ბორჯღალოსნები | გამარჯვება 12 წუთში

28.08.19

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მოსამზადებელ მატჩში, სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზს ‘საუზერნ კინგსს’ თამაში დასკვნით წუთებში შემოუტრიალეს, სამი ლელო გაუტანეს და 24:20 დაამარცხეს.

 

მილტონ ჰეიგის შეგირდებს ამ მატჩამდე ბოლო თამაში 5,5 თვის წინ ჰქონდათ გამართული, მოსამზადებელი ეტაპის პირველი ორი ბლოკი კი, უმთავრესად ფიზმომზადებას ემსახურებოდა. გუნდი სულ ახლახანს გადავიდა ბურთით ვარჯიშზე, ტექნიკური და ტაქტიკური ნიუანსების დახვეწაზე და ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენს თამაშში გარკვეული ხარვეზები იქნებოდა.

 

მოლოდინი გამართლდა და მთელი მატჩის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ბორჯღალოსნების თამაშში წუნი მრავლად შეინიშნებოდა, რითაც კარგად ისარგებლა ‘კინგსმა’ და მეორე ტაიმის დასაწყისში 15 ქულით დაწინაურდა - 20:5. სასიხარულოა, რომ დასკვნით წუთებში საქართველოს ნაკრებმა მობილიზება შეძლო, 19 უპასუხო ქულის აღება მოახერხა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი პლიუსი ჩაიწერა.

 

‘კინგსმა’ შეცდომები არ გვაპატია

საწყის წუთებში გამოჩნდა, რომ მორაგბეებს დიდი ხნის განმავლობაში ბურთთან კონტაქტი არ ჰქონდათ. შეუთამაშებლობის ფონზე ხშირი იყო არაზუსტი პასები და ბურთის ვარდნა, დავთმეთ რამდენიმე საკუთარი დერეფანი და შეცდომები დავუშვით ფეხით თამაშისას.

 

 

ამის ფონზე ‘კინგსი’ ჯარიმით დებიუტშივე დაწინაურდა, მერე დერეფნიდან ბურთი გაშალა და სამი ფაზის შემდეგ, ალამთან ლელო გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დაშავდა და მოედნის მე-7 წუთზე დატოვება მოუწია გიორგი ცუცქირიძეს. მას ფეხი დაუზიანდა და გამოკვლევაზე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ტრავმის სიმძიმის შესახებ კი, ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

 

მე-15 წუთზე ბორჯღალოსნებმა პირველი, ლამაზი საპასუხო ლელო გაიტანეს: დერეფნის მოგების შემდეგ, გიორგი ბეგაძემ ფეხით გადაკიდა ბურთი და ის ლაშა ლომიძემ მოხსნა, რომელმაც რამდენიმე მეტრით წინ წაიწია. რაქის შემდეგ, დაახლოებით 45 მეტრიდან ფეხით ლაშა ხმალაძემ ითამაშა და ოვალი მარცხენა ალმისკენ გადაკიდა, ბურთი მცველისთვის უხერხულად ახტა და ის ლელოში გიორგი აფციაურმა დაამიწა, რომელიც სათამაშო ეპიზოდს ბოლომდე მიყვა.

 

გარდასახვა არაზუსტი იყო და აფრიკელებმა 22-ე წუთზე ასევე ფეხით თამაშის შემდეგ, მეორე ლელო გაიტანეს - ბუატანგმა მირიან მოდებაძეს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და ლელოში ბურთიანად დაეშვა. რთული პოზიციიდან გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო.

 

ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე მიუახლოვდა მეტოქის ლელოს, მაგრამ აფრიკელებმა თავის დაცვა მოახერხეს. შესვენების შემდეგ თამაშში სათადარიგო მორაგბეები ჩაერთვნენ, თუმცა ქულები პირველებმა კვლავ სტუმრებმა აიღეს და 48-ე წუთზე გატანილი ჯარიმით, 20:5 დაწინაურდნენ.

 

 

სამი ლელო 10 წუთში

ამის შემდეგ ბორჯღალოსნებმა ნელ-ნელა თამაში დაალაგეს, ტემპი გაზარდეს და საბოლოოდ მეტოქის დაცვა გატეხეს. ეს პირველად 67-ე წუთზე მოხდა, როდესაც ‘კინგსმა’ საკუთარი 22-იდან სცადა ბურთის ხელით წამოღება, მაგრამ დაკარგა და ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ, გიორგი მელიქიძემ ლელოს ხაზი გადაკვეთა.

