14წ | რუსთავის ‘ხარები’ - საქართველოს ჩემპიონი!

26.11.18

 

© ანი რეხვიაშვილი

 

გასულ შაბათ-კვირას „ხვამლი არენამ“ 14-წლამდე მორაგბეთა დასკვნით ტურნირს უმასპინძლა და პირველად ამ ასაკში, ქვეყნის ჩემპიონი რუსთავის ‘ხარები’ გახდა.

 

12-კაცა რაგბში საქართველოს 16 უძლიერესი გუნდი შესარჩევი ტურნირების შედეგად გაირკვა. ჩემპიონატში თბილისის 9 (ლელო, ხვამლი, აკადემია, არმაზი, ხულიგანა, თბილისი, წიქარა, ლოკომოტივი და არმია) და რეგიონის 7 (ქუთაისის ‘აია’ და ‘არესი’, რუსთავის ‘ხარები’, ფოთის ‘კოლხი რაინდები’, ‘ბათუმი’, ‘თელავი’ და ხაშურის ‘ლეგიონი’) გუნდი მონაწილეობდა.

 

გუნდები ოთხ ოთხგუნდა ჯგუფში განაწილდნენ, საიდანაც ორ-ორი მოწინავე ფლეი ოფებში თასისთვის აგრძელებდნენ ბრძოლას, ხოლო დანარჩენები მე-9 ადგილისთის იბრძოდნენ. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის თამაშები წვიმაში გაიმართა და ფავორიტებმა თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

 

პირველი დღის გამორჩეული თამაში „ა“ ჯგუფში გაიმართა, სადაც ‘ხვამლმა’ და ‘ლელომ’ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, 0:0 ითამაშეს და მეორე დღეს, მეოთხედფინალში კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ამჯერადაც დაძაბული გამოდგა, ერთადერთი ლელოს გატანა ‘ხვამლმა’ მოახერხა და 7:0 იმარჯვა.

 

დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური მატჩი ‘აკადემიასა’ და ‘არმაზს’ შორის, სადაც ახალგაზრდა მხატვრებმა ერთადერთი ლელოთი, 5:0 იმარჯვეს. ფოთელთა საკმაოდ სიმპატიურმა გუნდმა ქუთაისის ‘აიას’ 12:0 სძლია, ხოლო ‘ხარებმა’ ქუთაისის მეორე წარმომადგენელს, ‘არესს’ 19:7 აჯობა.

 

მეორე დღეს ფრედ ოთხი თამაში დასრულდა და სამის ბედი არეკნებმა გადაწყვიტა. მე-13 ადგილისთვის მატჩში, ‘ლოკომოტივმა’ და ‘არმიამ’ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (10:10), არეკნები კი უკეთ რკინიგზელებმა შეასრულეს. ‘წიქარა’ არეკნებით ნახევარფინალში დამარცხდა ‘თბილისთან’ (7:7 და 0:2), მე-11 ადგილი კი ‘ბათუმს’ დაუთმო (12:15), ხოლო ‘თბილისმა’ მე-9 ადგილი ;ხულიგანას’ დაუთმო - 0:5.

 

‘ლელომ’ მე-5 ადგილის ნახევარფინალი ‘არესთან’ 5:7 დათმო და მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა, რომლისთვისაც ‘არმაზს’ 24:0 მოუგო. მე-5 ადგილისთვის ქუთაისელებმა იბრძოლეს და ‘აიამ’ მატჩი 17:10 მოიგო.

 

თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში, რუსთავის ‘ხარებმა’ ‘ხვამლს’ არაფერი დაუთმო. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, 3-3 არეკნის შემდეგაც ანგარიში საყაიმო იყო, მერე კი რუსთაველებმა გაიტანეს, ‘ხვამლის’ დარტყმა არაზუსტი იყო და ფინალში ‘ხარები’ გავიდა. მეორე ნახევარფინალში ‘აკადემიამ’ ფოთელებს შანსი არ დაუტოვა - 33:0.

 

მესამე ადგილისთვის მატჩში ‘კოლხმა რაინდებმა’ ‘ხვამლს’ პირველ ტაიმში ორი ლელო გაუტანეს და ერთი გარდასახეს. თბილისელებმა მატჩის მიწურულს ერთი ლელო-გარდასახვა გაქვითეს, თუმცა ფოთელებმა თავის დაცვა შეძლეს და 12:7 მოგებით საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს.

 

ფინალში ‘აკადემიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ ორი ლელო გაუტანა და 12:0 დაწინაურდა. ‘ხარები’ არ დანებდა, შესვენების შემდეგ ორი ლელო თავადაც გაიტანა და ძირითადი დრო 12:12 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი, 3-წუთიანი ტაიმი, ‘ხარებმა’ გამარჯვების ლელოს გატანა მოახერხა და 19:12 მოგებით და ჩემპიონის ტიტულით გაიხარა.

 

ტურნირის საუკეთესო მელელოვე რუსთაველი ნიკა გომიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ორჯერ გამოიჩინა თავი, მათ შორის გადამწყვეტი ლელოც გაიტანა. საუკეთესო მოთამაშედ ლუკა კობაური დასახელდა, რომელიც მელელოვეთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა. პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცათ.