დიდი 10 | აია 10:34 ბათუმი

06.10.18

© მალხაზ ახვლედიანი

 

‘ბათუმმა’ ‘აიას’ ქუთაისში 5 ლელო გაუტანა, 34:10 მოგებისთვის ბონუსიც მიიღო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ‘ბათუმისთვის’ ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა, ხოლო ‘აიამ’ მიჯრით მესამე შეხვედრა დათმო.

 

სტუმრებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს. ქუთაისელებმა ლელოდან 5-მეტრში ბურთი დერეფანში ცუდად ააგდეს, ის ვაჟა ხუციშვილმა აიტაცა და ლელო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ‘აიამ’ გარკვეული დროით შეძლო ინიციატივის დაუფლება, ლაშა ლომიძეს ჯარიმა გაუცუდდა, მე-19 წუთზე კი რაქის გვერდძე რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ხაზი მიხეილ რატიაშვილმა გადაკვეთა. ‘ბათუმმა’ წნეხი გააძლიერა, შერკინების უპირატესობით ისარგებლა, 30-ე წუთზე მეტოქეს უკან დაახევინა და ვანო ფუტკარაძის ლელოს შემდეგ, ტაიმი 12:5 დასრულდა.

 

შესვენების შემდეგ ნინიძემ ორჯერ დაარტყა ჯარიმა კარში, მეორე ზუსტი იყო და სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს. ოთარ ძაგნიძეს მალევე შეეძლო ჯარიმით ეპასუხა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. ტაიმის შუაში მასპინძლებმა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ ბურთი მოედანს გადააცილეს. ერთ წუთში გიორგი აბრამიძემ ცენტრალურ ხაზთან მიიღო ბურთი, მცველებს შორის გაძვრა, ფეხით ითამაშა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. არჩილ ღონღაძეს გარდასახვა გაუცუდდა და სხვაობა 5-ქულიანი დარჩა.

 

დასკვნით 10 წუთში ‘ბათუმმა’ ტემპს უმატა და სამი ლელო გაიტანა, რითაც ბონუსიც მოიპოვა. 70-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ ითამაშა კარგად, ჯერ ხაზი გაჭრა და დიდი მანძილი მოიგო, მერე ფრთაზე დარჩა და სწრაფი იერიში 5 ქულით დაასრულა. ზღვისპირელების მორიგი სწრაფი შეტევა მასპინძლებმა 5-მეტრიან წყვეტილთან შეაჩერეს, მაგრამ მოკლე დარტყმების სერია გიორგი თედორაძის ლელოთი დასრულდა და ნინიძემაც გარდასახა. ბოლო წუთზე ნუკრი ფერსელიძეს გარღვევის შემდეგ ‘ბათუმმა’ კიდევ ერთხელ ჩაათამაშა ბურთი სიჭინავამდე, რომელმაც თავად დუბლი შეასრულა, გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა და სტუმრებს ბონუსიც მოუტანა - 34:10.