დიდი 10 | მეექვსე ტური

04.10.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

დიდი 10-ის მეექვსე ტური გორში, „ჭალის სტადიონზე“ ‘ჯიქისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრით გაიხსნება, ის 17 საათზე დაიწყება.

 

2017 წლის საქართველოს ჩემპიონმა და შარშანდელმა ბრინჯაოს პრიზიორმა ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო. გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, თითქმის ერთი თვის წინ ‘აკადემიასთან’ (21:6), ‘არმაზთან’ და ‘ხარებთან’ უშანსოდ დამარცხდა, წინა ორ თამაშში კი ჯერ ‘ლელო-სარასენსთან’ აიღო ბონუსი (14:16), მერე ‘ბათუმთან’ (20:24). საგულისხმოა, რომ წინა მატჩებში ‘ჯიქებს’ მეორე ტაიმში უჭირდა, ერთი კვირის წინ კი, ბათუმში 3:24 ჩამორჩენის შემდეგ, 17 უპასუხო ქულა სწორედ მეორე ტაიმში მოაგროვა.

 

მწვრთნელებმა ‘ბათუმთან’ ნაბრძოლ შემადგენლობაში ექვსი მორაგბე შეცვალეს. კვაჭად თამაშს დავით ხიდეშელი იწყებს, ხოლო მარცხენა ბურჯი გენო ხელია იქნება. მეორე ხაზში ძირითადშია დემურ ეფრემიძე, არსენ ტრაპაიძემ მესამე ხაზში ფლანკერად გადაინაცვლა, ხოლო შერკინების შემკვრელი ნიკა სუხაშვილი იქნება. მგეზავად ძირითად შემადგენლობაში პირველადაა სანდრო ფურცხვანიძე, ცენტრში გიორგი წიკლაური ბრუნდება, ხოლო ფრთაზე დიმიტრი კალანდაძე ითამაშებს.

 

დებიუტანტმა ‘ვეფხვებმა’ უკვე მოიპოვა მებრძოლი გუნდის სტატუსი და მესამე ტურში ‘არმიაც’ დაამარცხა, მანამდე კი ‘ლელო-სარასენსთან’ ბონუსი აიღო. გასულ ტურში პატარძეულელებმა ‘არმაზის’ ტემპს ვერ გაუძლეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით, 15:55 დამარცხდნენ.

 

იმ თამაშის შემდეგ ‘ვეფხვების’ სასტარტო შემადგენლობაში სულ ოთხი ცვლილებაა. მწვრთნელებმა პირველი და მესამე ხაზი უცვლელი დატოვეს, ხოლო მეორე ხაზში ზაურ შაქარაშვილი გამოჩნდა. შეიცვალა მგეზავი და თამაშს ნიკა ბეჟუაშვილი იწყებს. ცენტრში ვანო გაბროშვილს გიორგი თუთბერიძე შეუწყვილდება, გიორგი ბებიაშვილი კი ფრთაზე გადაინაცვლებს. მეორე ფრთა ვალერი ლეგაშვილი იქნება.