ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ ზამთრის ჩემპიონია!

26.11.18

 

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მოწინავე ჯგუფში, პირველი წრის გამარჯვებულსა და ‘ზამთრის’ ჩემპიონს ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘ლელოს’ შეხვედრა არკვევდა. რიონისპირელებს პრინციპული მეტოქის მიმართ ბოლო ხანს საშინაო არენის კომპლექსი ჩამოუყალიბდათ, რაც განვლილმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ‘აიას’ საკუთარი მრავალრიცხოვანი ქომაგის მხარდაჭერა უფრო თრგუნავს, ვიდრე ამხნევებს და აღნიშნული ფაქტორი ვიცე-ჩემპიონისთვის ნამდვილ ‘აქილევსის ქუსლად’ იქცა.

 

‘ლელო’ უპირატესობის მოპოვებას თავიდანვე ჩვეულ სტილში, მორკინალების ხარჯზე ცდილობდა, რამაც ოთარ ბარკალაიას გუნდი საბოლოოდ კიდეც ახეირა. პირველ ტაიმში აგორებული მოლი, ლელოდ  ბურჯმა ირაკლი მჭედლიძემ აქცია, მატჩის მიწურულს კი მოლის ჩაქცევისთვის რეფერიმ მასპინძლები კაცნაკლულნი დატოვა და რიცხობრივი უპირატესობა ფრთა დავით ცაგარეიშვილმა გამოიყენა. ‘აიას’ მარცხს წერტლი, მგეზავის პოზიციაზე შესულ კობა ირემაშვილის ჯარიმამ დაუსვა 18:14.

 

გაგა გურეშიძის შეგირდები მატჩის დიდი ნაწილი მდევრის როლში იმყოფებოდნენ, მართალია რიგ ეპიზოდებში უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა მეტოქის 5-მეტრიანთან რამდენიმე დერეფანი გაუცუდდათ და თან გუნდის წამყვანმა პივოტმა გიორგი თევდორაძემ გადამწყვეტ მომენტში, კარის პირისპირ დანიშნული 3 გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა. მანამდე კი, მარბიელ გიგა კობახიძისა და მხტომელ ნიკა ქარჩავას ლელოთა წყალობით(თევდორაძემ ორივე გარდასახა), აიამ ’მიჯრით 14 უპასუხო ქულა აიღო და საათის თავს ანგარიშში ოთხქულიან უპირატესობას ფლობდა.

 

ჩემპიონმა მეორე ეტაპზე მეექვსე გამარჯვება გაიფორმა, 30 საცხრილო ქულას მოუყარა თავი და დაუმარცხებელი ‘ლელო’ არდადეგებზე არაოფიციალური, თუმცა პრესტიჟული ‘ზამთრის ჩემპიონის’ სტატუსით  წავიდა. რიონისპირელებს კი სეზონში მეორე მარცხი მესამე პოზიციაზე დაქვეითების ფასად დაუჯდათ.

 

მუხიანში შეკრებილი ქომაგი, ‘ხვამლი’-არმაზის’ შეხვედრამ გაწბილებული დატოვა. ქვემოქართლელთა დამრიგებელმა დათო კიკნაძემ, ამჯერად ობიექტურ მიზეზთა გამო ძირითადის ერთბაშად 9 მოთამაშე მოისაკლისა, რამაც მუხიანელებს მატჩი, პრაქტიკულად ცალკარა ვარჯიშად უქციათ. რატი ურუშაძის ბიჭებმა ტაიმებში  5-5 ლელო გაიტანეს და 62:0 იმარჯვეს. მღლეტელმა ნიკა მჭედლიშვილმა და მგეზავმა ნიკა ცინცაძემ ‘დუბლი’ შეასრულეს. მუხიანელთა მგეზავმა 6 რეალიზაციაც გამოიყენა.

 

‘ხვამლმა’, ლელოს’ მსგავსად პირველი წრე დაუმარცხებლად ჩაამთავრა. პირველობის დებიუტანტის აქტივში28 ქულა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილია, რასაც მართალია ბევრი სპეციალისტი მოულოდნელ შედეგად აღიქვავს, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მუხიანელთა შთამბეჭდავი მონაგარი, გუნდის ნაჩვენები თამაშის ხარისხის იდენტურია. რატი ურუშაძის მთავარ მიზანს შედეგთან ერთად, ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებთათვის სათანადო რესურსზე ზრუნვა წარმოადგენს და ამად გამოჩენილი ბორჯღალოსანი შეგირდთა წვრთნა-დაოსტატებას  ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი პაუზის გარეშე აგრძელებს.