 

გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 73-ე წუთზე სხვაობა ერთბაშად 7 ქულით შემცირდა. ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს, ღერძის შეცვლის შემდეგ მოლი ლელოში აუცილებლად შევიდოდა, მაგრამ მცველებმა ის წესების დარღვევით ჩააქციეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.

 

სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, ტრიბუნები ახმაურდა, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ გამოჭრეს ხაზი და ჯარიმის შემდეგ ბურთი აუტში, 5-მეტრიან წყვეტილთან გადაგზავნეს. მოლის შემდეგ ბურთი ხაზში გაიშალა, მოდებაძეს ლელომდე დაახლოებით 1 მეტრი დააკლდა, თუმცა იქვე გაჩნდა შალვა სუთიაშვილი და რაქიდან ბურთი ლელოში გადადო, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახვით ანგარიში 24:20 გახადა.

 

 

‘საუზერნ კინგსს’ ბოლო შეტევა დარჩა, ბურთი მოიპოვა და სახიფათოდაც შეუტია, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა წითელ ზოლში თავის დაცვა მოახერხა და შოტლანდიის ნაკრებს გამარჯვებული ხვდება.

 

„თქვენი გუნდი და გულშემატკივარი პრო 14-ს დაამშვენებდა“

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ‘საუზერნ კინგსის’ მთავარი მწვრთნელი რობერტ კემპსონი თამაშით კმაყოფილი ჩანდა. მან აღნიშნა, რომ გუნდმა საჭირო გამოცდილება შეიძინა. მწვრთნელს ეთანხმება გუნდის კაპიტანი სტეფან ანხერერიც და ორივე ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ფრანჩაიზი პრო 14-ს დაამშვენებდა.

 

რობერტ კემპსონი: ეს ზუსტად ისეთი თამაში იყო, რისი მოლოდინიც გვქონდა და რაც ასე ძალიან გვჭირდებოდა, განსაკუთრებით სტატიკაში და მას შემდეგ, რაც მოედანზე საქართველოს ნაკრების „პირველი ნომრები“ შემოვიდნენ. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეორე ტაიმში მცირედ იმედგაცრუებას ჰქონდა ადგილი. ის გამოცდილება, რაც დღეს მივიღეთ, ჩვენთვის ფასდაუდებელია“.

 

მე ‘ალსტერში’ ვთამაშობდი, პრო 14 მაშინაც ძალიან რთული ჩემპიონატი იყო და ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რამე. იქ ძალიან ბევრი კლუბია, რომლის შემადგენლობაში 12-13 სანაკრებო მორაგბე თამაშობს. იმის გათვალისწინებით, ვის წინააღმდეგაც დღეს ვითამაშეთ, მიმაჩნია, რომ საქართველოს ფრანჩაიზი ამ ჩემპიონატში კონკურენტუნარიანი იქნება და მისი მონაწილეობით არა მხოლოდ თქვენ, არამედ თავად ეს ჩემპიონატიც იხეირებს“.

 

სტეფან ანხერერი: „ნებისმიერი მორაგბისთვის მნიშვნელოვანია ტოპ გუნდში, ან ჩემპიონატში თამაში. ქართული გუნდი პრო 14-ში ანგარიშგასაწევი და კონკურენტუნარიანი იქნებოდა, ქართველი გულშემატკივარი კი მას კიდევ უფრო მეტ ხიბლს შემატებდა. პირადად მე, კონკრეტულად ამ თამაშიდან, პირველი ტაიმის აღზევებიდან და მეორე ტაიმის მარცხიდან, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“.

 

„პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მნიშვნელოვანი ქულები დავაგროვეთ. მეორე ტაიმში, როდესაც მოედანზე გამოცდილი მორაგბეები შემოვიდნენ, თამაშის ხასიათი შეიცვალა - მოიმატა სისწრაფემ, სიზუსტემ, საშემსრულებლო ოსტატობამ და ეს შედეგზეც აისახა“.

 

 

უკეთ მომზადებული

ბორჯღალოსანთა თავკაცი მილტონ ჰეიგი და ვეტერანი მორაგბე დავით კაჭარავა ხარისხით უკმაყოფილო იყვნენ, მაგრამ ხაზს უსვამენ მზადების სპეციფიკას, რომელიც აქამდე ჰქონდათ და ამბობენ, რომ მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან. 

