კონტინენტის ფარი | ორი ცვლილება ‘კალვიზანოსთან’

14.12.18

©გოგიტა ბუხაიძე

 

თბილისის ‘ლოკომოტივი’ ხვალ, 15 დეკემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, „კონტინენტის ფარის“ მესამე შეხვედრას გამართავს და ‘კალვიზანოს’ სტუმრად დამარცხებით ჯგუფიდან გამსვლელ საგზურთან მიახლოვებას ეცდება.

 

სამგუნდიან ჯგუფში საქართველოს ჩემპიონს მეტოქეებად იტალიური კლუბები ერგო. ტურნირის სადებიუტო მატჩი რკინიგზელებმა „ავჭალაზე“ სწორედ ‘კალვიზანოსთან’ გამართეს და სტუმრებმა 17:6 იმარჯვეს. შეხვედრის მიწურულს რეფერიმ გიორგი გეგიას ლელო ისე გააუქმა, რომ ვიდეო-რეფერი არ მოუთხოვია, არადა მისი ჩათვლით ‘ლოკომოტივი’ ბონუს ქულას მიიღებდა, რასაც, შესაძლოა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოქროს ფასი დაედოს.

 

თბილისელებმა მეორე მატჩი ერთი კვირის წინ რომში, ‘ფიამე ოროსთან’ გამართეს, ლევან ჭავჭავაძის ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი 29:22 იმარჯვეს და რადგან ეს მეოთხე ლელო იყო, ბონუსიც ჩაიწერეს.

 

‘კალვიზანომ’ თბილისში მოგების შემდეგ ‘ფიამე ოროს’ უმასპინძლა, 35:20 დაამარცხა, ბონუსიც ჩაიწერა და „ა“ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. ‘ლოკომოტივი’ მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩება და იმისათვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდეს, ხვალ მეტოქეს აუცილებლად უნდა სძლიოს, თან ისე, რომ მასპინძლებს ბონუსი არ ააღებინოს და საუკეთესო შემთხვევაში დამატებითი პრემია თავად ჩაიწეროს.

 

ეს იმიტომ, რომ მეხუთე ტურში (12 იანვარს) ‘ლოკომოტოვი’ ‘ფიამე ოროს’ თბილისში მასპინძლობს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ რომაელებს ‘კალვიზანო’ ეთამაშება და მათთვის ცნობილი იქნება, რა სხვაობით მოგება დაჭირდებათ თანაბარი ქულების პირობებში, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად.

 

ორ-ორი ცვლილება სასტარტოში და მარქაფაში

 

‘კალვიზანოს’ „პათა სთედიუმზე“ ბონუსით დამარცხება მიუწვდომელი ოცნება სულაც არაა. იტალიის ჩემპიონატში, ტოპ 12-ში, ‘ლოკომოტივის’ მომავალმა მეტოქემ 9 შეხვედრიდან 5 მოიგო და 4-ში დამარცხდა, აქედან ორჯერ საკუთარ მოედანზე. ‘კალვიზანოს’ 6 ოქტომბერს 8:7 მოუგო ‘ფიამე ორომ’, ხოლო 18 ნოემბერს ‘როვიგომ’ 27:20 სძლია.

 

აღსანიშნავია, რომ ‘კალვიზანოს’, ‘ფიამე ოროს’ და ‘როვიგოს’ 29-29 ქულა აქვთ, პირველი დანარჩენებს დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

 

მომავალი თამაშისთვის საქართველოს ჩემპიონის სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. გიგა გაგოშვილის ტრავმის გამო, ზურაბ ძნელაძემ ცენტრში გადაინაცვლა და გიორგი ტალახაძეს შეუწყვილდება, ფრთაზე კი ივანე ხელაია დადგება. ძირითადში დაწინაურდა კვაჭი ლევან ჭავჭავაძე, ირაკლი ქვათაძე კი მარქაფაშია. მარქაფაში ორი ისეთი მორაგბე გამოჩნდა, რომელთაც ‘ფიამე ოროსთან’ არ უთამაშიათ. ესენი არიან თორნიკე ტურაშვილი და გრიგოლ ჩახვაძე.

 

კონტინენტის ფარი. მეოთხე ტური. 15 დეკემბერი. 18 საათი

კალვიზანო (იტალია) - ლოკომოტივი (საქართველო)

 

ხაზი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ივანე ხელაია, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე;

 

შერკინება: 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ლევან ჭავჭავაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

 

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. თორნიკე ტურაშვილი, 21. ლევან დარასელია, 22. გიორგი გედეხაური, 23. გრიგოლ ჩახვაძე.

 

 

კალვიზანო               2          2          0          0          52-26   9

ლოკომოტივი           2          1          0          1          35-39   5

ფიამე ორო                2          0          0          1          42-64   1

 

12 იანვარი

ლოკომოტივი - ფიამე ორო

 

19 იანვარი

ფიამე ორო - კალვიზანო