მორაგბეთა ასოციაციასა და „ეიჩარს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

11.04.19

© გოგიტა ბუხაიძე

 

საქართველოს მორაგბეთა ასოციაციასა და დასაქმების სააგენტო „ეიჩარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

შეთანხმებას ხელი ასოციაციის პრეზიდენტმა ლექსო იორდანიშვილმა და დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიკნაძემ მოაწერეს.

 

მემორანდუმი ყოფილი თუ მოქმედი, ასოციაციის წევრი მორაგბეების გადამზადებასა და დასაქმებას ითვალისწინებს.

 

ლექსო იორდანიშვილი: „მემორანდუმის თანახმად, მორაგბეთა ასოციაციის წევრი სპორტსმენები, თავიანთი მონაცემებით წარდგენილი იქნებიან „ეიჩარში“, რომელიც იზრუნებს მათ გადამზადებასა და დასაქმებაზე სხვადასხვა განხრით. ამ სააგენტოს 1000-ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მათ სპორტში წარმატებული ადამიანების რესურსი შევთავაზოთ, რომლებიც სოციუმშიც წარმატებულები გახდებიან. დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობით ორივე მხარე მოგებული დარჩება“.

 

იორდანიშვილმა დააზუსტა, რომ გადამზადება შესაძლოა მოქმედმა მორაგბეებმაც გაიარონ და სპორტული კარიერის დასრულების, ან მისი მიმდინარეობის პერიოდში მოხდეს მათი დასაქმება.

 

 

გიორგი კიკნაძე: „ჩვენი მიზანია შეიცვალოს წარმოდგენა და შეხედულება, რომ სპორტსმენების წარმატება მათი კარიერის დასრულებასთან ერთად სრულდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილი მორაგბეობა არის გარკვეული უპირატესობა, რადგან ამ ადამიანებს გააჩნიათ ისეთი თვისებები, როგორიცაა გუნდურობა, თავდაჯერებულობა, მიზნისკენ სწრაფვა და ეს კომპონენტები ნებისმიერი დამსაქმებლისთვისაც მნიშვნელოვანია. დასაქმების სააგენტოს სახელით მინდა დაგარწმუნოთ, რომ გამოვიყენებთ ყველა რესურს და ყველა არხს, რათა ხელი შევუწყოთ მორაგბეების დასაქმებას“.

 

„ჩვენ 100-ობით კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. წარსული ყველა მსხვილ კომპანიასთან გვაკავშირებს და არაერთხელ მიგვიღია მონაწილეობა მათი კადრების დაკომპლექტებაში. შესაბამისად, ამ კომპანიებთან ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებით და გვაქვს შესაძლებლობა, მათ მოთხოვნის შესაბამისად ყოფილი თუ მოქმედი მორაგბეები შევთავაზოთ“.

 

ნონო ანდღულაძე (მორაგბეთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი): „ძალიან კარგი ინიციატივაა და მადლობას ვუხდი „ეიჩარს“ თანამშრომლობისთვის. მრავლად არიან მორაგბეები, რომელთაც უკვე დამთავრებული აქვთ უმაღლესი სასწავლებლები, გააჩნიათ პროფესიები, თუმცა ამ ეტაპზე რაგბის თამაში არჩიეს. მათთვის ცოდნისა და გამოცდილების განახლება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სპორტული კარიერის დასასრულის მოახლოვებასთან ერთად, რათა მარტივად შეძლონ დასაქმება და ცხოვრების გაგრძელება“.