილი სარაგბო ბუმია! ქალაქსა და რაიონში რაგბით ამჟამად 200-მდე მოზარდი და ჭაბუკია დაკავებული და ხსენებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში მათი რიცხვი უახლოეს მომავალში  300-ს გადააჭარბებს. დათო სტეფანოვი, შეგირდებთან ერთად იმედს არ ჰკარგავს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა კარგა ხნის დაპირების - რაიონში სტადიონების კეთილმოწყობის საქმეს ხორცს შეასხავს.

 

ამავე ჯგუფში, მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ ქუთაისის ‘არესს’ მესამე მასივში დაუხვდა. ჩემპიონს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს 34 წლის ოთარ  ბარკალაიას სახით. გამოჩენილმა  ბორჯღალოსანმა მორაგბის კარიერა წლეულს ზაფხულში დაასრულა და ამიერიდან მთელ ძალისხმევას სამწვრთნელო საქმიანობას მოახმარს. ბარკალაიას გუნდის გაძღოლაში დახმარებას, კლუბის კიდევ ერთი აღზრდილი მორაგბე გიორგი გაბელია უწევს. გუნდის 3 წამყვანი მოთამაშე, 2000 წელს დაბადებულნი: დემე თაფლაძე, გიორგი მარგალიტაშვილი და ოთარ ლაშხი მიმდინარე სეზონიდან უკვე ‘ლელოს’ მთავარ გუნდში, დიდ 10-ში ასპარეზობენ. მიუხედავად ამისა, ბარკალაია ტიტულის შესანარჩუნებლად სასურველ რესურსს ფლობს, რაც ‘არესთან’ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, პირნათლად შეასრულეს რა შესვენებაზე მწვრთნელისგან მიღებული დავალება. ‘ლელომ’ მეტოქე ოდენ 1 ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ 6 ლელო გაიტანა. ‘დუბლით’ ფულბეკი ლევან ქუშაშვილი და კვაჭი ლუკა ხვინთელიანი გამოირჩნენ. ჩემპიონმა მატჩი 43:3 მოიგო. 

 

 

‘გ’ ჯგუფის ფავორიტები ‘სამთა’ და ‘ ხვამლი’ პირველი ტურის გამორჩეულ შეხვედრაში ერთმანეთს კიკეთში დაუპირისპირდნენ. ზაფხულში ბრინჯაოსმედალოსან ‘სამთას’, ასაკობრივი ფაქტორიდან გამომდინარე ყველა წამყვანი მოთამაშე გამოეთხოვა და ამად გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ენუქიძეს და მის თანაშემწე ‘ტოლიკა’ (სპირიდონ) ლიპარტელიანს პრაქტიკულად ახალი კოლექტივის შექმნა მოუხდათ. ‘ვარსკვლავ ბიჭუნებთან’ განშორების მიუხედავად, ‘სენატორამ’ (გიორგი ენუქიძე), მისივი თქმით საკმაოდ ნიჭიერ თაობას მოუყარა თავი და სასურველი წვრთნისა და მორაგბეების თავდადების შემთხვევაში ახალბედა ჭაბუკებს წინამორბედებზე არანაკლები შედეგი და მომავალი ექნებათ.

 

დებიუტანტი ‘ხვამლი’ კი ჩემპიონატს საუცხოოდ მომზადებული შეხვდა. მუხიანელები ბოლო ხანს მკვეთრად პროგრესირებენ. გუნდს აშკარად დაეტყო ბორჯღალოსანი რატი ურუშაძის ხელი. რატის ‘ხვამლის’  გაძღოლაში დიდ დახმარებას ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელი ირაკლი ფერაძე უწევს. სპეციალისტები მუხიანალებს დებიუტანტის სტატუსის ქონის მიუხედავად, პირველობის ფავორიტთა კატეგორიას განაკუთნებენ. ‘სამთასთან’ მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. პირველი ტაიმი ‘ხვამლმა’  მგეზავ ნიკა ცინცაძის კინკილა ჯარიმით მოიგო. მეორე ტაიმში კი პირქარში თამაშის მიუხედავად მუხიანელთა მარბიელ კარლო გვიმრაძისა და მარჯვენა ფრთა ლაშა კაკაურუძის გატანილ ლელოებს ნიკა ცინცაძემ თითო გარდასხვა-ჯარიმაც დაურთო და საბოლოოდ ‘ხვამლის’ დამაჯერებელი გამარჯვება 18:0 დააფიქსირა.

 

‘გ’ ჯგუფში 5 ქულით გორის ‘ჯიქი’ დაწინაურდა. შიდაქართლელებს გამოცდილი სპეციალისტის ზაზა ბაკურაძის ხელი აშკარად დაეტყოთ. ‘ჯიქმა’ საშინაო შეხვედრაში ქობულეთის ‘პონტოს’ 8 უპასუხო ლელო გაუტანა და მეტოქე  48:0 დაამარცხა. ‘დუბლი’ ფრთის მოთამაშე დათო ჭეჭვაძის ანგარიშზეა. უნარიანი და ეფექტური თამაშით მასპინძელთა მგეზავი გიორგი ფოცხვერაშვილიც გამოირჩა.

 

‘დ’ ჯგუფის ფავორიტებმა, რუსთავის ‘ხარებმა’ და ‘ლოკომოტივმა’ იოლი გამარჯვებები მოიპოვეს. დავით კაკაბაძის შეგირდებმა რუსთავში ქუთაისის ‘სათაფლიას’ 11 ლელო დაუდეს, 71:0 იმარჯვეს და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღეს. ‘ხარების’ მარცხენა ფრთა ბაქარ ზედგინიძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. „შოროს“ ბიჭები მიმდინარე სეზონში პოდიუმს (მოწინავე სამეულს) უმიზნებენ.

 

‘ლოკომოტივი’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ შევარდენზე’ დაუხვდა. ‘რკინიგზელებმა’ მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს და მატჩი პრემიალური ქულის თანხლებით 53:0 მოიგეს. წინა სეზონებისგან განსხვავებით ‘ლოკომოტივმა’ უკეთესი წინა სასეზონო შეკრება გაიარა. მიუხედავად ამისა, „რკინიგზელთა“ თამაშში ხარვეზი უხვად შეიმჩნეოდა, რომლის აღმოფხვრას გუნდის მწვრთნელთა კვარტეტი (გიორგი კურატიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი, გოშა შკინინი) უახლოესს შეხვედრებში იმედოვნებს.