რაგბი ევროპა | წინასამატჩო პრესკონფერენცია

09.03.19

© გოგიტა ბუხაიძე

 

ხვალ 16 საათზე, ქუთაისში გერმანიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „აია არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

 

მილთონ ჰეიგმა წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის, როგორც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

„ამ კამპანიაზე ძალიან დიდი ფოკუსირება ხდება, რადგან ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება. გვსურს მაქსიმალურად გამოვცადოთ მოთამაშეები, ვნახოთ ყველა ის სიღრმეები, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება და იაპონიაში გასამართ ტურნირს შესაბამის კონდინციაში შევხვდეთ“.

 

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაშის ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

 

„ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ხიბლს ის მატებს, რომ გერმანიას ქუთაისში ვმასპინძლობთ. ამ ქალაქში რაგბს წლებია ფეხი მყარად აქვს მოკიდებული, რამდენიმე გუნდი ყავს, რომლებიც წარმატებით თამაშობენ შიდა ჩემპიონატებში და ქუთაისელი გულშემატკივარი საერთაშორისო რაგბს იმსახურებს. და როდესაც მაყურებლისთვის თამაში ასე მნიშვნელოვანია, ის ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება“.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გუნდები განსხვავებულ პოზიციებში ხვდებიან. ბორჯღალოსნებმა სამივე თამაში მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან ბონუსით, 46:6. შედეგად, ჩვენი გუნდი 13 ქულით პირველ ადგილზეა.

 

გერმანია ბელგიასთან ბრიუსელში 22:29 დამარცხდა და მცირედი მარცხისთვის ბონუსს დასჯერდა, ბოტოშანში რუმინეთთან 10:38 წააგო, ხოლო გასულ ტურში ჰაიდებერგში რუსეთი მიიღო და ბონუსამდე ქულა დააკლდა - 18:26. ჯამში გერმანიას ერთი სატურნირო ქულა აქვს და ბოლო, მე-6 ადგილზეა.