16წ | დასავლეთში აფრიკელებმა მოიგეს

03.10.18

© დავით სინატაშვილი

 

სამხრეთი აფრიკის 16-წლამდელთა გუნდმა ‘აფეეს’-მა (AVS - აფრიკანერ ფოლკია სპორტ), რომელიც ორი რეგიონის კლუბების ნაკრებს წარმოადგენს, ქართული ტურნეს პირველი მატჩი საქართველოს ეროვნული აკადემიის დასავლეთის ფილიალის გუნდთან გამართა და 24:19 იმარჯვა.

 

ქუთაისში, „აია არენაზე“გამართული შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მასპინძლები ღია თამაშში ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და რიგ შემთხვევებში ეს კარგად გამოსდიოდათ. აფრიკული რაგბის ტრადიციების თანახმად, ‘აფეეს’-ის 16-წლამდელთა გუნდიც ზორბა ბიჭებით იყო დაკომპლექტებული და ამ მხრივ უპირატესობას მეტოქე ფლობდა.

 

დასავლეთი ორი ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა საკუთარ 22-ში ბურთი დაკარგა და სტუმრებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს. ქართველებმა არეკნით უპასუხეს, მაგრამ აფრიკელებმა ლიდერობა ლელოთი დაიბრუნეს. დასავლეთ საქართველოს გუნდმაც სალელოვედ შეუტია, მაგრამ მიზნამდე რამდენიმე მეტრში სტუმრებმა გადაცემა ჩაჭრეს, ლელო თავად მიითვალეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 9:19.

 

მასპინძლებმა ლელოთი ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს და მეტოქის მეოთხე ლელოს კიდევ ერთხელ უპასუხეს. გარდასახვები არაზუსტი იყო, თუმცა სხვაობა მხოლოდ 5 ქულას შეადგენდა და დასავლეთმა დასკვნითი წუთები შეტევაში გაატარა. ‘აფეეს’-მა ეს შეტევები ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა და სინბინითაც დაისაჯა, მაგრამ შეხვედრა ამხანაგური იყო და „გაყვითლებული“ მორაგბის ნაცვლად თამაშში სხვა ჩაერთო. საბოლოოდ ანგარი აღარ შეცვლილა და სამხრეთ აფრიკელებმა ტურნეს პირველი მატჩი 24:19 მოიგეს.

 

‘აფეესი’ გეზს თბილისისკენ აიღებს და 4 ოქტომბერს 16 საათზე, „შევარდენზე“ ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთის ფილიალის გუნდს შეხვდება.