თიბისი რაგბის სერიებს უმაღლესი სამედიცინო მომსახურებით ვხვდებით

06.11.18

 

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ბესიკ ჩადუნელმა და ნაკრების ექიმმა ნუცა შამათავამ, „მსოფლიო რაგბის“ მესამე დონის კურსები წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს, რაც მათ უმაღლეს დონეზე მუშაობის უფლებას ანიჭებს.

 

ქართული რაგბის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამივე დონის სამედიცინო დარგის სერთიფიკატის მქონე სპეციალისტი გვეყოლება და თანაც ერთბაშად ორი! ეს კი იმისი წინაპირობაა, რომ საქართველოს უცხოელი სპეციალისტების დახმარების გარეშე შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი დონის შეხვედრას.

 

„ექიმების გადამზადების პროგრამა ორი წლის წინ დავიწყეთ, რათა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მაღალ დონეზე მომზადებული სამედიცინო პერსონალი გვყოლოდა. საგულისხმოა, რომ „მსოფლიო რაგბისგან“ საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატის სამედიცინო მომსახურებამ 100-ქულიანი შეფასებით 93 მიიღო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია“.

 

„ამ ტურნირისთვის მესამე დონის სპეციალისტების ჩამოყვანა მოგვიწია, ახლა კი შეგვიძლია, რომ ნებისმიერი დონის თამაშს ჩვენი რესურსით ვუმასპინძლოთ, რაც სამედიცინო დარგში ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“.

 

„გადამზადების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. ნუცამ და ბესომ ამა წლის სექტემბერში ედუკატორის ლიცენზიაც მიიღეს და მათ უკვე შეუძლიათ „მსოფლიო რაგბის“ პირველი დონის ლიცენზიების გაცემა. ვეძებთ სპეციალისტებს, ვისაც სურთ საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობა, პირველი დონის გადამზადება უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩატარდება. გვაქვს სურვილი, რომ როგორც სპორტული თვალსაზრისითაა ქართული რაგბი რეგიონალური ცენტრი, ასევე ვიყოთ სპორტული მედიცინის კუთხით და მწამს, დასახულ ამოცანას აუცილებლად მივაღწევთ“ - აცხადებს მოთამაშეთა კეთილდღეობის ხელმძღვანელი ნონო ანდღულაძე.

 

„მსოფლიო რაგბის“ მესამე დონის სამედიცინო კურსები ლონდონში, ტედინგტონში ჩატარდა. თეორიული და პრაქტიკული სწავლება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეოთხე დღეს გამოცდები ჩატარდა, რომელიც კომბინირებული სახის იყო. სპეციალისტებს უწევდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება, რასაც ჩვენმა ექიმებმა თავი კარგად გაართვეს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მოთამაშეთა უსაფრთხოებას, ტვინის შერყევას, კისრის ტრავმას, მოედანზე გუნდურ მუშაობას და სამედიცინო გუნდის უსაფრთხოებას.

 

მკაცრი საგამოცდო კურსის გავლით კმაყოფილია ნუცა შამათავა, რომელიც კურსის მონაწილეთა შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო:

 

“რაგბში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის, სამომავლო განვითარებისთის და ცოდნის გაღრმავებისათვის, „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო მესამე დონის გავლა აუცილებელია და მოხარული ვარ ამის შესაძლებლობა რომ მომეცა. კურსი მოიცავდა ძალიან საინტერესო ინფორმაციას სიახლეების შესახებ, რაც გამომადგება შემდგომში გუნდთან, სამედიცინო სფეროში მუშაობისას“.

 

„საქართველოში ორი ახალი (სულ ასეთი სამნი ვართ) მესამე დონის ექიმის ყოლა, დაეხმარება ქართულ რაგბს, რომ აკმაყოფილებდეს „მსოფლიო რაგბის“ დონის სტანდარტებს და ყველა საერთაშორისო თამაშს ყავდეს შესაბამისი ცოდნის, გამოცდილების მქონე მატჩის ექიმი. ეს უმნიშვნელოვანესია მოთამაშეთა უსაფრთხოებისთვის, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ჩემპიონატის თამაშებისას“.

 

მესამე დონის სამედიცინო სერთიფიკატის მიღების შემდეგ, ნუცა შამათავა და ბესიკ ჩადუნელი ლონდონში დარჩნენ, სადაც სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა და მას მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნების სამედიცინო სამსახურების უფროსები, ნაკრები გუნდების ექიმები და მსოფლიო რაგბის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია 3 ნოემბერს დასრულდა, რის შემდეგაც ქართველი, უკვე მესამე დონის სპეციალისტები საფრანგეთში შეკრებაზე მყოფ ბორჯღალოსნებს შეუერთდნენ.

 

საგულისხმოა, რომ „მსოფლიო დონის“ სამედიცინო მესამე დონის სერთიფიკატს გიორგი ჭუმბურიძეც ფლობს და ამჟამად მათი რაოდენობა სამამდე გაიზარდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, აქტიური გადამზადებების შემდეგ ასევე გვყავს 15 მეორე და 25 პირველი დონის სამედიცინო პერსონალი და უახლოეს პერიოდში მათი რიცხვი გაიზრდება:

 

„ამა წლის სექტემბერში მე და ბატონი ბესიკ ჩადუნელი ამსტერდამში ვიმყოფებოდით, სადაც „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო ედუკატორის ლიცენზია ავიღეთ და ვაპირებთ, რომ წლის განმავლობაში, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალისთვის მინიმუმ სამი ტრეინინგი ჩავატაროთ. ვმუშაობთ „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო მასალის თარგმანზე, რათა ჩვენს სამედიცინო პერსონალს ენის ბარიერი არ ქონდეს. ტრეინინგები ჩატარდება მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვისაც, რათა საჭიროების შემთხვევაში მათაც შეძლონ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა“ - ამბობს შამათავა.