ექსპერტის სვეტი | საქართველო - ტონგა

26.11.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

ექსპერტის სვეტი - რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი, გია ჭუმბურიძე თიბისი რაგბის სერიებისა და წლის ბოლო ტესტის, საქართველო - ტონგას შეფასებით 

 

დამთავრდა 2018 წლის სანაკრებო სეზონის, თიბისი რაგბის სერიების, ბოლო ტესტი, რომელმაც საკმაოდ არაერთგვაროვანი შეგრძნებები და ამდენად განსჯისა და ანალიზისათვის ბევრი მასალა დაგვიტოვა. პირველი რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ნაკრების თამაშში ნამდვილად იგრძნობა სასიკეთო ტენდენციები, მაგრამ ამავე დროს ძალზე რელიეფურად გამოიკვეთა ის ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორების გარეშე წარმოუდგენელია მაღალ დონეზე წარმატებაზე ოცნებაც კი.

 

მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ყველაფერს. ჯერ ნეგატივზე  ვისაუბროთ:

 

ეროვნული ნაკრების ერთ- ერთი უდიდესი პრობლემა ჩვენის აზრით სათამაშო დისციპლინის ნაკლებობაა. ეს გამოიხატება, ჯარიმებისა (მათ შორის შეტევაში მიღებული) და ყვითელი ბარათების დიდ რაოდენობაში. ამ პრობლემის მოგვარება დიდ ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვს და ამასთანავე საგრძნობლად შეუძლია თამაშის ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდა.

 

ფეხით თამაში -  მხედველობაში გვაქვს ტაქტიკური დარტყმები ღია თამაშში. როგორც ცნობილია ასეთი დარტყმები კოლექტიური ტექნიკის სფეროს განეკუთვნება და მისი წარმატებისათვის მთელი გუნდის შეთანხმებული მოქმედებაა აუცილებელი. მათი მიზანი ან ბურთის პირდაპირი გზით დაბრუნება ან ბურთის ფლობის დროებით დათმობის ხარჯზე ტერიტორიის მოგებაა. ტონგასთან მატჩში 23 ასეთი დარტყმიდან მხოლოდ 10-მა მიაღწია მიზანს, რაც იმას ნიშნავს, რომ  მოწინააღმდეგეს მინიმუმ 13-ჯერ გადავეცით ბურთი და მივეცით სახიფათო კონტრშეტევის წამოწყების საშუალება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ტონგელებმა ზუსტად ამდენივეჯერ  მოიგეს  ბურთი სტატიკური ფაზებიდან (10 აუტი, აქედან ერთი ჩვენი  და 3 შერკინება, აქედან 1 ძალზე არადამაჯერებლად), ნათელი გახდება ზემოთხსენებულ სათამაშო კომპონენტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების აუცილებლობა. ჩვენდა საბედნიეროდ ტონგელებმა სათანადოდ ვერ გამოიყენეს ეს „საჩუქრები“ და ძირითადად ფეხითვე გვიბრუნებდნენ ბურთს (ალბათ ამინდისა და წინა მატჩებში ჩვენი უკანა ხაზის თამაშის გათვალისწინებით). 

 

დაბალი სათამაშო ტემპი - ეს ნაკლი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ზაფხულის ტესტებისას. შეტევაში დაბალი ტემპისა და „წყვეტილი“ დინამიკის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს: შეჯგუფებებიდან ბურთის ნელი გამოსვლა, პასის მიმღები მოთამაშის მიერ ბურთის „ბრტყლად“ და ადგილზე, უძრავ მდგომარეობაში მიღება, ბურთიანი მოთამაშის მიერ ინტერვალის იგნორირება და მცველთან უშუალო ძალისმიერი კონტაქტი და ა.შ.  სამწუხაროდ ჩვენს ნაკრებს ყველა ეს ნაკლი ახასიათებს. რაც შეეხება ტონგასთან თამაშს ისევე, როგორც შემოდგომის დანარჩენ 2 ტესტში, იყო მომენტები, როდესაც ნაკრები ნამდვილად მაღალ ტემპში დინამიურად და მრავალფეროვნად უტევდა (როგორც წესი თამაშში გარდატეხას სწორედ ამის ხარჯზე ვაღწევდით), რაც იმედს გვაძლევს, რომ  ჩვენს ნაკრებს თამაშის ამ კომპონენტის გაუმჯობესების რეალური პოტენციალი გააჩნია.

