რაგბი ევროპა | ბილეთები ონლაინ იყიდება

05.02.19

© გოგიტა ბუხაიძე

 

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ბილეთების ონლაინ გაყიდვა 17 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“ ესპანეთთან (18 საათზე) და 10 მარტს ქუთაისში გერმანიასთან (16 საათზე) გასამართი საშინაო მატჩებისთვის, მისამართზე -  www.TKT.GE/Rugby

 

მანამდე ჩვენი გუნდი 9 თებერვალს კლუჟში, რუმინეთის ნაკრებს საქართველოს დროით 16 საათზე შეხვდება და ეს თამაში ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება. მატჩში გათამაშდება ტრადიციული, ამ ნაკრებებს შორის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“, რომელიც ამჟამად ბორჯღალოსნების მფლობელობაშია.

 

რაც შეეხება დანარჩენ გასვლით შეხვედრებს, ბელგიას 2 მარტს ბრიუსელში 18 საათზე ვერკინებით, ხოლო რაგბი ევროპას 17 მარტს კრასნოდარში, რუსეთთან ჯახით ვასრულებთ (16 საათზე).

 

© გოგიტა ბუხაიძე

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ხელმძღვანელი

 

2019 წლის სეზონის გახსნას, სრკ-ს მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და მის დასაწყისში ჟურნალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მაკა კვარაცხელია წარუდგინა:

 

„მინდა წარმოგიდგინოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მაკა კვარაცხელია, რომელიც ჩვენს გუნდში ახალი მოთამაშეა და მომავალში მასთან გექნებათ კომუნიკაცია. ჩვენ გვჭირდებოდა გაფართოება, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასთან დაკავშირებით, წელს უფრო დატვირთული და რთული წელიწადი გვექნება“.

 

 

მომცრო სტადიონებზე ობიექტური მიზეზით

 

რაგბი ევროპასთან დაკავშირებით ხარატმა განაცხადა, რომ საშინაო მატჩების ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დაწყებულია და „ავჭალაზე“ ესპანეთთან მატჩის ბილეთები 15, ხოლო ქუთაისში გერმანიასთან შეხვედრის 10 ლარი ეღირება. მან ის მიზეზიც ახსნა, რის გამოც ეს თამაშები შედარებით მომცრო ტევადობის სტადიონებზე ჩატარდება:

 

„ავჭალაზე“ 3 ათასამდე გულშემატკივარი ეტევა, ხოლო ქუთაისში შეხვედრას უფრო მეტი ქომაგი იხილავს - 4800. „მიხეილ მესხის“ სტადიონის მინდვრის საფარს რეაბილიტაცია უტარდება და ამ ეტაპზე იქ თამაშის ჩატარება შეუძლებელია, რის გამოც არჩევანის გარეშე დავრჩით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისში თამაშების ჩატარება საკმაოდ  მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ იცის ამ ქალაქის სარაგბო ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ და ის ფაქტობრივად მეორე სარაგბო ცენტრია“.

 

რაგბის ევროპის ჩემპიონატის საშინაო მატჩების შესახებ სიახლეებს გაეცანით ღონისძიებების გვერდებზე:

საქართველო - ესპანეთი | 17 თებერვალი | ავჭალა

საქართველო - გერმანია | 10 მარტი | აია არენა, ქუთაისი