16წ | აღმოსავლეთის რევანში

05.10.18

@ გოგიტა ბუხაიძე

 

რაგბის ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთ ფილიალის გუნდმა, საქართველოში 2 მატჩიან ტურნეზე მყოფი სამხრეთ აფრიკული ‘აფეეს’-ი „შევარდენზე“ 38:7 დაამარცხა.

 

‘აფეესი’ სამხრეთ აფრიკის 16 რეგიონის ნაკრებია, რომელიც შიდა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იკრიბება და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში ტურნეებს მართავს. ეს გუნდი საქართველოს (პირველად 2014 წელს, 16 და 14-წლამდელების გუნდით ჩამოვიდა) მეორედ ეწვია და 2 ოქტომბერს რაგბის ეროვნული აკადემიის დასავლეთ საქართველოს ფილიალის გუნდი 24:19 დაამარცხა.

 

აღმოსავლეთის გუნდი პირველივე წუთებიდან დაეუფლა უპირატესობას, 20 წუთში ორჯერ ააგორა მოლი და 14:0 დაწინაურდა. პირველი ლელო ლუკა ბეჭვაიამ მიითვალა, ხოლო მეორე შემთხვევაში დამცველი გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. ქართველები არ მოეშვნენ და 24-ე წუთზე უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, ორიოდე წუთში კი კარგი იერიში წამოიწყეს და მესამე გარდასახული ლელო გაიტანეს - 24:0.

 

მეორე ტაიმიც მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და წითელ ზოლში სამი მიძალების შემდეგ მორიგი ლელო გავიდა. ამის შემდეგ სტუმრებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და ჩვენს 22-ში დიდი დრო გაატარეს, რაც საბოლოოდ ლელოთი დასრულდა. თანაბარი თამაში საფინალო სასტვენამდე გაგრძელდა, უკანასკნელ წუთზე კი გიორგი ქობალიამ, რომელმაც მანამდეც არაერთხელ შქმნა უპირატესობა, სამი მცველი ერთი მოძრაობით ჩამოიცილა და ხაზი კარის წინ გაჭრა - 38:7.