„ჯიმშერი“ რაგბის კავშირის პარტნიორია

13.03.19

© გოგიტა ბუხაიძე

 

პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ საქართველოს რაგბის კავშირის კიდევ ერთი პარტნიორი გახდა.

 

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და „ჯიმშერის“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ შეთანხმებას ხელი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე მოაწერეს. ოფიციალურ ცერემონიას ბორჯღალოსნებიც ესწრებოდნენ, რომლებიც რუსეთთან გასამართი რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადებიან.

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენს მრავალრიცხოვან მეგობრებს კიდევ ერთი ქართული კომპანია „ჯიმშერი“ შეემატა, თავისი შესანიშნავი პროდუქტით, პირველი ქართული ვისკით. მოხარული და ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენი მეგობრების რაოდენობა იზრდება, რაც კიდევ უფრო გვაძლიერებს და დარწმუნებული ვარ ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან სხვა კომპანიებიც შემოგვიერთდებიან. დიდი მადლობა ჯიმშერ ჩხაიძეს, იმისათვის, რომ თავისი პროდუქტით შემოუერთდა ჩვენს დიდ ოჯახს“ - თქვა გოჩა სვანიძემ.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ რაგბთან მეგობრობა. მე ყოფილი მორაგბე და სპორტის ამ სახეობის დიდი ქომაგი ვარ. წელს მსოფლიო თასი გველოდება, მინდა გამარჯვებები გისურვოთ და ეს გამარჯვებები ერთად ავღნიშნოთ პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერით“. მთელი საქართველო ელოდება 17 მარტის თამაშს, თქვენს გვერდით გვიგულეთ და დიდი სხვაობით მოგებით გაგვახარეთ“ - განაცხადა ჯიმშერ ჩხაიძემ.

 

შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, რაგბის კავშირმა „ჯიმშერის“ დამფუძნებელს ბორჯღალოსნების ხელმოწერებით დამშვენებული სათამაშო კვართი და რაგბის ბურთი გადასცა.