ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ფავორიტებს ვერ აჩერებენ

28.10.18

 

მეოთხე ტური ‘შევარდენზე’, ‘არმაზისა’ და ‘სამთას’ პრინციპული დაპირისპირებით დაიწყო. მეტოქეზე  ორით მეტი გატანილი ლელოს მიუხედავად, ქვემოქართლელებმა მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს, კიკეთელებმა კი მეორე ეტაპზე პირველ გამარჯვებასთან ერთად პირველი საცხრილო ქულები მიითვალეს, რამაც გიორგი ენუქიძის შეგირდებს აუტსაიდერის პოზიციიდან თავის დაღწევისა და მეექვსე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა.

 

‘არმაზი’ ანგარიშში შუამარბ არსენ თაქთაქიშვილის ლელოთი დაწინაურდა და რომ არა გადამწყვეტ მომენტებში დათო კიკნაძის შეგირდთა რიგი არასწორი გადაწყვეტილებები, ვინძლო მატჩი საპირისპირო შედეგით დამთავრებულიყო. ‘სამთას’ აშკარად დაეტყო 3 ტრავმირებული წამყვანი მოთამაშის: ჰავბეკ შოთა ღუდუშაურის, მგეზავ ლევან ბერძენიშვილისა და ბურჯ ნიკა ნარმანიას არყოლა. მიუხედავად ამისა, მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე ‘სენატორას’ ბიჭებმა მიჯრით 19 უპასუხო ქულა აიღეს. შუამარბ მალხაზ ფეიქრიშვილის ლელო, მგეზავმა სერგი ჩხაიძემ გარდასახა და 4 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა 5:19. მეორე ტაიმის შუაწელს კიკეთელებს დაღლა დაეტყოთ, მარქაფადან ჩართულმა მორაგბეებმა კი დამრიგებელს იმედები სრულად ვერ გაუმართლეს. ‘არმაზმა’ კი დროული ცვლილებების შედეგად უპირატესობა დაიბრუნა, რაც მარბიელ ლუკა კოხიასა და რომან მორჩილაძის გატანილ ლელოებში აისახა. ქვემოქართელებმა 3 ლელოდან, მხოლოდ ერთი გარდასახეს, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე უშუალო გავლენა იქონია 17:19.

 

ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრაში ქომაგმა  2 განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. ჩვეული შემართებითა და სიმძლავრით გამოირჩეოდა ‘აიას’ შერკინება, რამაც რიონიპირელებს 26 უპასუხო ქულის აღების შესაძლებლობა მისცა. გაგა გურეშიძის შეგირდთაგან ლელოს გატანა ფულბეკმა ნიკა ძნელაძემ, მარბიელმა ირაკლი გაბისონიამ, მარცხენა ბურჯმა გიორგი ღლონტმა და მღლეტელმა ნიკა ტაბაღუამ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა ‘დუბლიც’ გაახერხა. მეორე ტაიმში, გურეშიძის მიერ განხორციელებულმა უამრავმა ცვლილებამ ქვემოქართლელებს თამაშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცა. მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს. თემურ ლობჟანიძის გუნდში, ბურჯ რატი სამყურაშვილის გატანილმა ლელომ ‘ხარებს’ მშრალი ანგარიშით მარცხისაგან იხსნა. ‘აიამ’  33:7 მოიგო და დაგეგმილი პრემია  უპრობლემოდ აიღო და მაქსიმალური, 20 დაგროვილი ქულით ლიდერობაც შეინარჩუნა. 

 

მამაქალაქმა ტურის კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა. ‘არესმა’ შინ ‘ხვამლთან’ ვერაფერი გააწყო. რატი ურუშაძის შეგირდებმა  25 უპასუხო ქულით, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. მუხიანელები, დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად სწრაფი და ეფექტური გადაადგილებებით  რიონისპირელებს პირწმინდად ჯაბნიდნენ და არც სტატიკაში გამოიყურებოდნენ ურიგოდ. ‘ხვამლის’ მხრიდან  გატანილი ლელოებით, პირველ ტაიმში  შუამარბი ზურა ლუტიძე, ბურჯი გია ვარდოსანიძე და ფულბეკი ზურა ქობელაშვილი გამოირჩნენ. მეორე ტაიმში კი რიონისპირელთა მესამეხაზელ თემურ მიქაუტაძის ლელოს, სტუმართა ჰუქერ ლუკა პეტრიაშვილის, შუამარბ ბესო თაყნიაშვილის და მარქაფადან ჩართული კიდევ ერთი ჰუქერის დიმიტრი ხურცილავას ლელოები მოჰყვა 42:7. ურუშაძის ბიჭებმა მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თუმცა პრემია პირველად აიღეს და 17 ქულით კვლავ მესამე ადგილზე იმყოფებიან. მარცხის მიუხედავად, ‘არესი’ 6  ქულით პლეი ოფის ზონაში, მეოთხე ადგილზე რჩება. 

 

ჩემპიონმა ‘ლელომ’ თანაქალაქელ ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ საკუთარ არენაზე, მესამე მასივში უმასპინძლა და 29:3 დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ‘რკინიგზელებმა’ ჰავბეკ ბექა კეტაშვილის ჯარიმით დაწინაურებაც მოახერხეს და თან პირველ ტაიმში უპირობო ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობაც უწიეს. მეორე ტაიმში დაღლილობამ სტუმრებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.  თამაშის დაკლებულ ტემპსა და უნებლიე შეცდომებთან ერთად’რკინიგზელთა’ ხაზსშიც  გაჩენილი ბზარი თვალშისაცემი გახლდათ. მართალია ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ კარგად დაბალანსებული გუნდია, თუმცა სუბიექტურ მიზეზთა გამო რიგი წამყვანი მოთამაშეების მხრიდან ვარჯიშის სისტემატური გაცდენა გუნდის თავკაცთა კვარტეტს (გიორგი კურატიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი, გოშა შკინინი) რეალური ძალის გამოვლენას და სასურველი შედეგის ჩვენების შესაძლებლობას არ აძლევს. ‘რკინიგზელები’ სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაეშვნენ. ‘ლელოს’ მთავარი მწვრთნელი ოთარ ბარკალაია კი გუნდის სპორტული ფორმის ფორსირებას არ ჩქარობს. გამოჩენილი ბორჯღალოსანი ძალთა მაქსიმალურ კონცენტრაციას უშუალო კონკურენტებთან (‘აია’; ‘ხვამლი’) შეხვედრებისთვის გეგმავს. განვლილ შეხვედრაში ‘ლელოს’ მხრიდან, მარჯვენა ფრთა პაატა ღარიბაშვილმა ‘დუბლი’ შეასრულა, მარბიელმა ნიკა ამირანაშვილმა, შუამარბმა ლევან ქუშაშვილმა და კობა ირემაშვილმა აქტივში თითო ლელო მიითვალეს. ჩემპიონი, ლიდერს კვლავ 1 ქულით ჩამორჩება და მომდევნო ტურში(9-11 ნოემბერი), რუსთავში ‘ხარებს’ ეწვევა.

 

მოწინავეთა პირველობის პირველი ტოპ-მატჩი კი მუხიანში გაიმართება. ‘ხვამლი’ ლიდერ ‘აიას’ უმასპინძლებს.