 

ერთფეროვანი თამაში შერკინებიდან -  უეჭველია, რომ შერკინება საქართველოს ნაკრების უძლიერესი მხარეა, მაგრამ ჩვენის აზრით, მის შესაძლებლობებს მხოლოდ ნაწილობრივ, არასაკმარისად ვიყენებთ. მოწინააღმდეგეზე აშკარა დომინირების პირობებში შერკინება შესაძლოა ძალზე მწვავე და შედეგიანი შეტევის საწყისი კომპონენტი იყოს. ჩვენი ნაკრები კი შერკინებაში საკუთარ უპირატესობას, უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ მოწინააღმდეგის დასაჯარიმებლად იყენებს. რა თქმა უნდა ეს გამართლებული და ზოგ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია, მაგრამ თუ არბიტრი ამ სათამაშო კომპონენტს  ზედმეტად ლოიალურად მსაჯობს (გავიხსენოთ საქართველო-ნამიბია 2015 წ.), შერკინებაში დომინირებას შესაძლოა  საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეს, რადგან 10-იდან 9 შემთხვევაში ასეთი შერკინებიდან „სუფთა“  ბურთი არ გამოდის და ამდენად შეუძლებელია გააზრებული და მწყობრი შეტევის წამოწყება. მსოფლიოს მოწინავე ნაკრები გუნდები შერკინებას სწორედ შეტევისათვის მაქსიმალურდ ხელსაყრელი პირობების შესაქმნელდ იყენებენ  და ჩვენის აზრით, საქართველოს ნაკრებიც სწორედ ამ გზით უნდა წავიდეს. ნაკრებში შერკინების, უმაღლესი კლასის სპეციალისტის მოსვლა  იმედს გვისახავს, რომ ჩვენი შერკინება უახლოეს მომავალში ახალი კუთხით გაიბრწყინებს.

 

რაც შეეხება პოზიტივს:

 

უკანასკნელმა თამაშმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალზე კარგი ახალგაზრდა თაობა  ეზრდება. უეჭველია, რომ  სარაგბო აკადემიებსა და  ახალგაზრდულ ნაკრებებში გაწეული ხანგრძლივი და მიზანმიმართული მუშაობა თავის ნაყოფს იძლევა. ტონგასთან თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თაობათა ცვლის უარყოფითი ეფექტი საქართველოს ნაკრებში თითქმის არ იგრძნობა და ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მხოლოდ აძლიერებენ ჩვენი უპირველესი გუნდის თამაშს.

 

გაცილებით უკეთესი თამაში დერეფანში -  ამ კომპონენტში სასიკეთო ძვრები სამოასთან მატჩის მეორე ტაიმში გამოიკვეთა და ტონგასთან მთელი თამაშის განმავლობაში  ჩანდა. რა თქმა უნდა, ელიტური გუნდების დონემდე ჯერ კიდევ საკმაო მანძილია, განსაკუთრებით სტაბილურობის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენს ნაკრებს ყველა აუცილებელი ადამიანური რესურსი გააჩნია მიზნის მისაღწევად.

 

გაცილებით მრავალფეროვანი და აგრესიული თამაში დაცვაში -  ამ მოსაზრებას შესაძლოა ოპონენტები გამოუჩნდნენ, მაგრამ თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, როდესაც საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე დაცვის მხოლოდ  ერთ, ყველაზე პასიურ ვარიანტს, ე.წ. „ჩარეკვას“ თამაშობდა, პროგრესი თვალში საცემია.

 

გაცილებით უფრო ეფექტური შეტევითი და დაცვითი მოლი -  იყო დრო როდესაც მოლს ირონიულად „მამაპაპურს“ ან „ქართულ ხალხურს“ ვეძახდით, რადგან ნაკრებს ლელოების დიდი უმრავლესობა სწორედ ამ ხერხით გაჰქონდა.  წლევანდელი ტესტების შემდეგ (გავიხსენოთ იტალიასთან თამაში) ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჩვენი ნაკრების ერთ დროს უმთავრესი იარაღი, „დაბლაგვდა“ და ეფექტურობა დაკარგა. ტონგასთან თამაშმა ამ მიმართულებითაც გამოაჩინა სასიკეთო ძვრები როგორც თავდასხმაში ისე დაცვაში.

 

მატჩის ჩანაწერი

 

 

ფოტო-რეპორტაჟი