დიდი 10 | ლოკომოტივი 19:32 ვეფხვები

23.12.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

დიდი 10-ის 2018 წლის დასკვნით მატჩში, დებიუტანტი პატარძეულის ‘ვეფხვები’ მოქმედ ჩემპიონს, თბილისის ‘ლოკომოტივს’ ეწვია და წელი დიდი გამარჯვებით დაასრულა - 32:19.

 

ეს იყო მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა და სტატუსიდან გამომდინარე, რკინიგზელები უპირობო ფავორიტად ითვლებოდნენ, თუმცა გასათვალისწინებელი იყო რამდენიმე ფაქტორი: ‘ლოკომოტივი’ „კონტინენტის ფარზე“, 10-დღიანი და ორმატჩიანი ტურნედან გადაღლილი დაბრუნდებოდა; პატარძეულელებმა ჩემპიონთან თამაშს ჯერ კიდევ პირველ ტურში ღირსეულად გაართვა თავი; ჩემპიონატის პირველი წრის მსვლელობისას ‘ვეფხვებმა’ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დაამტკიცა, იოლად არავის არასდროს დანებდება.

 

რუსთავში გამართულ შეხვედრაშიც კახელებმა გამართული რაგბი ითამაშეს და გამარჯვებაც ღირსეულად მოიპოვეს. ანგარიში ლაშა გურგენიძემ მე-17 წუთზე ჯარიმით გახსნა, თუმცა 23-ე წუთზე დაცვამ მოწყობა დააგვიანა, დაჩი კოპაძემაც რაქიდან შეუტია და ლელო წინააღმდეგობის გარეშე გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახვა შეასრულა. 10 წუთში გურგენიძემ კარის წინიდან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე ‘ლოკომოტივი’ 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 7:6.

 

პირველი ტაიმის მიწურულს ‘ვეფხვებმა’ სინბინით გიორგი ჟღენტი დაკარგა და ‘ლოკომოტივმა’ რიცხობრივი უპირატესობა მეორე ტაიმის დებიუტში გამოიყენა. შეცვლაზე შესულმა ზურაბ ძნელაძემ რაქიდან შეუტია, ხაზი გაჭრა და ოფლოუდით ძელებსშუა წიკლაური შეუშვა, რომელმაც გარდასახვაც გაიტანა. პატარძეულმა მოუმატა და 9 წუთში გურგენიძემ სამი ჯარიმა გაიტანა, ბოლო ცენტრიდან და სტუმრები 15:14 დააწინაურა.

 

თბილისელები ამას არ შეეგუენ და ერთ წუთში ლიდერობა დაიბრუნეს - ლევან გოგოლაშვილის კარგი თამაშის შემდეგ, ლელო ნიკოლოზ ჩიღვინაძემ გაიტანა. მაგრამ მატჩის მიწურულს მეტი ენერგია ‘ვეფხვებს’ შერჩათ და 17 უპასუხო ქულა აიღეს!

 

74-ე წუთზე რეზო ბროძელმა და ვაჟა მამულაშვილმა კარის წინ გაჭრეს ხაზი, რაქის შემდეგ საქმეში ვანო გაბროშვილი ჩაერთო, რომელმაც სიჩქარეში მიიღო ბურთი და ორი მცველის ბოჭვის მიუხედავად ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო გურგენიძემ გარდასახა. ორიოდე წუთში სტუმართა ღერძმა მეტოქის 22-ში კიდევ ერთხელ გაამწვავა თამაში, ბროძელმა ხაზი მამულაშვილს გააჭრევინა და მისმა ლელომ თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. გურგენიძემ გარდასახვის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘პატარძეულს’ სახელოვანი გამარჯვება მოუტანა - 32:19.

 

დიდი 10 ზამთრის, საახალწლო შესვენებაზე გავიდა და თამაშები 25 იანვრიდან განახლდება, თუმცა ეს არ ეხება ‘ლოკომოტივს’, რომელსაც 12 იანვარს „კონტინენტის ფარის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ელის ‘ფიამე ოროსთან’. ეს შეხვედრა 15 საათზე „ავჭალაზე“ დაიწყება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონი ‘ფიამე ოროსა’ და ‘კალვიზანოს’ მატჩის (19 იანვარი) შედეგს დაელოდება.