მეთიუ ტეილორი: „დიდი ჯაფა დაგვადგება“

30.08.19

©  გოგიტა ბუხაიძე

 

შოტლანდიის ნაკრები ხვალ საღამოს (20 საათი), ბორჯღალოსნებთან „დინამო არენაზე“ გასამართი მატჩისთვის ემზადება და ქვეყნის ცენტრალურ არენაზე ერთსაათიანი კაპიტნის ვარჯიში გამართა.

 

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სტუმართა დაცვის მწვრთნელმა მეთიუ ტეილორმა მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფორვარდების სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაცვაში თამაშს დიდ ყურადღებას დაუთმობს:

 

„ჩვენთვის დიდი გამოწვევაა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ვიცით, რომ გყავთ მძიმე და ამავდროულად, სწრაფი ფორვარდები. ამ მხრივ ნამდვილად დიდი ჯაფა დაგვადგება“.

 

„საფრანგეთთან გამართულ პირველ ტესტ-მატჩში ფიზიკურად არ ვიყავით მზად და არც განწყობა გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქე თამაშობდა და ჩვენ ვუყურებდით. ამ მხრივ „მარიფილდზე“ უკეთ გამოვიყურებოდით და ამ კომპონენტს ხვალინდელ მატჩშიც დიდ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან ქართველი მორაგბეები თამაშში დიდ ენერგიას და ემოციას დებენ“.

 

„საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და არ აქვს მნიშვნელობა ხვალ ის მოიგებს თუ ჩვენ, აუცილებლად იმსახურებს ექვს ერში თამაშს“.

 

 

გუნდის კაპიტანი სტიუარტ მაკინალი ელის, რომ ხვალ „დინამო არენას“ ტრიბუნები პირთამდე შეივსება და ხმაურიან გარემოში მოუწევს თამაში:

 

„ნებისმიერი მორაგბისთვის, შინ თუ გარეთ, სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში სასიამოვნა. ვიმყოფებით ძალიან კარგ ქალაქში, მშვენიერ სტადიონზე და ვიცით, რომ ხვალ საქართველოს საკმაოდ ხმაურიანი მხარდაჭერა ექნება, ჩვენ კი ფოკუსირებას ჩვენს თამაშზე მოვახდენთ“.

 

„წარმოუდგენელია ქართველი ფორვარდების მიმართ პატივისცემა არ გქონდეს, რადგან თქვენი შერკინება ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს სარაგბო სამყაროში. ვიცით, რომ ჩვენს წინააღმდეგ მთელს ძალას გამოიყენებენ, თუმცა ჩვენი საქმე ისაა, რომ მათი შეჩერება მოვახერხოთ და ამ კუთხით ძალიან საინტერესო თამაში გველოდება“.