 

რუსთავში, ‘ხარებისა’ და ‘სამთას’ შეხვედრაში წარმატებული გუნდი პლეი ოფის ზონაში იმკვიდრებდა ადგილს. თუკი ‘სამთა’ პრაქტიკულად ხელახალი ჩამოყალიბების პროცესშია (‘სენატორა’ გაზაფხულზე ყველა ‘ვარსკვლავბიჭუნას’ გამოეთხოვა), ‘ხარების’ დამრიგებელი თემურ ლობჟანიძე წლებია, რაც გუნდის ბირთვის კრავს და შეგირდებს მიზნად, მიმდინარე სეზონში მოწინავე კვარტეტში მოხვედრას უსახავს. ‘ხარების’ ფრთა გურამ გამყრელიძის გატანილ ლელოს, ქვემოქართლელთა შორის გამორჩეულმა მოთამაშემ, მარბიელმა დათო ლომიძემ ‘დუბლი’ წაუმატა და მეორე ტაიმის შუაწელს მასპინძელთა უპირატესობამ 17 ქულა შეადგინა.

 

კიკეთელებმა გაიბრძოლეს, რაშიც გიორგი ენუქიძის შეგირდებს ზურგქარმაც შეუწყო ხელი. მარბიელ არჩილ შენგელიასა და შუამარბ მალხაზ ფეიქრიშვილის ლელოთა წყალობით ‘სამთამ’ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა(შენგელიამ ორივე გარდასახვა გამოიყენა). მარცხის საშიშროებამ მასპინძლები დროულად გამოაფხიზლა. ლელო ჯერ ‘ხარების’ ჰუქერმა მერაბ მენამდემ გაიტანა, მატჩის ბოლო წუთზე კი პირველხაზელ ალეკო საცერაძის დადებულმა ლელომ, კარგ ფიზიკურ კონდიციაში მყოფ ქვემოქართლელებს შეხვედრა პრემიით, 27:14 მოაგებინა. სატურნირო ცხრილში თემურ ლობჟანიძის ბიჭები მეოთხე ადილზე დამკვიდრდნენ და კიკეთელებს 5 ქულით გაუსწრეს.  

 

პირველი წრე ნავთლუღში,’შევარდენზე’, ‘ლოკომოტივი ხულიგანასა’ და ‘არესის’ დაპირისპირებით დასრულდა. გასულ კვირაში სრკ-ს ტრიბუნალმა ‘ლოკომოტივი-‘არმაზის’ შეხვედრის შედეგი ბათილად სცნო და სხვადასხვა სახის სასჯელთან ერთად მოშუღარ მეტოქეებს თითო ქულაც ჩამოაჭრა, რამაც ‘რკინიგზელები’ ცხრილში- მეოთხედან, ბოლოსწინა ადგილზე დააქვეითა.  მოუგებლად’ მყოფ აუტსაიდერ ‘არმაზს’ კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა დარჩა. ‘არესმა’  თანაქალაქელ ‘აიასთან’ წინა ტურში ჩატარებული ჩინებული შეხვედრის შემდეგ ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად აღდგენა ვერ შესძლო. მართალია, ‘ვარსკვლავებს’ არც ‘რკინიგზელები წყვეტდნენ, თუმცა პირველ ტაიმში მღლეტელ გიორგი პიტიურიშვილის გატანილი ლელო საერთო წარმატების მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა. ‘ლოკომოტივი ხულიგანამ’ სეზონის ყველაზე მწირქულიან შეხვედრაში 5:0 იმარჯვა, 8 ქულით ‘არესს’ გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსით პირველი წრე მეექვსე ადგილზე ჩაამთავრა.

 

რეგლამენტით გათვალისწინებული სამთვიანი ზამთრის არდადეგების შემდეგ პირველობა გაისად, თებერვლის თვის შუაწელიდან განახლდება.