„გიორგობისთვის“ ღია ტურნირი 12-წლამდე მორაგბეთა შორის

15.12.18

 

საქართველოს რაგბის კავშირისა და წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზამ, 13 დეკემბერს 12-წლამდე მორაგბეთა შორის ღია სასკოლო ტურნირს უმასპინძლა.

 

ეს ტურნირი ტრადიციულია და წელს მე-13-ედ გაიმართა. მასში მონაწილეობა ოთხმა გუნდმა მიიღო: წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის გუნდმა ‘მერანმა’, ‘აკადემიამ’, ‘ყოჩებმა’ და ‘ხულიგანამ’.

 

13 დეკემბერს თბილისში კარგი დარი იყო და ტურნირიც სანახაობრივი და სახალისო გამოვიდა. მონაწილე გუნდებს და 60 ბავშვს სამახსოვრო პრიზები და სიგელები გადაეცათ. ორგანიზატორები ბავშვებს ტკბილეულით და ლიმონათით გაუმასპინძლდნენ, გამარჯვებული კი ‘მერანი’ გახდა, რომელმაც მთავარი პრიზი, თასი ჩაიბარა. ტურნირი ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და სასკოლო რაგბის პროპაგანდას ემსახურება.

 

რაც შეეხება წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის გუნდ ‘მერანს’, ის წელს გაზაფხულზე მეოთხედ იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ნიცას ტურნირში ოთხი ქვეყნის - საფრანგეთის, იტალიის, მონაკოსა და საქართველოს 19 გუნდი იყო წარმოდგენილი.