დიდი 10 | ვეფხვები 20:23 არმია

03.02.19

 

ფოტოები: მარიამ გაგნიძე

 

ბახვა კობახიძემ გაწითლებულ დროზე რთული პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა და თბილისის ‘არმიას’ პატარძეულში უშუალო კონკურენტთან, ‘ვეფხვებთან’ 23:20 მოაგებინა.

 

სტუმრებისთვის ამ მოგებას ოქროს ფასი ჰქონდა, რადგან ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ კახელებს ტურის წინ 8 ქულით ჩამორჩებოდნენ და მარცხი პრაქტიკულად გავარდნის ტოლფასი იქნებოდა. მასპინძლებმა ბონუსი აიღეს, რამაც მათ მდევართან 5-ქულიანი ჰანდიკაპი შეუნარჩუნა და ‘არმიას’ მის ჩამოსატოვებლად ერთი მოგება არ ჰყოფნის.

 

 

უშუალო კონკურენტების შეხვედრა დაძაბული, დრამატული და კარგი საყურებელი გამოდგა. მატჩის დებიუტში ლაშა გურგენიძემ ‘ვეფხვები’ ჯარიმით ორჯერ დააწინაურა, ბახვა კობახიძემ ორივეჯერ უპასუხა, ხოლო 24-ე წუთზე არმიელები დააწინაურა.

 

სტუმრები დომინირებდნენ და შესვენებამდე ლელოსთან ორჯერ იყვნენ ახლოს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამ პერიოდში მასპინძლებმა სინბინით ჯერ კვაჭი ლაშა შალიკაშვილი, მერე 9 ნომერი გიორგი კოტორაშვილი დაკარგეს. კობახიძემაც 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა, კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და თბილისელებმა ტაიმი 15:6 მოიგეს.

 

 

მეორე ტაიმიც ‘არმიას’ შეტევებით დაიწყო და ლოგიკური ლელოც გავიდა. სტუმრებმა მეტოქის 22-ში ფრთაზე ჩაათამაშეს ბურთი და ლელო ალამთან კობახიძემ გაიტანა. ‘ვეფხვებმა’ ამის შემდეგღა შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და შეტევაში გადასვლა. თბილისელები თავის დაცვას ახერხებდნენ, თუმცა 66-ე წუთზე მასპინძლებმა კარგად ითამაშეს, გიორგი ჟღენტმა ერთი მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო ძელებთან გაიტანა, ხოლო გურგენიძემ გარდასახა - 13:20.

 

‘ვეფხვებმა’ წნეხი გააძლიერა, ‘არმიამ’ სინბინით გიორგი ქუთათელაძე დაკარგა და პატარძეულელებმა მეტობა 77-ე წუთზე გამოიყენეს. ლელო კვლავ ჟღენტის ანგარიშზე იყო, ხოლო გურგენიძემ არცთუ იოლი დარტყმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ფრე მასპინძლებს აწყობდათ, თუმცა ‘არმია’ ბოლოს შანსს ჩაებღაუჭა, მარჯვენა ფრთაზე ჯარიმა გამოიმუშავა, კობახიძემ ის ზუსტად შეასრულა და მატჩში სტუმართა ყველა ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა - 23:20.