ბორჯღალოსნები | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

07.09.19

© ლევან ვერძეული

 

2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნებმა ედინბურგში, სარაგბო არენა „მარიფილდზე“ ბოლო რეპეტიცია გაიარეს და შოტლანდიასთან დასკვნით წუთებამდე თამაშში დარჩნენ.

 

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს მსოფლიო თასზე და წელს პირველად, მოსამზადებელ ეტაპზე ტიერ1-ის გუნდთან ითამაშა, თანაც ორჯერ. 2015 წლამდე ჩვენს გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ მეორეხარისხოვან ფრანგულ კლუბებთან უწევდა თამაში, ოთხი წლის წინ კი გასახურებელი მატჩები იაპონიისა და კანადის ნაკრებებთან გამართა.

 

ამჯერად მთავარ ტურნირზე გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა ჯერ სამხრეთ აფრიკულ ‘საუზერნ კინგსთან’ მოსინჯეს ძალები, მერე კი ორჯერ ეთამაშნენ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს და აქედანვე აუღეს ალღო იმ სათამაშო რითმს, რაც იაპონიაში ელით.

 

თითქმის თანაბარი სტატისტიკა

თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ბორჯღალოსნები „მარიფილდზე“ თავიდანვე მობილიზებული გავიდნენ და მეტოქეს დიდი უპირატესობის დებიუტშივე მოპოვების საშუალება არ მისცეს. შეცდომები ამჯერადაც იყო, თუმცა არა ისეთი, როგორიც „დინამო არენაზე“. გუნდს ორჯერ ჰქონდა ლელოს გატანის რეალური შანსი, ერთხელ მეტოქის დერეფანი მოიგო, ერთხელაც დერეფნის შემდეგ მოლში მოიპოვა ბურთი და ტაიმიც მინიმალური სხვაობით დათმო - 9:10.

 

 

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბურთის ფლობა მეტოქის სასარგებლოდ იყო 54%-46%-ზე, ხოლო ტერიტორიას ქართველები ფლობდნენ - 53%-47%-ზე; მასპინძლებმა ბურთით ხელში 418 მეტრი მოიგეს, ჩვენ - 384; შოტლანდიამ ხაზი სუფთად 10-ჯერ გაჭრა, საქართველომ 7-ჯერ და გაფუჭებული ბოჭვების თანაფარდობა თითქმის იდენტურია - 29/28-ზე, მაგრამ კლასით უკეთესმა მეტოქემ ყველა შეცდომა გამოიყენა და საბოლოოდ 36:9 იმარჯვა.

 

მინიმალური სხვაობა ტაიმის შემდეგ

მატჩის დებიუტში შოტლანდია ორჯერ დაჯარიმდა, რამაც ქართველებს შეტევის საშუალება მისცა და მე-6 წუთზე ლელოს გატანის შანსიც იყო, როდესაც ბექა გიგაშვილმა კონტაქტით ორი მბოჭავი ჩამოიშორა და ხაზი გაჭრა, მაგრამ 5-მეტრიანთან ჯონი გრეიმ შებოჭა და შემტევს ბურთი წინ დააგდებინა. პასუხად მეტოქემ ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშა, მაგრამ თომი სიმორის 5-მეტრიან წყვეტილთან ბურთი დაუვარდა.

 

შოტლანდია თბილისური მატჩის მსგავსად ხშირად თამაშობდა ფეხით, რაშიც ჩვენც ავყევით და სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ლელო მივიღეთ. ბლეარ ქინგჰორნმა, დარსი გრემმა და სემ ჯონსონმა ბურთი სწრაფად გაითამაშეს და ალი პრაისი ლელოში შეუშვეს. საქართველომ ორ წუთში უპასუხა, შოტლანდია სოსო მათიაშვილის ფეხით თამაშის შემდეგ დაჯარიმდა და თედო აბჟანდაძემ 38 მეტრიდან გაიტანა.

 

23-ე წუთზე მასპინძლებმა მაღალ ტემპში კიდევ ერთხელ შემოგვიტიეს, ადამ ჰეისთინგსმა ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე ჩაკიდა, გრემი მათიაშვილმა შებოჭა, მაგრამ მან ბურთის ამოგდება მოასწრო და ქინგჰორნმა მეორე ლელო გაიტანა. მირიან მოდებაძისა და ბექა გორგაძის გარღვევების შემდეგ შოტლანდია დაჯარიმდა და აბჟანდაძე 35 მეტრიდან ზუსტი იყო, 30-ე წუთზე კი, თედომ უკვე 25 მეტრიდან გაიტანა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 9:10.

