ლეგიონერები | გოგიჩაშვილის ელიტური დებიუტი

10.09.18

© montpellier-rugby

 

ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მესამე ტურში ხელი მოიტეხა და ნოემბრის ტესტებს გამოტოვებს.

 

27 წლის მორაგბე ‘ბორდოსთან’ სტუმრად გამართულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მე-2 წუთზე შესრულებული ბოჭვის შემდეგ ხელი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქმნა. რედგენმა აჩვენა, რომ კოტემ ხელი მოიტეხა. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და რეაბილიტაციას 3 თვე დაჭირდება. შედეგად, მიქაუტაძე ნოემბრის ტესტ-მატჩებს გამოტოვებს და უკეთეს შემთხვევაში მოედანს 2018 წლის მიწურულს დაუბრუნდება.

 

‘მონპელიეს’ ამ მატჩში ტრავმის გამო ორი ქართველი ბურჯი - მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავაც დააკლდა. შეხვედრა ფრედ - 9:9 დასრულდა. მასპინძელი ‘ბორდოს’ შემადგენლობაში 55-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა.

 

მესამე ტურში სასიხარულო ამბავიც მოხდა - ახალგზარდა გურამ გოგიჩაშვილს ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა და მისმა ‘რასინგმა’ ‘აჟენს’ ბონუსით, 59:7 აჯობა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში ვასილ კაკოვინი იყო, რომელიც გურამმა 53-ე წუთზე შეცვალა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ, ხოლო გიორგი თეთრაშვილმა მოედანზე 48 წუთი გაატარა.

 

ლიდერთა ჯახში ‘კლერმონმა’ ‘სტად ფრანსე’ მიიღო და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა - 42:20. მასპინძელთა შორის 59-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დავით ზირაქაშვილმა. ‘კლერმონი’ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის სტარტზე სამივე თამაში მოიგო.

 

ინგლისის პრემიერშიფში ზურაბ ჟვანიას ‘ვოსპსმა’ ‘ექსეთერს’ უმასპინძლა და 31:42 დამარცხდა. ქართველი ბურჯი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და ახალი გუნდის შემადგენლობაში მეორე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

 

საფრანგეთის პრო დე2-ში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა და ‘ანგულემისა’ და ‘ორიაკის’ მატჩში, შერკინების მეორე ხაზში ორმა ქართველმა ითამაშა. ტრადიციულად, ‘ანგულემის’ სასტარტოში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელმაც 77-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 4 ნომრის პოზიციაზე ‘ორიაკის’ ძირითად შემადგენლობაში იყო ლაშა ლომიძე და მან მოედანზე 69 წუთი გაატარა. ის ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად დააყენეს.

 

‘ბიარიცმა’ ‘ბურგ-ან-ბრესი’ მიიღო და ბონუსით, 46:9 დაამარცხა. საკუთარი გუნდის გამარჯვებაში წვლილი ვახტანგ ახობაძესაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა.

 

მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ‘კოლომიეს’ ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 48 წუთი გაატარა. ‘კოლომიე’ ‘კარკასონმა’ მიიღო და მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით 25:20 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 48-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მირიან ბურდული, თუმცა 62-ზე შესაცვლელი შეიქმნა.

 

‘მასი’ ‘ნევერს’ ეწვია და 6:17 დამარცხდა. ილია კაიკაციშვილი სტუმართა 15-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მე-14 წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

 

შეცვლაზე 24 წუთი ითამაშა ‘ვანის’ ახალგაზრდა ბურჯმა ნიკა ნეფარიძემ. მისი გუნდი ‘პროვანსს’ ეწვია და 23:38 დამარცხდა.

 

მეორე გამარჯვება იზეიმა ‘ბრივმა’ - ‘ბეზიე’ 27:6 დაამარცხა.’ბრივის’ ძირითადში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა მესამეხაზელმა ოთარ გიორგაძემ. თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო 21 წლის ბურჯი ლუკა გოგინავა.

 

პრო დე2-ში ახლა ერთკვირიანი დასვენებაა და თამაშები 20 სექტემბრიდან განახლდება.