7-კაცა | ქართულ-სამხრეთ აფრიკული საერთაშორისო ტურნირი მარტყოფში

03.12.18

 

4-5 დეკემბერს მარტყოფის რაგბის სტადიონი 17-წლამდე მორაგბეთა 12-გუნდა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს რაგბი 7-ში.

 

საქართველოს რაგბის კავშირი სამხრეთ აფრიკელებთან წლებია თანამშრომლობს და School Travel and Sport-ის ორგანიზებით, ჩვენს ქვეყანას არაერთი სამხრეთ აფრიკული გუნდი ეწვია. ამჯერად თბილისში 17-წლამდე მორაგბეთა სამი 7-კაცა გუნდი ჩამოდის, რომლებიც ‘ლომების’, ‘მარტორქებისა’ და ‘ლეოპარდების’ სახელით, მარტყოფის საერთაშორისო ტურნირს ითამაშებენ.

 

სამხრეთ აფრიკაში 7-კაცა რაგბი დიდ აღმავლობას განიცდის და მსოფლიო რაგბის სერიის ბოლო ორი წლის გამარჯვებული სწორედ ამ ქვეყნის ნაკრები გახდა. იქ რეგულარულად ტარდება მასობრივი ტურნირები 7-კაცა რაგბში და საქართველოში წამომსვლელი გუნდებიც სამხრეთ აფრიკის სასკოლო ჩემპიონატების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა. სელექციის პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და თბილისში ისეთი მორაგბეებიც მოდიან, რომლებიც უკვე არიან ასაკობრივი პროვინციის ნაკრებების წევრები.

 

7-კაცა რაგბის ტრადიციის მიხედვით, ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თბილისის „მერიის თასზე“ ნაჩვენები შედეგების მიხედვით 7 მოწინავე გუნდი შეირჩა. ერთადერთი, ვინც მათგან მარტყოფში ვერ მოდის ქუთაისის ‘აიაა’ და ის ‘აკადემიამ’ ჩაანაცვლა. ამრიგად, ტურნირში 3 აფრიკულ კრებულთან ერთად ‘ხვამლი’, ‘ლელო-სარასენსი’, ‘კოლხი რაინდები’ (ფოთი), ‘ხარები’ (რუსთავი), ‘ჯიქი’, ‘ლოკომოტივი’ და ‘აკადემია’ ითამაშებენ. მათ ემატება რაგბის ეროვნული აკადემიის ორი გუნდი - ისნის და მუხიანის ფილიალების, რომლის შემადგენლობაში ის გამორჩეული ბიჭებიც ითამაშებენ, რომელთა კლუბები ამ ტურნირზე ვერ მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ „თბილისის თასზე“ მათ მესამე-მეოთხე ადგილები დაიკავეს.

 

გუნდები სამ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 12 საათზე დაიწყება. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი (ჯამში 8 გუნდი), 5 დეკემბერს ფლეი ოფებში თასისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო დანარჩენი ოთხი მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს. ფლეი ოფებიც 12 საათზე იწყება და მატჩები ორივე დღეს პარალელურად, ორ მოედანზე გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოში მე-8 7-კაცა ტურნირი ტარდება, რაც სამომავლოდ ჩვენი 18-წლამდელთა 7-კაცას დაკომპლექტებას გააადვილებს, რადგან თითოეულ კანდიდატს უშულოდ 7-კაცაში 30 თამაში ექნება ჩატარებული და მწვრთნელებიც არჩევანს 7-კაცას სპეციფიკიდან გამომდინარე გააკეთებენ.

 

მსგავსი ტურნირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტურნირის ერერთი ორგანიზატორი ლევან ობოლაძე ამბობს:

 

„ჩვენ ყველა თამაშს ვიღებთ და არაფერი გამოგვრჩება. ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო სასელექციო ტურნირი, რის შემდეგაც შეირჩევა ბირთვი და უკვე მათგან მოხდება 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდის დაკომპლექტება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიჭებს ექნებათ კონკრეტულად 7-კაცა რაგბის თამაშის გამოცდილება და უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე არ მოუწევთ მის სპეციფიკასთან ადაპტირება“.

 

„აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ უცხოურ გუნდებთან თამაში მათ მოუხსნის ერთგვარ კომპლექსს, რაც ევროპის ჩემპიონატზე ასევე წაგვადგება. გარდა იმ ბიჭებისა, რომლებიც 18-წლამდელთა ნაკრებში მოხვდება, კიდევ უამრავი მორაგბე შეიძენს უცხოელებთან თამაშის გამოცდილებას და ეს ზოგადად ქართულ რაგბს წაადგება. ყველა მათგანისთვის უცხოური გუნდების წინააღმდეგ თამაში დამატებითი სტიმულია. სასიხარულოა, რომ მოთამაშეებს შეუყვარდათ 7-კაცა რაგბი და ყველა მსგავსი აქტივობის მიმართ უდიდესი მოლოდინია. ვიმედოვნებთ, რომ 2019 წელიც 7-კაცა ტურნირებით დახუნძლული იქნება“.