 

მალე რომენ პუატმა მიხეილ ნარიაშვილი და ზანდერ ფერგიუსონი გაასინბინა, 35-ე წუთზე კი საქართველოს დაწინაურების კარგი შანსი ჰქონდა, მათიაშვილმა ლამაზი მოძრაობებით ხაზი გაჭრა და 5-მეტრიან წყვეტილთან ოფლოუდის ამოგდებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი მცველმა ჩაჭრა და მასპინძლები 100%-იანი ლელოსგან იხსნა.

 

 

კარგი დასაწყისი ცუდი დასასრულით

ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, ორჯერ გაჭრეს ხაზი, მეტოქე წნეხში მოაქციეს და 5 წუთი მათ ნახევარზე გაატარეს, მაგრამ იქიდან უქულოდ დაბრუნდნენ. შოტლანდიამ ბურთი რომ მოიპოვა შეტევის ტემპი ისევ გაზარდა და 49-ე წუთზე სემ ჯონსონმა მესამე ლელო გაიტანა, რასაც ამჯერად ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამავე ეპიზოდში სინბინით დაისაჯა ზურაბ ძნელაძე. აბჟანდაძეს ლელოზე პასუხის გაცემა 53-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ ამჯერად მისი ჯარიმა არაზუსტი იყო.

 

ბორჯღალოსნებმა დასკვნით წუთებში შეცდომებს მოუხშირეს, რაც მეტოქემ არ გვაპატია და 12 წუთში სამი ლელოს გატანა მოახერხა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 36:9.

 

 

ეს თამაში 116-ე იყო დავით კაჭარავასთვის, რომელმაც მერაბ კვირიკაშვილს გადაასწრო და ბორჯღალოსნების კვართით ჩატარებული მატჩების რაოდენობით დაწინაურდა.

 

საქართველოს ნაკრები შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში გაემგზავრება, მანამდე კი შევსებას მიიღებს - 8 სექტემბერს გუნდს ლონდონის აეროპორტში მამუკა გორგოძე შეუერთდება.

 

ნამატჩევს

 

© ლევან ვერძეული

 

ბორჯღალოსანთა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან გამართული მატჩი (9:36) შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ისაა, რაც საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის ესაჭიროება.

 

„ტიერ1-ის გუნდთან ზედიზედ ორი თამაში, მორაგბეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ მეტი ასეთი შესაძლებლობა გვჭირდება, რათა მეტად გავიზარდოთ. თამაშის პირველ ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და ეს ანგარიშზეც აისახა. მიმაჩნია, რომ შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა. უბრალოდ, ისინი გადაწყვეტილებებს ჩვენზე უკეთ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მეტოქის შეტევა ბევრად უკეთესი იყო და ქულებს იღებდა. ეს სწორედ ისაა, რაც მსოფლიო თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა“ - თქვა ჰეიგმა.

 

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს:

 

„გამოცდილებისთვის ეს თამაშები ძალიან კარგი იყო, მაგრამ განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც რეგულარულად ითამაშებს მაღალი დონის გუნდებთან. ნაკრების ის ბიჭები, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იქნება გაუმჯობესება, თუ ისინი კვირიდან კვირამდე მაღალი დონის მატჩებს ჩაატარებენ. ფრანჩაიზის სახით დიდ ტურნირებში მონაწილეობით, ყველა ვითარდება. მაგალითად შოტლანდიელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ, მუდმივად ახერხებდნენ წნეხის შექმნას. ჩვენ ვუტევდით, ფაზებს ვკინძავდით, ამ დროს პატარა შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე კარს უკან ვიდექით გარდასახვის მოლოდინში და იმაზე ვფიქრობდით, რატომ მოხდა ასე“.

 

2019 წლის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნებმა სამი მოსამზადებელი მატჩი გამართეს - პრო 14-ის სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზ ‘საუზერნ კინგსთან’ და ორი შოტლანდიის ნაკრებთან.

 

გუნდი შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში მიდის, სადაც მსოფლიო თასი 20 სექტემბერს დაიწყება, ხოლო ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან გამართავს; 29 სექტემბერს ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ვხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან ჯახით ვასრულებთ.

 

6 სექტემბერი

ედინბურგი. მარიფილდი.

შოტლანდია - საქართველო 36:9

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

 

შერკინება | ფორვარდები

1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.

 

მარქაფა

16. ვანო კარკაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე 21. გელა აფრასიძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი კვესელაძე.