დიდი 10 | შკინინი, ბენდიაშვილი, ამაშუკელი...

31.12.18

 

დიდი 10-ი გილოცავთ ახალ, 2019 წელს, გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და წარმოგიდგენთ გასული, 2017/2018 წლების სეზონის საუკეთესოებს სხვადასხვა ნომინაციებში.

 

საუკეთესო მოთამაშედ გიორგი (გოშა) შკინინი დასახელდა. 35 წლის ვეტერანმა განვლილი სეზონი მართლაც საუცხოოდ ჩაატარა და თითქმის ყველა მატჩში ლელო გაჰქონდა, რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში კი, აბსოლიტური რეკორდი დაამყარა და 6 ლელო გაიტანა. საბოლოოდ, ის ‘ლოკომოტივთან’ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 23 ლელოთი საუკეთესო მელელოვეთა დავაში პირველობა არავის დაუთმო. მელელოვეთა შორის მეორე იყო ზურაბ ძნელაძე (17 ლელო), რომელიც საუკეთესოთა დავაში სამი ხმით ჩამორჩა შკინინს.

 

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ასევე ჩემპიონი გუნდის, ‘ლოკომოტივის’ დამრიგებელი თემურ ბენდიაშვილი გახდა.

 

საიუბილეო ჩემპიონობა

‘ლოკომოტივმა’ წელს მეათედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ჯილდო 8-წლიანი შესვენების შემდეგ დაიბრუნა. მან რეგულარული გათამაშება ქუთაისის ‘აიასთან’ ერთად პირველ-მეორე ადგილზე დაასრულა. რკინიგზელები ქუთაისელებთან შესარჩევ ფინალში დამარცხდნენ, თუმცა ჯერ გორის ‘ჯიქი’ დაამარცხეს, მერე ‘აიასთან’ სრულფასოვანი რევანში აიღეს და 29:10 მოგებით საიუბილეო ტიტული შემართეს.

 

დიდ 10-ს ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაემშვიდობა და მისი ადგილი პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ დაიკავა, ხოლო გადათამაშებაში ‘არმიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ სძლია და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

 

გასული სეზონის საუკეთესო მექულე ‘ჯიქის’ მგეზავი მამუკა ნინიძე გახდა, რომელმაც კარში დარტყმებით გუნდს 161 ქულა შესძინა, რაც 20-ით მეტია ‘ლელო-სარასენსის’ ფულბეკ, ირაკლი ყიასაშვილის მონაგარზე.

 

გამოკითხვის შედეგად გასული სეზონის წლის ქართველი მსაჯიც გამოვლინდა და ეს პატივი წილად ნიკა ამაშუკელს ერგო.

 

სეზონის სიმბოლური ნაკრები

ტრადიციულად, შედგა დიდი 10-ის სეზონის სიმბოლური ნაკრებიც, სადაც ექვსი მოთამაშე ‘ლოკომოტივიდან’ მოხვდა, ოთხი ფინალისტი ‘აიადან’, სამი ბრინჯაოს პრიზიორ ‘ჯიქიდან’, ხოლო თითო-თითო ‘ბათუმიდან’ და ‘არმაზიდან’.

 

ფულბეკის პოზიციაზე ‘ლოკომოტიველი’ ბექა წიკლაური შეირჩა; ცენტრში ‘არმაზის’ შუამარბი გიორგი კვესელაძე და ‘აიას’ მორაგბე ზურაბ ძნელაძე შეწყვილდნენ; გარემარბებად გიორგი შკინინი და ‘აიას’ ფრთა გიორგი აბრამიძე შეირჩნენ; ღერძად კი ‘ლოკომოტიველი’ გიორგი ბეგაძე და ქუთაისელი გიორგი ბაბუნაშვილი შეწყვილდნენ.

 

პირველ ხაზში ჩემპიონი გუნდიდან ორი მორაგბეა - მარცხენა ბურჯი ვახტანგ ქვათაძე და კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ხოლო მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძეა ‘ბათუმიდან’; მეორე ხაზში ფინალისტი გუნდების წარმომადგენლები არიან - დაჩი კოპაძე (‘ლოკომოტივი’) და გელა შალამბერიძე (‘აია’); მესამე ხაზი სრულად ‘ჯიქის’ მორაგბეებით დაკომპლექტდა - გურამ შენგელია, გიორგი მჭედლიშვილი და ნიკა სუხაშვილი.

 

პ.ს.: ახალი წლიდან საუკეთესოები, ასევე სიმბოლური ნაკრები სეზონის დასრულებისთანავე დასახელდება.