 

მილტონ ჰეიგი: „ცუცქირიძე საავადმყოფოშია, სკანირება გაიარა და მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას 2-3 საათის შემდეგ გავიგებთ. მერაბი ნორმალურად დადის და მისი სკანირება ხვალ მოხდება. ექიმები ახლა უფრო იმედიანად არიან, ვიდრე თავიდან იყვნენ. არ ღირდა გარისკვად და ამის გამო შევცვალეთ ჩილაჩავა“.

 

„ჩვენი მზადების წლევანდელ პროცესს 4 წლის წინანდელს თუ შევადარებთ, ვფიქრობ ნებისმიერი მორაგბეც დამეთანხმება, რომ დაახლოებით 50%-ით წინ ვართ მაშინდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში - ფიზიკურად, მენტალურად თუ სხვა კუთხით. ამ კონკრეტულ თამაშს თუ შევხედავთ, ვაგებდით 15 ქულით, მეტოქემ კუნთები დაგვანახა, გაგვიძალიანდა, თუცა დასკვნით 12 წუთში მისი ბედი შემოვატრიალეთ, რაც ასევე ჩვენს კარგ მომზადებაზე მეტყველებს. პირველი შეხვედრისთვის კმაყოფილი ვარ, თუმცა არ ვამბობ, რომ კარგად ვითამაშეთ და წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი“.

 

„შოტლანდიასთან ვეცდებით ვაჩვენოთ ის თამაში, რისთვისაც ვემზადებით. შემადგენობაში რა თქმა უნდა რამდენიმე ცვლილება იქნება, რაც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი. ჩვენ ვთქვით, რომ პირველ ორ შეხვედრაში ყველა მიიღებდა შანსს. ხვალინდელ დღეს ჩვენი თამაშის შესწავლას დავუთმობთ, ხუთშაბათს კი ვარჯიშები განახლდება და მოვემზადებით შოტლანდიისთვის“.

 

„იმედი გვაქვს, რომ შოტლანდიასთან სათამაშო ტემპს ავყვებით, სწორედ ამისთვის ვემზადებოდით ამდენ ხანს. ჩვენს მონაცემებს თუ შეხედავთ, ზუსტად ისეთი შედეგები გვაქვს, როგორც ამ სიტუაციაში პირველი დონის ქვეყნებს აქვთ. როდესაც შოტლანდია მოუმატებს ტემპს, ამისთვის ჩვენც მზად ვიქნებით“.

 

 

დავით კაჭარავა: „ვფიქრობ, შეგვეძლო ისეთი ხარისხიანი თამაში თავიდანვე გვეჩვენებინა, როგორიც დასკვნით წუთებში გვქონდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნაკრებს მარტის შემდეგ არ უთამაშია. გავიარეთ 2-თვიანი შეკრება, სადაც ვარჯიშების 90% ფიზმომზადებას ეთმობოდა. ვემზადებოდით იმისთვის, რაც მსოფლიო თასზე გველოდება. თამაშის ხარისხით ჩვენც უკმაყოფილოები ვართ, მეტს მოველოდით, მაგრამ გრძნობა ყველას ისეთი ჰქონდა, რომ არ დავღლილვართ და ეს სწორედ ფიზმომზადების შედეგია. დაღლის კუთხით საშუალო დონემდეც არ მივსულვართ, უთამაშებლობას კი ამ და მომდევნო ორი მატჩის ხარჯზე გამოვასწორებთ და მსოფლიო თასზე ვიქნებით უმაღლეს დონეზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სათამაშო კუთხით“.

 

„ბოლო ლელოს გატანის შემდეგ, მსაჯმა გვითხრა, რომ თამაში დამთავრდა, თუმცა გარდასახვის შესრულების შემდეგ თქვა, რომ ერთი წუთი იყო დარჩენილი. რა თქმა უნდა ეს შეცდომები ჩვენი ბრალი იყო, მაგრამ სწორედ ეს თამაშებია ის საფეხური, რომელიც დაგვეხმარება უფრო მაღლა ასვლაში. ეს შეცდომები ძალიან ცუდია, მაგრამ მათ გარეშე გუნდი ვერ განვითარდება. მთელი მოსამზადებელი პერიოდი რაგბის გამვითარებისთვის რომ დაგვეთმო, სხვა კომპონენტებში მოვიკოჭლებდით. ახლა სწორედ იმ სტადიაზე ვართ, როდესაც რაგბი უნდა განვავითაროთ“.

 

27 აგვისტო

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი

საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

 

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

 

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.