დიდი 10 | აკადემია 22:15 ხარები

05.11.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

თბილისის ‘აკადემიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ გორის „ჭალის სტადიონზე“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა - 22:15.

 

თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და ის ლიდერთა შორის მყოფი რუსთაველების შეტევებით დაიწყო, თუმცა მალევე 2 ქულით ჩამორჩნენ და ტაიმიც 3:5 დათმეს. ანგარიში კობა ბუჯიაშვილმა ჯარიმით გახსნა, თუმცა მე-8 წუთზე ჯიმი ღამბაშიძემ გადაცემა საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. მარცხენა ფრთიდან გარდასახვა არაზუსტი იყო და მიუხედავად არაერთი მომენტისა, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

‘ხარები’ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ის ქულებში მეორე ტაიმის დასაწყისში ასახა. 43-ე წუთზე მოლი ლელოთი გიორგი ხაბაშვილმა დაასრულა, გარდასახვა ძელმა აისხლიტა, ხოლო 55-ე წუთზე სტუმრებმა შერკინების შემდეგ ორჯერ შეცვალეს შეტევის მიმართულება, მარჯვენა ფრთაზე მეტობა შეიქმნა და ლაშა გოგიაშვილის ლელო ბუჯიაშვილმა გარდასახა - 5:15.

 

დასკვნითი 20 წუთი ‘აკადემიის’ იყო. თბილისელებმა 62-ე წუთზე დავით მოძღვრიშვილის ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს. 67-ე და 72-ე წუთებზე ‘ხარებმა’ სინბინით ლაშა გოგიაშვილი და უჩა აღაშვილი დაკარგა. მასპინძლებმა ორკაციანი უპირატესობა 75-ე წუთზე გამოიყენეს, როდესაც 5-მეტრიან წყვეტილთან მეტოქის შერკინება ზედიზედ სამჯერ დააჯარიმეს, საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და წონასწორობა აღადგინეს.

 

მალე მოედანზე გოგიაშვილი დაბრუნდა, თუმცა იქვე მაღალი ბოჭვისთვის მეორე ყვითელი, შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო და ‘ხარები’ კვლავ 13 კაცის ამარა დარჩა. ‘აკადემიამ’ მონდომებით შეუტია, მეტობაც კიდევ ერთხელ გამოიყენა, სანდრო ილურიძემ ბურთი რაქიდან მოიპარა და ლელომდე 10-12 მეტრი ირბინა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახა - 22:15.